ბს-1401 (2კ-18) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...იმ" 21.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, შპს ,,...ის“ დაჯარიმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 16.12.2016წ. №3129561 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 24.01.2017წ. №22 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...იმ".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,...ის“ დაჯარიმების ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 16.12.2016წ. №3129561 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 24.01.2017წ. №22 ბრძანება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,...ის“ მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ნოემბრის თვის შეტყობინების 2016 წლის პირველ დეკემბერს შესრულების თარიღის და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე წარდგენის გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომება. კერძოდ, იგი დაჯარიმდა 5 000 ლარით დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით დადგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ანიჭებს დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების უფლებამოსილებას, იმ შემთხვევაში თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ. კასატორები მიუთითებენ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლ, 25-ე მუხლებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 14.01.2010წ. №40 ბრძანებით დამტკიცებულ „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ მოთხოვნებზე და აღნიშნავენ, რომ კერძო დაცვითი საქმიანობისთვის დადგენილი საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ერთადერთი სანქცია - ჯარიმა, შესაბამისად დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა მოპასუხის ვალდებულებას შეადგენდა. არასწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედების მცირემნიშვნელობის მქონედ მიჩნევა, ვინაიდან შპს-ს მიერ განხორციელებული ქმედების ასეთად მიჩნევის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევა, ადგილი ექნება თვითნებობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნება აღარ დააჯარიმოს სუბიექტები ვალდებლების შესრულების ვადის გადაცილების გამო. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი. შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებას არ ითვალისწინებს განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები, შესაბამისად სასამართლოს დავა მხოლოდ მითითებული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა გადაეწყვიტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეზე მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, შპს ,,...ის“ მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ნოემბრის თვის შეტყობინების 2016 წლის პირველ დეკემბერს წარდგენის გამო შპს დაჯარიმდა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად 5 000 ლარით. სამართალდარღვევის არსი მდგომარეობდა ვალდებულების 1 დღის დაგვიანებით შესრულებაში. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესის გათვალისწინებით, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ დარღვევა შესაძლებელი იყო მცირემნიშვნელობის მქონედ მიჩნეულიყო. აღნიშნულზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დაჯარიმების თაობაზე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე მითითებით სადავო აქტების ბათილად ცნობის უმართებულობის თაობაზე კასატორების მოსაზრება დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობით მხოლოდ ერთი სანქციის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დადგენას და გათვალისწინებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული მოწესრიგება ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის. მართალია კერძო დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები ცალკე კანონითაა მოწესრიგებული, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემული მოწესრიგება არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული სპეციალურ კანონმდებლობაში. ზოგადი წესი, რომელიც მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევას აწესრიგებს, ვრცელდება ყველა სახის სამართალდარღვევაზე, თუ ისინი სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული (სუსგ 20.12.2019წ. ბს-638-634(2კ-17)). განსახილველ შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესის გათვალისწინებით გადაეწყვიტა დავა.
უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება გადაწყვეტილების ამგვარი ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნის მიუღწევლობის და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაჯარიმების შეუძლებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს მიერ დავა წყდება კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი შეფასების გზით, ამავე საქმეზე გამოვლენილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა არ არის ზოგადი, იგი ეხება განსახილველ შემთხვევას. სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოება (ვალდებულების 1 დღის დაგვიანებით შესრულება) არ გულისხმობს კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ თვითნებობის წახალისებას, მათი მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფის შესაძლებლობის მიცემას.
საკასაციო პალატა იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ კერძო დაცვითი საქმიანობის ეფექტური კონტროლი ემსახურება რიგი კერძო და საჯარო ინტერესის დაცვას. კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელთა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანება. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, შეიმუშაოს კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროს რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის კანონის შესაბამისად წარმართვა (საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. გადაწყვეტილება „შპს ...ი“ და შპს „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. § 51-52). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით კონტროლსდაქვემდებარებულ სუბიექტებს არ ენიჭებათ ვალდებულებათა ვადაგადაცილების უფლებამოსილება, ხოლო მაკონტროლებელ ორგანოს არ ერთმევა ვალდებულებათა დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისას შესაბამისი სანქციის გამოყენების უფლებამოსილება. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, მიეცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, საქმეზე არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს სანქციის შეფარდება ან სანქციისგან განთავისუფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს.კ. 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.10.2018წ. №222105 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი