Facebook Twitter

ბს- 1416 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 21.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 25403.40 ლარის გადახდის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს - შპს „...ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 25403.40 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენა უნდა განხორციელდეს ნორმათა კომპექსური ანალიზის საფუძველზე, პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობის და პრინციპების გათვალისწინებით, ამდენად კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება შპს „...ის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 27.05.2013წ. განხორციელდა შპს „...ის“ შემოწმება. შემოწმება მოიცავდა 2012 წლის 1-ლი ივლისიდან 2013 წლის 1-მდე აპრილამდე საინსპექციო პერიოდს. დაწესებულების ინსპექტირებისას გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები. შპს „...ის“ მიერ საინსპექციო პერიოდში ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას არ არის გათვალისწინებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. N92 დადგენილების მე-11 დანართის 6.1 მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2009წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო განმარტავს პალიატიური მზრუნველობის მიზნებს და ამოცანებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი სახის განსაზღვრებებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2009წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ავადმყოფების სამ ძირითად ჯგუფს, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ წარმოადგენენ: ა) მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი; ბ) ტერმინალურ სტადიაზე მყოფი შიდსით დაავადებულნი; გ) არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში. ამავე ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად, პალიატიური მზრუნველობისათის პაციენტის შესარჩევი კრიტერიუმია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-6 თვისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა აღნიშნული კრიტერიუმების სხვაგვარი განმარტების საშუალებას, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით საინსპექციო პერიოდში შპს „...ის“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: შპს „...ში“ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის, ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში პალიატიურ მომსახურებას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ შესაბამის სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა“; სახელმწიფო პროგამაში 3 შემთხვევაში ჩართულები იყვნენ ისეთი ონკოლოგიური პაციენტები, რომელთა დიაგნოზში გამოტანილი იყო კობოს მე-2 და მე-3 სტადია ან სტადია არ იყო მითითებული; 24 შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების დიაგნოზები და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ ტერმინალურ სტადიაში ან/და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა; სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდების ხანგრძლივობა აჭარბებდა 6 თვეს, ხოლო 7 შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების დიაგნოზები და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ ტერმინალურ სტადიაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პალიატიური მზრუნველობა არის სრულყოფილი, ეფექტური მზრუნველობა პაციენტზე მაშინ, როდესაც დაავადება აღარ ექვემდებარება მკურნალობას, უმთავრესი ხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი პრობლემების კონტროლი. პალიატიური მზრუნველობის მიზანია პაციენტების და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პალიატიური მზრუნველობის პაციენტად პირის მიჩნევისთვის გადამწყვეტი არაა ავთვისებიანი სიმსივნის სტადია, არამედ მნიშვნელოვანია აგრეთვე კლინიკური ჯგუფი, რამდენად აკმაყოფილებს პირი პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა ზოგად მოთხოვნებს. მართალია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2009წ. N157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში აკეთებს აქცენტს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირებზე, მაგრამ ამავე ნორმატიულ აქტში მითითებულია IV კლინიკური ჯგუფის ონკოლოგიურ ავადმყოფებზეც. საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება პირთა კუთვნილება მე-4 კლინიკური ჯგუფისათვის. მე-4 კლინიკური ჯგუფი გულისხმობს პაციენტის იმგვარ მდგომარეობას, როდესაც მის მიმართ ამოწურულია ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების განხორციელების შესაძლებლობა და იგი იმყოფება ინკურაბელურ მდგომარეობაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება პაციენტთა ტერმინალურ სტადიაზე ყოფნა და გაუტკივარების საჭიროება. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომელთა მიმართაც სერვისის მიწოდება აჭარბებს ექვს თვეს, მართალია კანონმდებლობა უთითებს სიცოცხლის ხანგრძლივობის არაუმეტეს 3-6 თვეზე, თუმცა იგი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოშობილი ვარაუდია, რამეთუ შეუძლებელია წინასწარ პირის დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა. კასატორი მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პალიატიურ მომსახურებას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ შესაბამის სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პალიატიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისთვის „ტკივილის მედიცინასა და პალიატიურ მზრუნველობაში“ სუბსპეციალობის მოწმობის ქონა სავალდებულო გახდა 2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებით, ამდენად სააგენტოს მიერ შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობებზე მითითება არ გამომდინარეობს სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.12.2018წ. N35850 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1270.17 ლარის 70%, _ 889.119 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი