Facebook Twitter

ბს- 1460 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…ომ“ 31.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3/2313-17) მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ თ. ბ-ისა და დ. ჯ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 18.10.2016წ. N04/78422 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის სადავო შემთხვვების ანაზღაურების დავალებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.03.2017წ. N04/14428 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

შპს „…ომ“ 14.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3/8449-17) მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გ. თ-ის, ბ. ლ-ის, ს. ვ-ის, მ. ა-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 17.08.2017წ. N04/53335 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის სადავო შემთხვევების ანაზღაურების დავალების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.11.2017წ. N04/72773 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2018წ. განჩინებით ერთ წარმოებად, ერთად განსახილველად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები (N3/2313-17 და N3/8449-17) და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა N3/2313-17 საქმის ნომერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გ. თ-ის, ბ. ლ-ის, ს. ვ-ის, მ. ა-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 17.08.2017წ. N04/53335 გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული შემთხვევები დაექვემდებარა ანაზღაურებას, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.11.2017წ. N04/72773 გადაწყვეტილება, მოსარჩელის მოთხოვნა თ. ბ-ისა და დ. ჯ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 18.10.2016წ. N04/78422 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.03.2017წ. N04/14428 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ოსა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინებით შპს „…ოსა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის თანახმად, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. კასატორი მიუთითებს, რომ მ. ა-ის და გ. თ-ის შემთხვევებში პაციენტები მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით დიაგნოზით 52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი. საერთაშორისო კლასიფიკატორების მიხედვით არ არსებობდა დიაგნოზის სტაციონალიზაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება პაციენტ ბ. ლ-ის შემთხვევას, კასატორი აღნიშნავს, რომ მისი დიაგნოზი იყო 31.9 ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ბ. ლ-ე მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის ის სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. არსებული სამედიცინო შემთხვევის შეფასების ფარგლებში პაციენტ ბ. ლ-ეს არ ჩატარებია გადაუდებელი მოცემულობის სამედიცინო მკურნალობა. პაციენტ ს. ვ-ის შემთხვევაში სახეზე იყო დიაგნოზი 92.2 გასტრო-ინტენსიური სისხლდენა, დაუზუსტებელი. უდავოა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ნაწლავთა მოქმედების დროს. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულ დიაგნოზზე არ იგულისხმება მწვავე ჰემორაგიული გასტრიტი (სისხდენა ყითადან და სწორი ნაწლვიდან). შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2019წ. განჩინებით შპს „…ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს "…ი".

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის დარღვევას - საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იყო იმდენად არასრული, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების საკითხი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება თუ რა გარემოებების და მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიჩნია სასამართლომ ერთ შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურება პროგრამით გათვალისწინებულ ასანაზღაურებელ შემთხვევად, ხოლო მეორე შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი მიიჩნია კანონიერად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტებით სადავო შემთხვევები ერთი და იმავე საფუძვლით არ ანაზღაურდა. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დავის საგნის სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა უზრუნველეყო საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებულია კონკრეტულ შემთხვევაში სსკ-ის 385.2 მუხლის გამოყენების მიზანშეუწონლობა.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოტივაციის პირობებში საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დავის არსებითად გადაწყვეტის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას, ვინაიდან საქმეზე ჯერ არ არსებობს არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთანავე საკასაციო სასამართლო არ არის საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.12.2018წ. N39059 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი