Facebook Twitter

ბს-671 (კ-19) 22 მაისი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს "...მა" 15.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა შპს "...ის" … სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.06.2017წ. N04/35934 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 09.10.2017წ. თემატური შემოწმების N2017/09/10 აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.12.2017წ. N04/75356 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 27.11.2017წ. N27/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს "...ის" 06.11.2017წ. N111005 ადმინისტრაციული საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. განჩინებით შპს "...ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.08.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 27.08.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.10.2017წ. თემატური შემოწმების N2017/09/10 აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 27.11.2017წ. N27/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება, შპს "...ის" 06.11.2017წ. N111005 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ დარღვევებს. შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 151.2 მუხლის მოქმედი რედაქციის მიხედვით კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 კალენდარულ წელს. აღნიშნული ნორმის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადა არ აღემატებოდა შემთხვევის დასრულებიდან 3 კალენდარულ წელს. 5 წლიანი ვადა დადგინდა საქართველოს მთავრობის 26.10.2015წ. N552 დადგენილებით "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველის მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხუთწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე, ხოლო მანამდე ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორი მიუთითებს "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 24.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ უკუძალა არ შეიძლება მიენიჭოს ნორმატიულ აქტს, თუკი იგი ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას. განასხვავებენ ერთმანეთისგან ნამდვილ და არანამდვილ უკუძალას. არანამდვილი უკუძალისას სახეზეა წარსულში დაწყებული და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. შემთხვევის დასრულებიდან 5 კალენდარული წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, ნაცვლად სამისა, შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლება. შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევები 2013 წლის მდგომარეობითაც იწვევდა პასუხისმგებლობას და დაწესებულებას ეკისრებოდა საჯარიმო სანქციები, ე.ი. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის თავიდანვე იყო ცნობილი თუ რა დარღვევების გამო იქნებოდა გამოყენებული სანქციები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ე. საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ. მანია საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ, განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, რომ ჯერ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად, იგი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან. კანონმდებელი ამით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირის სისხლისსამართლებრივი დევნისათვის არ არის საკმარისი ძველი კანონით დადგენილი ვადები.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ დარღვევებს, რომელთა არსებობის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არაერთი ბენეფიციარი და გაეწიათ შესაბამისი მომსახურება, რაც საკმარისი გარემოება აღმოჩნდა მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა ნორმატიული აქტის სავალდებულოობის საკითხს. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილება ნორმატიული აქტია, სადაც გაწერილია რეგისტრაციის წესები და პირობები. თუ ფიზიკურ პირებზე არ არსებობს სათანადოდ შევსებული და გაფორმებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე განმახორციელებლისგან თანხის მოთხოვნა განხორციელდა უსაფუძვლოდ. თანხმობის ფორმების დაცულობით უზრუნველყოფილია ანაზღაურებული თანხების მიზნობრიობის და კანონშესაბამისობის დადასტურება. კასატორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.03.2014წ. N01-19/ნ ბრძანებასა და საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 23-ე, 19.3 მუხლის "გ.ა" და "ზ" ქვეპუქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახეზეა სამედიცინო დაწესებულებისათვის ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს "...ის" … სამედიცინო ცენტრის მიერ წარდგენილი, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 09.10.2017წ. შედგა შემოწმების N2017/09/10 აქტი, რომლის თანახმად შპს "...ის" … სამედიცინო ცენტრში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ძირითად კონტიგენტში (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) დარეგისტრირებული 205 ბენეფიციარის თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი; 145 შემთხვევაში, მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 2861 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 243 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები ვერ იქნა წარმოდგენილი; 623 შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა ხელმოწერა, თარიღი, ან თანხმობის ფორმაზე სხვისი ხელმოწერაა; 113 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში ფიქსირდებოდა არასრულწლოვნის ხელმოწერა; 131 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარების მონაცემები გადასწორებულია; 992 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა მონაცემები; 993 შემთხვევაში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) და მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე დაფიქსირებულია სხვადასხვა პიროვნება; 1065 შემთხვევაში ამბულატრული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით შევსებულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი ბაზაში. შემოწმების აქტის თანახმად შპს "...ის" მიმართ გამოყენებულმა საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგინა 284 377 ლარი და 40 თეთრი, მათ შორის უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 94 983 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა 189 394 ლარი და 40 თეთრი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტარციულ-სამართელბრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ფაქტებზე მითითებით ვერ უზურუნველყოფს თავისი პოზიციის არგუმენტირებულ დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინააღმდეგობრივია გასაჩივრებულ აქტებში კასატორის მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები, კერძოდ N2017/09/10 შემოწმების აქტში თანხის უკან დაბრუნების ნაწილში გამოყენებული სანქციის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 19.3 მუხლის "გ.ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, როდესაც პაციენტი არ არის პროგრამის მონაწილე, მაშინ როდესაც გასაჩივრებულ 27.11.2017წ. N27/11/2017 საოქმო გადაწყვეტილებაში კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ საჯარიმო სანქციების დაკისრების მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებამ პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ უნდა მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორიელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული. ამდენად, კასატორი ერთ შემთხვევაში პროგრამის მოსარგებლეებად არ თვლის იმ პირებს, რომელთაც სადავო შემთხვევებში გაეწიათ შესაბამისი მომსახურება, ხოლო მეორე შემთხვევაში საწინააღმდეგო პოზიციას აყალიბებს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შემოწმებისას გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელთა არსებობის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარების უმეტეს ნაწილს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ იგი თავის პოზიციას ასაბუთებს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით, რაც არ გამომდინარეობს განსახილველი დავის საგნიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს არ დაუსაბუთებია გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები, ამასთანავე შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახითაა ასახული და შესაბამისად არ არის დასაბუთებული, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2019წ. N17432 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი