Facebook Twitter

საქმე Nბს-318(2კ-19) 21 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე); 2. შპს „…ოს“ უფლებამონაცვლე - სს „…ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…ომ“ 2017 წლის 19 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მაისის №04/34057 გადაწყვეტილებისა და შპს „…ოს“ 2017 წლის 6 ივნისის №1034/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №04/63028 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ, პაციენტ ქ. ს-ის სამედიცინო შემთხვევის (№...) ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №04/34057 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ნაწილობრივ, პაციენტ ქ. ს-ის ნაწილში (№...), ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №04/63028 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და შპს „...ომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - სს „...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სს „...მა“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე“).

კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა - სს „...მა“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე“) იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნასა და სააპელაციო საჩივარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით სს „...ის“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „...ის“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე“) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამდენად, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით დაეხმაროს მხარეებს სასურველი შედეგის მიღწევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ და საპირისპირო მხარის წინააღმდეგ სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი და მიუკერძოებელი საქმის განხილვის უფლებას, რამდენადაც ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის შესაბამისად (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული ხარვეზები არსებითი შინაარსისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებების - გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში უფლების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები. ამასთან, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება და ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შემთხვევის არსებობის შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელოს როგორც ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ვადებში, ისე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის - შესაბამისი კოდის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდება. კერძოდ, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.

განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით (დიაგნოზი: ICD10 - K92.2-/-6050003934-/-გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი) ქ. ს-ის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. მართებულია, ქვედა ინსტანციის სასამართლობის მსჯელობა, რომ გასტრო - ინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი, გულისხმობს: სისხლდენას კუჭიდან, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული და სისხლდენას ნაწლავებიდან, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული, ხოლო გასტრო- ინტესტინური სისხლდენაში არ იგულისხმება მწვავე ჰემორაგიული გასტრიტი (K 29.0), სისხლდენა ყითადან და სწორი ნაწლავიდან (K 62.5) და პეპტიკურ წყლულთან ერთად (K25-K28). შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასაციის მიზეზების გაზიარების შესაძლებლობა, რადგან დადგინდა, რომ პაციენტ ქ. ს-ისათვის სწორად იქნა დასმული დიაგნოზი: K92.2 გასტრო - ინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა, გაკეთდა შესაბამისი ანალიზები რაც საჭირო იყო მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სათანადო მკურნალობის დანიშვნის შესახებ. სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა და ადგილი არ ქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

2016 წლის 27 ნოემბრიდან 2016 წლის 4 დეკემბრის ჩათლით ლ. ა-ის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ ლ. ა-ის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ იყო მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ჩარევა: NCSP-/-NGSJ61 ხელოვნური კოდით SUR 1292811, იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1.2-ში მითითებული კოდის: ICD10-S82.1, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. განსახილველ შემთხევაში, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 1.2 დანართში მითითებული კოდი - S82.1 დროს განხორციელებული ჩარევა გადაცემული უნდა იქნეს NGSJ62 კოდით. ამასთან, საგულისხმოა, რომ NGSJ62 ჩარევა არ მოიაზრებს მხოლოდ დიაფიზზე ჩარევას, როდესაც დიაგნოზად - ICD 10 კოდად მითითებულია - 82.1, ხოლო NCSP კოდად (ჩარევად) - NGSJ62. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩარევა განხორციელებულია პროქსიმალურ ბოლოზე, რომელიც მოიცავს, როგორც დიაფიზს ასევე ეპიფიზს და მისი ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მითითებული დადგენილების შესაბამისად. ამგვარად, კასატორის მითითება, რომ ჩარევა განხორციელდა ეპიფიზზე და არა დიაფიზზე არ ქმნიდა ხელოვნური კოდის გამოყენების საფუძველს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „...ის“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე“) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს 05.04.2019წ. №11309 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სს „...ის“ (შპს „...ოს უფლებამონაცვლე“) (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 25.02.2019წ. №838 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე