Facebook Twitter

საქმე Nბს-685(კს-19) 16 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): შპს „...ი“;

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლერბივი აქტის მოქმედების შეჩერება.

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 2019 წლის 25 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსა დმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის N3999801 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დავალება. აგრეთვე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 დეკემბრის N679 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ 2019 წლის 08 იანვრის დაზუსტებული სარჩელით დაზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწტყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 2019 წლის 08 აპრილის დაზუტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ერთ წლიანი ვადის მოქმედების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ერთ წლიანი ვადის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, მისი გამოყენების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული უფლების რეალურ აღდგენას. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას. კერძოდ, მხარე უნდა ითხოვდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კი სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ არ ხდის და არ ითხოვს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №39998012 გადაწყვეტილების ბათილობას, სავარაუდოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული აქტით მხარე თავად აღიჭურვა უფლებით, თუმცა არ ეთანხმება არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ერთ წლიან ვადას და ითხოვს ერთ წლიანი ვადის მოქმედების შეჩერებას. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი არ ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული გარკვეული მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული ნორმა გამოიყენება, სადავო აქტთან მიმართებაში და არა ამ აქტით გადაწყვეტილ საკითხთან დაკავშირებით. მით უფრო, როცა ეს აქტი არ არის სადავოდ გამხდარი. ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „...ის“ ძირითად სასარცელო მოთხოვნას სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის №39998012 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა - ერთწლიანი მოქმედების ვადის გაუქმება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თუ ზემოხსენებული ერთწლიანი ვადის მოქმედება არ შეჩერდება, შპს “...ი“ იძულებული იქნება ხელახლა მიმართოს არქტიტექტურის სამსახურს, რაც, თავისმხრივ, დაკავშირებულია ორი სახის პრობლემასთან - არქტიტექტურის სამსახურის ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ხდება სხვადასხვა განცხადებების მიღება, არ იძლევა ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით სამსახურისათვის მიმართვის შესაძლებლობას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგო იქნება ნებართვის მიღების მიზნით ხელახალი განცხადების წარდგენა, რადგან ობიექტი უკვე აშენებულია და ფუნქციონირებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის ორგვარ შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების რეალიზებას - აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, უფლების დროებითი დაცვა ხორციელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ყველა სხვა სახის სარჩელისათვის - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. აქტის მოქმედება ავტომატურად არ შეჩერდება, იმ შემთხვევაში, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით. მიუხედავად ამისა, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ გამორიცხავს ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სადავო აქტების მოქმედების სასამართლოს მიერ შეჩერების შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის N3999801 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის დავალება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ნაკვეთი ..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე გაიცა წერილობითი დასტური, რომლითაც შენობა-ნაგებობის განთავსების ვადა განისაზღვრა მისი გაცემიდან 1 წლის ვადით. ამდენად, სადავო აქტით აპელანტი აღიჭურვა მოთხოვნილი შენობა-ნაგებობის განთავსების უფლებით. სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს ხსენებული აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება. არამედ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მითითებულ აქტში ცვლილების შეტანის, კერძოდ, ნებართვის ვადის შეზღუდვის გაუქმების დავალებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა, სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N3999801 გადაწყვეტილების ანუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების, არამედ მითითებული აქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის განთავსების ერთ წლიანი ვადის მოქმედების შეჩერების თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი არ ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული კონკრეტული მოქმედების შეჩერებას. მითითებული ნორმა უზრუნველყოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას, იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ამ აქტის ბათილად ცნობა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს არ მოუთხოვია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კონკრეტული ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილითა და 29-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე