გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 149-კოლ 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-სა და დაზარალებულ დ. დ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 15 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. ჩ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 24,137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ა. ჩ. ბრუნდებოდა დაბა ... ბორჯომში, “ოპელის” მარკის “ომეგას” მოდელის ა/მანქანით, რომელსაც მისი მეგობარი ტ.ც. მართავდა. იმავე ა/მანქანაში, უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს, იჯდა მათთან სტუმრად მყოფი, გამოძიებით დაუდგენელი მამაკაცი. დაბა ..., ავტობუსების გაჩერებასთან, მათ შენიშნეს მეზობელი დ. დ., რომელსაც გაუჩერეს ა/მანქანა და წამოიყვანეს ბორჯომის მიმართულებით. მგზავრობის დროს, ა. ჩ-მა ა/მანქანაში უმიზეზოდ დაიწყო ბილწსიტყვაობა, რაზედაც დ. დ-მ მისცა შენიშვნა და მოუწოდა მორიდებოდა მას. აღნიშნული იუკადრისა ა. ჩ-მა, რის გამოც თმაში მოკიდა ხელი დ. დ-ს და თავი მიარტყმევინა ა/მანქანის კარებებს შორის არსებულ საყრდენზე, რის შედეგადაც დ. დეკანოსიძემ დაკარგა გონება. გონს მოეგო ქ. ბორჯომში, ... ქუჩაზე მდებარე რკინიგზის სკოლასთან. რადგან მისი სახლი ტერიტორიულად უკვე გამოვლილი ჰქონდა, დ. დ-მ ტ. ციცვიძეს ჰკითხა, სად მიჰყავდათ იგი. ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მიიყვანდა, ქალაქში სადმე თითო ჭიქა დაელიათ, დამშვიდებულიყო და მოწესრიგებულს მიიყვანდნენ. დ. დ. დათანხმდა მას და შევიდნენ იმავე ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ “ყაზბეგში”. ა. ჩ. დარჩა დარბაზში არსებულ ღუმელთან. ტ. ც., დ. დ. და მათთან მყოფი უცნობი შევიდნენ კუპეში, სადაც სამივემ დალია ნახევარი ლიტრი არაყი. კაფედან გამოსვლის შემდეგ ჩასხდნენ ა/მანქანაში, რომელიც ტ. ც-მ წაიყვანა ახალი უბნის მიმართულებით. დ. დ-ს კითხვაზე, თუ სად მიდიოდნენ, ა. ჩ-მა უპასუხა, რომ ამ უბანში მას ჰქონდა ბინა, საიდანაც აპირებდა რაღაცის აღებას, რის შემდეგაც მას მიიყვანდნენ სახლში. როდესაც ... ქუჩაზე მდებარე ¹1 საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მივიდნენ, ა. ჩ-მა დ. დ-ს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ღამით იგი მის ბინაში უნდა დარჩენილიყო უცნობ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, რაზედაც დ. დ-მ უარი უთხრა და სთხოვა, მიეყვანათ სახლში. საპასუხოდ, ა. ჩ-მა მუშტი ჩაარტყა თავში დ. დ-ს, ტ. ც-სა და უცნობი პირის დახმარებით ძალით გადმოიყვანა ა/მანქანიდან, შეიყვანეს სადარბაზოში, დაუწყეს ხელებითა და ფეხებით ცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. თან შეშინების მიზნით ემუქრებოდნენ პირველ სართულზე მდებარე ხის კარადაში ჩამწყვდევით. ცემის შედეგად დ. დ-მ დაკარგა გონება, რის შემდეგ ტ. ც-ემ, ა. ჩ-მა და მათთან მყოფმა დაუდგენელმა პირმა დ. დ. წაიყვანეს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ა. ჩ-ს საცხოვრებელი ბინისაკენ. მე-4 და მე-5 სართულებს შორის დ. დეკანოსიძე გონს მოეგო, მაგრამ ა. ჩ-მა მუშტი ჩაარტყა თავში, მან კვლავ დაკარგა გონება და ასეთ ვითარებაში შეიყვანეს მის ბინაში. აღნიშნული მოქმედებით, მათ, როგორც ჯგუფმა, ჩაიდინეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი დ. დ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რითაც ხელი შეუწყვეს თანმხლებ, დაუდგენელ პირს გაადვილებოდა დ. დ-ს გაუპატიურება. ა. ჩ-ს ბინაში, როდესაც დ. დეკანოსიძე გონს მოეგო, უცნობი პირი მასთან უკვე ამყარებდა სქესობრივ კავშირს, რის შემდეგაც, მანვე უმწეო მდგომარეობაში მყოფ დ. დ-სთან ძალადობის გამოყენებით იმავე ბინაში არაერთხელ დაამყარა სქესობრივი კავშირი. დანაშაულის ჩადენის ყველა ეტაპზე ა. ჩ-ს, ტ. ც-სა და გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ დაზარალებულ დ. დ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემდეგ ა. ჩ. დაემალა გამოძიებას, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამ პერიოდში მან ქ. თბილისში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმის” ნაყენი, 13 მილიგრამის ოდენობით, გადმოზიდა ბორჯომში და ინახავდა ... მდებარე თავის ბინაში, უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებიდან 2 მილიგრამი მოიხმარა პირადად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო დანარჩენი 11 მილიგრამი კი ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ მის ბინაში, 2003წ. 5 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკის დროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 15 ივლისის განაჩენით ა. ჩ. გამართლდა სსკ-ის 24,137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ა. ჩ-სათვის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (ამავე საქმეზე ბრალდებული ტ. ც. ასევე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო).
მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
დაზარალებული დ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა სასჯელის შემსუბუქება და ა. ჩ-სათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ჩ-მა მხარი დაუჭირა ადვოკატ ზ. გ-ს შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მან აღნიშნა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. რაც შეეხება დ. დეკანოსიძესთან მის დამოკიდებულებას, არის უდანაშაულო და საოლქო სასამართლომ გაამართლა ამ ეპიზოდში.
პალატის სხდომაზე დ. დ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
პროკურორმა რ. ჩ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ დ. დ-ს მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომ თითქოს საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები (კერძოდ: მისივე ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), რომლებიც ადასტურებენ ტ. ც-სა და ა. ჩ-ს ბრალეულობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სავსებით კანონიერად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ტ. ც-სა და ა. ჩ-ს მიმართ სსკ-ის მე-24,137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით ბრალდების ეპიზოდში. სასამართლო კოლეგიამ ა. ჩ-სათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შეუფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
რაც შეეხება ადვოკატ ზ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დამნაშავის წარსული ცხოვრების მახასიათებელი ნიშნები და დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, რომლის შეცვლის არავითარი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სრულიად უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად სარევიზიო წესით სრული მოცულობით შეისწავლა და შეამოწმა საქმე ტ. ც-ს მიმართაც, რომელსაც საკასაციო წესით განაჩენი არ გაუსაჩივრებია, ვინაიდან მის მიმართ სასამართლო კოლეგიამ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო პალატამ ვერ ჰპოვა ტ. ც-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 15 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.