გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 150-აპ 14 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ო. ჩ-სა და ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ თ. ო-ს საკასაციო საჩივრები, რომლითაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის განაჩენში ო. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის განაჩენით ო. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ო. ჩ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით ო. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომის უნარიანობის მყარ 1/3-ზე ნაკლებად დაკარგვასთან, დაზარალებულის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 23 აპრილს მთვრალი ო. ჩ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. ა-ს და დაახლოებით 21 საათზე მივიდა შპს რკინიგზის ზესტაფონის სავაგონო პარკის ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს მესამე ათასეულის მეორე ასეულის პოლიციელი ე. ქ..
მთვრალმა ო. ჩ-მ შ. ა-სთან ერთად, სრულიად უსაფუძვლოდ, განიზრახა პოლიციელ ა. ქ-სათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობისა და ძალადობის მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეშლის მიზნით და ამ გზით მისგან პორტატიული ტიპის მაგნიტოფონის აშკარად გატაცება.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ო. ჩ. და შ. ა. დაემუქრნენ პოლიციელ ე. ქ-ს და აიძულეს, გაჩერებულიყო, აგინეს დედა, წააქციეს, სცემეს ხელებითა და ფეხებით და მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რის შემდეგაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ ა. ქ-ს ხელთ არსებულ და მასზე გაპიროვნებულ, სამსახურებრივ, 344 ლარად და 80 თეთრად ღირებულ პორტატიულ რადიოგადამცემს, რითაც სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს მესამე ათასეულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ს. ჩ. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა.
საკასაციო საჩივრის ავტორი, ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე თ. ო. ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 მარტის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. საჩივარში მითითებულია, რომ, საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ო. ჩ-ს სწორად ჰქონდა განსაზღვრული 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სააპელაციო პალატის განაჩენით ისედაც საკმაოდ ჰუმანური სასჯელის ზომის 1 წლით შემცირება უნდა ჩაითვალოს უსამართლოდ, როგორც მეტისმეტად მსუბუქი.
ადვოკატი ნ. ხ. მხარს უჭერს თავის საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა პ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ჩ-მ დანაშაული ჩაიდინა პირველად, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მცირწლოვანი შვილი, არის მძიმე ავადმყოფი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა ითვალისწინებს დაზარალებულ ა. ქ-ს პოზიციასაც, რომელმაც სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
ამდენად, საკასაციო საჩივრის მითითება იმაზე, რომ მსჯავრდებულის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქია, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.
პალატა არ იზიარებს ასევე მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ, საჩივარში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ო. ჩ-ს სასჯელი შეუმცირა და, ამდენად, სასჯელის კვლავ შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 21 მარტის განაჩენი ო. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.