Facebook Twitter
#ბს-1510(კ-18) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. ფ-ა

მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 2 თებერვალს დ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სამი თვის გაუცემელი პენსიის - ... წლის ...ის, ...ისა და ...ის, სულ - 540 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ 2018 წლის 2 აპრილის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, მოპასუხისათვის ...ისა და ...ის თვეების პენსიის - 374 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ... წლის ... ...დან ... წლის ... ...ის ჩათვლით ხელშეკრულებით დანიშნული იყო ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრად, რის გამოც შეუჩერდა პენსია იმ მოტივით, რომ იგი კომისიაში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რასაც დ. ფ-ა არ ეთანხმება და ითხოვს ...ის თვეში გაუცემელი პენსიის მიღებას. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ბუღალტრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მან ვერ მიიღო, აგრეთვე, ...ის თვის პენსიაც, რისი მიღების მოთხოვნაც ასევე გააჩნია მას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებული ორი თვის დავალიანება ჯამში 374 ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე დ. ფ-ა იღებდა ყოველთვიურ პენსიას 187 ლარის ოდენობით.
#69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ... წლის ... ...ს #... განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ... წლის ... ...დან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ. ფ-ას ბუღალტრად დანიშვნის თაობაზე.
მითითებული განკარგულება საფუძვლად დაედო დ. ფ-ასა და #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის ... წლის ... ...ს #... შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც - დამსაქმებელმა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიამ, მოსარჩელე დ. ფ-ა მიიღო საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესასრულებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ... წლის ... ...დან სცკ-ში საფინანსო ანგარიშების წარდგენამდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლი 53, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე).
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც საჯარო მოსამსახურე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო დ. ფ-ას ... წლის ... ...დან შეუწყდა პენსიის მიღება. ამასთან, მოსარჩელე დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის საჯარო საქმიანობას ასრულებდა ... წლის ... ...ის ჩათვლით. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ვერ მიიღო ... წლის ...ის თვის პენსია.
საჯარო - საბუღალტრო საქმიანობის პერიოდის ამოწურვის შემდგომ, დ. ფ-ამ მოპასუხეს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ... წლის ...ის თვეში მიმართა, რის გამოც მასზე არ გაიცა იმავე წლის ...ის თვის პენსია.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევი იყო გარემოება, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელე წარმოადგენდა თუ არა საჯარო მოსამსახურეს, რაც არსებითი საკითხი იყო მოსარჩელისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხეს მისთვის პენსიის მიცემაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნდა, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო აღქმული საჯარო საქმიანობად.
სასამართლომ მიუთითა საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებდა იმავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული ნორმის მოხმობა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არ იყო მართებული. რამდენადაც დავა დაკავშირებული იყო მოსარჩელის საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ორგანოში - #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანობასთან, აუცილებელი იყო სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიის მარეგულირებელი ნორმების ხილვა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ასეთი ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესთან 2017 წლის 23 აგვისტოს. სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია ის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბუღალტრად მუშაობის პერიოდში წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მას მოპასუხისაგან მართებულად ეთქვა უარი ... წლის ...ის თვის პენსიის გაცემაზე.
რაც შეეხება ...ის თვის პენსიას, სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო ... წლის ... ...დან შეუწყდა პენსიის მიღება.
სასამართლომ განმარტა, რომ „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შეწყვეტილი პენსიის ავტომატურ რეჟიმში აღდგენის საფუძველს და აღდგენისათვის აუცილებელი იყო, დაინტერესებულ პირს განცხადებით მიემართა კომპეტენტური ორგანოსათვის იმავე კანონის მე-5 თავით გათვალისწინებული წესით, რაც მოსარჩელის მიერ ...ის თვეში განხორციელდა.
„პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კომპეტენტური ორგანო დააკამყოფილებს განცხადებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მან სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით მიმართა ... წლის ...ის თვეში, რაც ნიშნავდა იმას, რომ მას მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ... წლის ...ის თვის პენსია არ ეკუთვნოდა.
ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 374 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნიო კომისიაში ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ბუღალტრის ფუნქციების გათვალისწინებით კი იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის საჯარო მოხელედ, ვინაიდან იგი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე და მისთვის მინიჭებული ფუნქციების გათვალისწინებით, არ ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბუღალტერი არ განსაზღვრავდა კონკრეტული საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართულებებს, იგი თავის უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ფინანსების ხარჯვასა და შესაბამისი ანგარიშების წარდგენაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა არამუდმივი ამოცანების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც იყო უშუალო შემსრულებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების და არა მათი განმსაზღვრელი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში, დ. ფ-ა კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა უზრუნველყოფილი პენსიით, რისი გაცემის ვალდებულებაც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, გააჩნდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, მისი მოთხოვნა - მიუღებელი პენსიის 374 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია ის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო სუბიექტებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. კასატორის აღნიშვნით, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, მაგრამ, მოპასუხის მოსაზრებით, სადავო საკითხის მართებული გადაწყვეტისათვის მხოლოდ მითითებული ნორმის მოხმობა არ არის საკმარისი. კერძოდ, კასატორი მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი, მათ შორის, ბუღალტერი. კასატორი აღნიშნავს, რომ ... წლის ... ...ს მოსარჩელესთან სწორედ ასეთი ხელშეკრულება დაიდო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე დ. ფ-ა იღებდა ყოველთვიურ პენსიას 187 ლარის ოდენობით.
#69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ... წლის ... ...ს #... განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ... წლის ... ...დან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ. ფ-ას ბუღალტრად დანიშვნის თაობაზე.
მითითებული განკარგულება საფუძვლად დაედო დ. ფ-ასა და #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის ... წლის ... ...ს #... შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც - დამსაქმებელმა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიამ, მოსარჩელე დ. ფ-ა მიიღო საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესასრულებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ... წლის ... ...დან სცკ-ში საფინანსო ანგარიშების წარდგენამდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლი 53, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე).
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც საჯარო მოსამსახურე.
„პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, დ. ფ-ას ... წლის ... ...დან შეუწყდა პენსიის მიღება. ამასთან, მოსარჩელე დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის საჯარო საქმიანობას ასრულებდა ... წლის ... ...ის ჩათვლით. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ვერ მიიღო ... წლის ...ის თვის პენსია.
საჯარო - საბუღალტრო საქმიანობის პერიოდის ამოწურვის შემდგომ, დ. ფ-ამ მოპასუხეს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ... წლის ...ის თვეში მიმართა, რის გამოც მასზე არ გაიცა იმავე წლის ...ის თვის პენსია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილებისათვის მოსარჩელის - დ. ფ-ას სასარგებლოდ ...ისა და ...ის თვეების პენსიის - 374 ლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით მოახდინოს ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების ეფექტური დაცვა და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის საფუძვლით დ. ფ-ას სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილების ... წლის ... ...ის გადაწყვეტილებით შეუჩერდა პენსიის გაცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #2/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის“ მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კომისიის საქმიანობის გამართულად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), მათ შორის, იურისტი, ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში და თანამდებობრივი სარგოების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ცესკოში შესაბამისი საფინანსო ანგარიშის წარდგენის პროცედურების დასრულებამდე. კომისიის ბუღალტერი, დამხმარე და ტექნიკური პერსონალი წარმოადგენენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებსა და მათზე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს. კომისიის ბუღალტერს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ენიშნებათ შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ახორციელებდა თუ არა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშნული დ. ფ-ა საჯარო საქმიანობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნიო კომისიაში ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. პირის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად კვალიფიკაცია საჭიროებს საკითხის კუმულაციურ შეფასებას, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნიშანდობლივია აღინიშნოს ის, რომ დ. ფ-ა #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნიო კომისიაში ბუღალტრად მუშაობის პერიოდში არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ვინაიდან იგი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე, არამედ კონკრეტული პირობების - ცესკოში შესაბამისი საფინანსო ანგარიშის წარდგენის პროცედურების დასრულებამდე, გარკვეული ვადით იყო დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების კუმულაციური ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს საჯარო სამსახურში პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზანსაც, კერძოდ, ხსენებულ პირთა საჯარო სამსახურის სისტემაში საქმიანობა უკავშირდება არა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების უშუალოდ მათი მხრიდან განხორციელებას, არამედ დამხმარე ან არამუდმივი ფუნქციების შესრულების გზით საჯარო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება ცხადყოფს იმას, რომ კანონმდებელი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ანიჭებს საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველმყოფელ, საჯარო საქმიანობის ხელშემწყობ პირთა სტატუსს, რითიც აღნიშნულ პირებს ფაქტობრივად გამოყოფს საჯარო საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელი სუბიექტებისაგან.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ #69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნიო კომისიაში ბუღალტრული საქმიანობა არ გულისხმობს მისი მხრიდან საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას. საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტერი არ განსაზღვრავს კონკრეტული კომისიის საქმიანობის მიმართულებებს, იგი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში პასუხისმგებელია მხოლოდ ფინანსების ხარჯვასა და შესაბამისი ანგარიშების წარდგენაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენს არამუდმივი ამოცანების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც არის მასზე კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებული ფუნქციების უშუალო შემსრულებელი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა საჯარო საქმიანობიდან ამორიცხა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. მითითებულ საკანონმდებლო რეგულაციასთან განსახილველი შემთხვევის მსგავსება ვლინდება იმაში, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტრის მსგავსად, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრიც გარკვეული პირობების დასრულებამდე ახორციელებს მინიჭებულ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი მხოლოდ საქმიანობის დროებითი ხასიათის გამო ცალსახად საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებათა განმახორციელებელი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით დანიშნული წევრის საქმიანობას საჯარო საქმიანობად არ განიხილავს, ყოვლად გაუმართლებელი და უთანასწორო იქნებოდა მით უფრო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული ვადით (ასევე დროებით) დასაქმებული ბუღალტრის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად მიჩნევა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ დ. ფ-ას საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა თავისი არსით დაუშვებელია საჯარო საქმიანობად იქნეს მიჩნეული, ამასთან, გასათვალისწინებელია ის პოტენციური უთანასწორო ვითარება, რომელიც, ზემოხსენებული მიზეზების გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტრის საჯარო საქმიანობად კვალიფიკაციას შეეძლო გამოეწვია.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო პერიოდში დ. ფ-ა კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა უზრუნველყოფილი პენსიით, რისი გაცემის ვალდებულებაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის - 374 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.






ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და





დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი