№ბ-73-1(გან-20) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 ნოემბერს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებთ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე, მესამე პირების - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის მიმართ.
გ. ბ-ემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ. ბ-ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის №8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ბ-ის (პ/ნ ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩართვის თაობაზე, მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის თაობაზე, აგრეთვე, შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სააპელაციო საჩივრით გ. ბ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ, გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება. ამასთან, განუხილველი დარჩა გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.
2020 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ განჩინება ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს ამ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე