Facebook Twitter

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

№ბ-79-1(ა-20) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის №ბს-990(კ-19) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

2017 წლის 29 ნოემბერს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებთ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე, მესამე პირების - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის მიმართ.

გ. ბ-ემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ. ბ-ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის #8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ბ-ის (პ/ნ ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩართვის თაობაზე, მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის თაობაზე, აგრეთვე, შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სააპელაციო საჩივრით გ. ბ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ, გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება; ამასთან, განუხილველი დარჩა გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.

2020 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის №ბს-990(კ-19) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებლის მითითებით, განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებით და განახლდეს აღნიშნული საქმის წარმოება. განმცხადებელი არ ეთანხმება საქმეზე დამდგარ შედეგს. განმცხადებელი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო გ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომლის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სარჩელი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადებაში მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მაია ვაჩაძე, მოსამართლეები - ნუგზარ სხირტლაძე და ვასილ როინიშვილი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება, ამასთან, განუხილველი დარჩა გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე - ვასილ როინიშვილი საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით, 10 წლის ვადით, არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ვასილ როინიშვილს 2019 წლის 19 დეკემბრიდან გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე, მაგრამ არაუმეტეს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევამდე. ამდენად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის პრეტენზია საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და არა მითითებული კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის №ბს-990(კ-19) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის №ბს-990(კ-19) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე