Facebook Twitter

#ბს-89(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ჯ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 28 სექტემბერს ჯ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წლიდან დღემდე იგი ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, მდებარე ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ, რაც შედგება 585 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთისგან, საცხოვრებელი სახლისა და გაშენებული ხეხილიანი ეზოსგან. მოსარჩელის მითითებით, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, მისი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 მაისს მან მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც თავდაპირველად იგი ითხოვდა უფლების აღიარებას 573 კვ.მ ფართზე. 2017 წლის 15 თებერვალს მან დააზუსტა მოთხოვნა, ნახაზი და მოითხოვა უფლების აღიარება 585 კვ.მ ფართზე. მოპასუხემ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა აგრეთვე ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და, ამავდროულად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს.

მოსარჩელის განმარტებით, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დასტურდება, რომ ჯ. ბ-ე წლებია ფლობს სადავო უძრავ ქონებას, კონკრეტულად კი ექსპერტი უთითებს 2001 წელს, ხოლო კანონი ამოქმედდა 2007 წელს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ადრე არსებული საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფრაგმენტები (ნანგრევები), რომლის ხანდაზმულობა უდავოა.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიწის ნაკვეთზე (მდ: ქ. თბილისი, ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ 585 კვ.მ ფართზე) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულება და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ბ-ე და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ (ს.კ. #...), საკუთრების უფლებით 2015 წლის 29 ივნისიდან რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.

ა. ჯ-ის, ხ. ბ-ის, ი. კ-ას 2015 წლის 10 მარტის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ. ბ-ე ნამდვილად ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე მდგომ შენობა- ნაგებობასთან ერთად 2001 წლიდან დღემდე, მისამართზე: თბილისი, ...ა, მე-2 ჩასახვევის მიმდებარედ. განმცხადებლები თანახმა არიან ჯ. ბ-ემ მოახდინოს უძრავი ნივთის ლეგალიზება.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 მაისს ჯ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარადგინა ორი ექსპერტიზის დასკვნა. მან ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე - თბილისი, ...ის დასახლება, ...ოს მე-2 შესახვევის მიმდებარედ. ამასთან, 2016 წლის 30 მაისს მან განცხადება წარადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და განმარტა, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და არის სოციალურად დაუცველი პირი. განმცხადებელმა ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე - თბილისი, ...ის დასახლება, ...ოს მე-2 შესახვევის მიმდებარედ.

შპს „...-ის“ 2017 წლის 2 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (585 კვ.მ) განთავსებული ადრე არსებული საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფრაგმენტების (ნანგრევების) ხელახლა აშენებული შენობის, ტერიტორიის შემომზღუდავი სამშენებლო ბლოკით და ლითონის მავთულბადით შესრულებული ღობის, ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავების ვიზუალური დაკვირვებით და მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის საძირკველის ფრანგმენტების (ნანგრევების) ხანდაზმულობა ეჭვგარეშეა, ანუ ჯ. ბ-ე აღნიშნულ ტერიტორიას, მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს და ადრე არსებული შენობის ფრაგმენტებს სავარაუდოდ ფლობს დაახლოებით 2001 წლიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჯ-ის, ხ. ბ-ის, ჰ. ა-ის, ჯ. დ-ის 2017 წლის 7 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ. ბ-ე ნამდვილად ფლობს 585 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე არსებული საცხოვრებლით, წარსულში სახლს, ამჟამად ნანგრევებს და ასევე 2015 წელს ახლად აშენებული საცხოვრებელ სახლსა და გაშენებულ ხეხილიან ეზოს. განმცხადებლების იქ ყოფნის პერიოდი აითვლება 2001 წლიდან, მისამართზე: თბილისი, ...ა, მე-2 ჩასახვევის მიმდებარედ და განმცხადებლები თანახმა არიან ჯ. ბ-ემ მოახდინოს უძრავი ქონების ლეგალიზება.

2017 წლის 15 თებერვალს ჯ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარმოადგინა დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, მეზობლების თანხმობა და ექსპერტიზის დასკვნა. განმცხადებელმა ითხოვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 ივნისის #612 ოქმის მე-80 საკითხით, უარი ეთქვა ჯ. ბ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულებით ჯ. ბ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ჯ. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს.

სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართვის თანახმად, ...ში, ...ის მიმდებარედ 475 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ) და კვეთს #... საკადასტრო ერთეულს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #... მიმართვიდან ირკვევა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - მცხეთა, სოფელი ...ო, ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ, ს.კ. #..., მესაკუთრე: თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი, 3063 კვ.მ. ზედდების ფართია 509.4 კვ.მ.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს ჯ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #... წერილით მათთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ ჯ. ბ-ეს მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან უფიქსირდება ზედდება, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან, ზედდების ფართია 509.4 კვ.მ. განმცხადებელმა მიწის ნაკვეთის კორექტირება და ფართის დაზუსტება ითხოვა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის #... წერილის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე - ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ, ზედდებაში იყო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ, ს.კ. #..., მესაკუთრე: თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, 3063 კვ.მ. ზედდების ფართია - 509.4 კვ.მ.

ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპერტის - მ. მ-ის განმარტებით, მან ექსპერტიზის დასკვნა შეადგინა ვიზუალური დათვალიერების, ორთოფოტოს და მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე. მისი განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი შემოსაზღვრული იყო ბლოკით, ხოლო ნაწილი - მავთულბადით. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას შეუძლია განსაზღვროს ბეტონი ძველია თუ ახალი. ექსპერტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ბეტონი იყო ძველი, საძირკველის ბეტონიც იყო გამოქარული, ეს კი ხდება მრავალწლიანი არსებობის შემდეგ. ამასთან, მან მიუთითა, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო მრავალწლოვანი ნარგავებიც, თუმცა აღნიშნული მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენდა.

სასამართლომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სახით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე ჯ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი იმის თაობაზე, ჯ. ბ-ე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთით (585 კვ.მ) და შესაბამისი მტკიცებულებით დასტურდებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრის ფაქტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება მასზედ, რომ არ დასტურდებოდა ქ. თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის (585 კვ.მ) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი და ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს „...-ის“ 2017 წლის 2 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაზე, ამასთან, მიუთითა სასამართლო სხდომაზე ექსპერტის - მ. მ-ის განმარტებაზე და მიიჩნია, რომ აღიარების კომისიის მიერ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საკმარის საფუძვლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ჯ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით უპირველესად უნდა შემოწმებულიყო, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება იყო თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ასეთის დადასტურების პირობებში კი, უნდა შეფასებულიყო სამართლებრივი რეგულაცია დასაშვებად მიიჩნევდა თუ არა მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარებას. მხოლოდ აღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობათა დაძლევის შემდგომ იყო შესაძლებელი მსჯელობა იმის თაობაზე, მოსარჩელე ფლობდა თუ არა მიწის ნაკვეთს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ამოქმედებამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3063 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ (ს.კ. #...), საკუთრების უფლებით 2015 წლის 29 ივნისიდან რეგისტრირებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ჯ. ბ-ემ კი 2016 წლის 24 მაისს მიმართა განცხადებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე. აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულებით, ჯ. ბ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. ზედდების ფართი იყო 509.4 კვ.მ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების ინტერესი გააჩნდა, უკვე რეგისტრირებული იყო მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში.

სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზი გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ იწვევდა ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგს მესამე პირთათვის. აღნიშნული მიზნით პალატამ მიუთითა შემდეგ საკანონმდებლო რეგულაციებზე:

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ქვეშ იგულისხმება ადგილობრივი ორგანოების უფლება და შესაძლებლობა კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად (მუხლი 3–1). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თვითმმართველობის პირობებში ადგილობრივ გაერთიანებებს გააჩნიათ დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი, ისინი არ არიან სახელმწიფო მმართველობის ნაწილი და არ უნდა განვიხილოთ, როგორც ასეთი, სახელმწიფო ადმინისტრაციის დაბოლოებანი. ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ნიშანია ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისაგან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, კერძოდ, კონსტიტუციის მე-2 მუხლი აღიარებს მოსახლეობის უფლებას, თვითონ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ორგანული კანონის მიღებას, რომლითაც განისაზღვრება თვითმმართველობის ორგანოთა შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. საქართველოს კონსტიტუციის 1013 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებია: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები; ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს მიეკუთვნება.

სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობის არსებითი კომპონენტს ასევე, მათი საკუთარი ქონების, ცენტრალური ბიუჯეტისაგან დამოუკიდებელი საბიუჯეტო სისტემებისა და საბიუჯეტო წყაროების არსებობა წარმოადგენდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარება. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების განკარგვას, რის შემდეგაც, იგი აღარ ექცეოდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ქონების დეფინიციაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია. ამავე კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ მოიცავს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან ერთად, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების აღიარებასაც.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტზე (ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2016 წლის 31 ივლისიდან), რომლის თანახმადაც, ამ წესში გამოყენებულ ტერმინს - მიწის ნაკვეთი, გააჩნდა შემდეგი მნიშვნელობა: სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. ბ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, მასზედ ვერ გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ფართზე, მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული უფლების მიმართ მოქმედებდა უტყუარობის პრეზუმფცია. უძრავ ფართზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება, მათ შორის ქონების თვითმმართველ ერთეულზე აღრიცხვა, გამორიცხავდა საკუთრების უფლების მოპოვებას აღიარების გზით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობით ვერ მიიღწეოდა კანონშესაბამისი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გამორიცხავდა მოსარჩელესთვის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღარ არსებობდა იმის საჭიროება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით გამოეკვლია, ჯ. ბ-ე მართლაც ფლობდა თუ არა სადავო ქონებას კანონის ამოქმედებამდე და მასზედ განთავსებული ჰქონდა თუ არა შენობა-ნაგებობა. აღნიშნულის პარალელურად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, უტყუარად მართლაც არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე და არც ის, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ნანგრევები საცხოვრებელი სახლის იყო, თუ არასაცხოვრებლელი შენობისა, რასაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა დავის შედეგისათვის; აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების დაუფლების ფაქტი ადმინისტრაციული წარმოების დროს დადასტურებულ იქნა მეზობლების ახსნა-განმარტების საფუძველზე, რაც შეესაბამება საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დანერგილ პრაქტიკას. თუმცა მიუხედავად ამისა, განსახილველ შემთხვევაში, მეზობლების ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები კომისიამ არ გაითვალისწინა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული ძირითადი მოტივაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კასატორი მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო თუნდაც გარკვეულ ნაწილზე, კერძოდ კი, ფართის იმ ოდენობაზე, სადაც სახელმწიფო საკუთრება არაა დარეგისტრირებული, ცნობს ჯ. ბ-ის მხრიდან უძრავი ქონების დაუფლების ფაქტს და შესაბამისად, გარკვეულ ნაწილზე მაინც აღიარებს საკუთრების უფლებას, კასატორი შეძლებს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ხოლო ასეთ ვითარებაში კი, მას შეეძლება ფართის კორექტირებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართოს სახელმწიფოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ჯ. ბ-ე და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ (ს.კ. #...), საკუთრების უფლებით 2015 წლის 29 ივნისიდან რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.

ა. ჯ-ის, ხ. ბ-ის, ი. კ-ას 2015 წლის 10 მარტის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ. ბ-ე ნამდვილად ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე მდგომ შენობა- ნაგებობასთან ერთად 2001 წლიდან დღემდე, მისამართზე: თბილისი, ...ა, მე-2 ჩასახვევის მიმდებარედ. განმცხადებლები თანახმა არიან ჯ. ბ-ემ მოახდინოს უძრავი ნივთის ლეგალიზება.

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს ჯ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარადგინა ორი ექსპერტიზის დასკვნა. მან ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე - თბილისი, ...ის დასახლება, ...ოს მე-2 შესახვევის მიმდებარედ. ამასთან, 2016 წლის 30 მაისს მან განცხადება წარადგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და განმარტა, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და არის სოციალურად დაუცველი პირი. განმცხადებელმა ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე - თბილისი, ...ის დასახლება, ...ოს მე-2 შესახვევის მიმდებარედ.

შპს „...-ის“ 2017 წლის 2 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-2 შესახვევის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (585 კვ.მ) განთავსებული ადრე არსებული საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფრაგმენტების (ნანგრევების) ხელახლა აშენებული შენობის, ტერიტორიის შემომზღუდავი სამშენებლო ბლოკით და ლითონის მავთულბადით შესრულებული ღობის, ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავების ვიზუალური დაკვირვებით და მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის საძირკველის ფრანგმენტების (ნანგრევების) ხანდაზმულობა ეჭვგარეშეა, ანუ ჯ. ბ-ე აღნიშნულ ტერიტორიას, მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს და ადრე არსებული შენობის ფრაგმენტებს სავარაუდოდ ფლობს დაახლოებით 2001 წლიდან.

ზ. ჯ-ის, ხ. ბ-ის, ჰ. ა-ის, ჯ. დ-ის 2017 წლის 7 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ. ბ-ე ნამდვილად ფლობს 585 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე არსებული საცხოვრებლით, წარსულში სახლს, ამჟამად ნანგრევებს და ასევე 2015 წელს ახლად აშენებული საცხოვრებელ სახლსა და გაშენებულ ხეხილიან ეზოს. განმცხადებლების იქ ყოფნის პერიოდი აითვლება 2001 წლიდან, მისამართზე: თბილისი, ...ა, მე-2 ჩასახვევის მიმდებარედ და განმცხადებლები თანახმა არიან ჯ. ბ-ემ მოახდინოს უძრავი ქონების ლეგალიზება.

2017 წლის 15 თებერვალს ჯ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარადგინა დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, მეზობლების თანხმობა და ექსპერტიზის დასკვნა. განმცხადებელმა ითხოვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 ივნისის #612 ოქმის მე-80 საკითხით, უარი ეთქვა ჯ. ბ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულებით ჯ. ბ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება ჯ. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს.

ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართვის თანახმად, ...ში, ...ის მიმდებარედ 475 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ) და კვეთს #... საკადასტრო ერთეულს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #... მიმართვიდან ირკვევა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - მცხეთა, სოფელი ...ო, ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა ...ის მიმდებარედ, ს.კ. #..., მესაკუთრე: თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტი, 3063 კვ.მ. ზედდების ფართია 509.4 კვ.მ.

2017 წლის 16 ნოემბერს ჯ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #... წერილით მათთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ ჯ. ბ-ეს, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან უფიქსირდება ზედდება, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან, ზედდების ფართია 509.4 კვ.მ განმცხადებელმა ითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირება და ფართის დაზუსტება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის #... წერილის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე - ...ა, მე-2 შესახვევის მიმდებარედ, ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ...ის მიმდებარედ, ს.კ. #..., მესაკუთრე: თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, 3063 კვ.მ. ზედდების ფართია - 509.4 კვ.მ.

ექსპერტის - მ. მ-ის განმარტებით, მან ექსპერტიზის დასკვნა შეადგინა ვიზუალური დათვალიერების, ორთოფოტოს და მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე. მისი განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი შემოსაზღვრულია ბლოკით, ხოლო ნაწილი - მავთულბადით. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას შეუძლია განსაზღვროს ბეტონი ძველია თუ ახალი, განსახილველ შემთხვევაში ბეტონი იყო ძველი, საძირკველის ბეტონიც იყო გამოქარული, და ეს ხდება მრავალწლიანი არსებობის შემდეგ, ამასთან, მიუთითა, რომ ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლოვანი ნარგავებიც, თუმცა აღნიშნული მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმ სამართლებრივ არგუმენტაციას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჯ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწის ცნება ექსკლუზიურად გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთა კატეგორიას და იგი გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფარგლები და განმარტა, რომ „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების სტატუსის, მისი მნიშვნელობისა და საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ისტორიული განვითარების მიმოხილვისა და სახელმწიფო საკუთრების ცნების სრულყოფილი განმარტების საფუძველზე, ცალსახად განსაზღვრა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწა, მათ შორის, მოიცავდა მუნიციპალურ საკუთრებასაც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საკუთრების უფლების აღიარება ამგვარ მიწის ნაკვეთებზე აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნია. ზემოხსენებულ საქმეში განიმარტა, რომ „მუნიციპალური საკუთრება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ნაირსახეობას, თუმცა წარმოადგენს საჯარო საკუთრების დამოუკიდებელ ნაირსახეობას. მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე მათივე საკუთრების უფლების აღიარება, ამ უფლების რეალიზაცია არ ადასტურებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების შეზღუდვას.“

ამავე გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დებულების" 2.2 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება, აღნიშნულის განხორცილების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია რეალურად ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, სადავო აქტი ეწინააღმდეგება კომისიის მიერ დადგენილ პრაქტიკას.“

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებს (იხ. სუსგ 02.10.2014წ. #ბს-354-350(კ-14), 29.10.2015წ. #ბს-392-386(2კ-15), 11.07.2018წ. #ბს-319-319(კ-18)), რომლებითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 08.04.2014წ., 13.03.2015წ. და 25.01.2018წ. განჩინებები. შესაბამისად, სახეზეა დივერგენცია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ არ დასტურდებოდა ჯ. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კომისია განცხადების განხილვის მიზნით გასული იყო ადგილზე, დაათვალიერა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწვეტილება. კომისიის მხრიდან მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების თვითნებურად დაკავებისა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის, აგრეთვე, მისი მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოღობის ერთპიროვნული, ფაქტობრივად დაუდასტურებელი მითითების საპირისპიროდ, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შპს „...-ის“ 2017 წლის 2 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ...ის მე-2 შესახვევის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (585 კვ.მ) განთავსებული ადრე არსებული საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფრაგმენტების (ნანგრევების) ხელახლა აშენებული შენობის, ტერიტორიის შემომზღუდავი სამშენებლო ბლოკით და ლითონის მავთულბადით შესრულებული ღობის, ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავების ვიზუალური დაკვირვებით და მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის საძირკველის ფრანგმენტების (ნანგრევების) ხანდაზმულობა ეჭვგარეშეა, ანუ ჯ. ბ-ე აღნიშნულ ტერიტორიას, მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს და ადრე არსებული შენობის ფრაგმენტებს სავარაუდოდ ფლობს დაახლოებით 2001 წლიდან. ამასთან, სასამართლო მიუთითებს სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მ. მ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მან ექსპერტიზის დასკვნა შეადგინა ვიზუალური დათვალიერების, ორთოფოტოს და მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე. მისი განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი შემოსაზღვრულია ბლოკით, ხოლო ნაწილი მავთულბადით. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას შეუძლია განსაზღვროს ბეტონი ძველია თუ ახალი, განსახილველ შემთხვევაში ბეტონი იყო ძველი, საძირკველის ბეტონიც იყო გამოქარული, და ეს ხდება მრავალწლიანი არსებობის შემდეგ, ამასთან მიუთითა, რომ ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლოვანი ნარგავებიც, თუმცა აღნიშნული მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

საგულისხმოა, აგრეთვე, საქმის მასალებით დადგენილი კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ზ. ჯ-ის, ხ. ბ-ის, ჰ. ა-ის, ჯ. დ-ის 2017 წლის 7 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ. ბ-ე ნამდვილად ფლობს 585 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე არსებული საცხოვრებლით, წარსულში სახლს, ამჟამად ნანგრევებს და ასევე 2015 წელს ახლად აშენებული საცხოვრებელ სახლსა და გაშენებულ ხეხილიან ეზოს. განმცხადებლების იქ ყოფნის პერიოდი აითვლება 2001 წლიდან, მისამართზე: თბილისი, ...ა, მე-2 ჩასახვევის მიმდებარედ და განმცხადებლები თანახმა არიან ჯ. ბ-ემ მოახდინოს უძრავი ქონების ლეგალიზება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 15 თებერვალს ჯ. ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, კერძოდ, დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, მეზობლების თანხმობა და ექსპერტიზის დასკვნა. იმ პირობებში, რომ ჯ. ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობას უქმნიდა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მითითებულ დოკუმენტთა უგულებელყოფით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ჯ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ზემოხსენებული კი ჯ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, კერძოდ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ჯ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს წარმოშობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ბ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულება და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ქ. თბილისში, ...ში, მე-2 შესახვევის მიმდებარედ მდებარე 585 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ივლისის #979 განკარგულება;

5. მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ქ. თბილისში, ...ში, მე-2 შესახვევის მიმდებარედ მდებარე 585 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი