#ბს-903(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 სექტემბერს ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ ნ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ნ. მ-ის ოჯახის რეგისტრაციის (ოქმის შედგენამდე არსებული მდგომარეობის) აღდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. საჩხერეში, ...ის ქ. #3-ის, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, ნახევრად მოუწყობელ ბინაში. იგი არის 76 წლის, გაუთხოვარი, მარტოხელა, ავადმყოფი. გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. 2013 წელს ჩაუტარდა აორტო-კორონალური შულტირება, აქვს შაქრიანი დიაბეტი. 2008 წლიდან იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა ფულად დახმარებას. 2018 წლის 27 აგვისტოს კი, საჩხერის რაიონული განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ 2018 წლის 19 აგვისტოდან რეგისტრაცია შეუწყდა იმ მიზეზით, რომ მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება. მოსარჩელის მითითებით, იგი ნამდვილად ცხოვრობს თავის საცხოვრებელ მისამართზე. მისი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია, რაც უმნიშვნელოა იმ ხარჯებთან შედარებით, რომელიც მის ჯანმრთელობას ესაჭიროება. სოციალური დახმარება მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რეგისტრაციის გაუქმებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-ის (პ/ნ ...) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ნ. მ-ის ოჯახის რეგისტრაციის აღდგენა (ოქმის შედგენამდე არსებული მდგომარეობა) დაევალა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნების განსაზღვრასთან მიმართებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით, წყლის გადახდის ქვითრებით, ასევე იმ გარემოებით, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს - 2018 წლის 19 აგვისტოს ნ. მ-ე იმყოფებოდა სახლში და მასთან ოქმის შემდგენმა მოახდინა აუდიენცია, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნ. მ-ე მუდმივად ცხოვრობს ქ. საჩხერეში, ...ის ქუჩის #3-ის, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის საფუძველი.
ამასთან, პალატის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების თანამშრომლის მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი ოქმი არ შეიცავს გასაჩივრების წესზე მითითებას, ხოლო ოქმის საფუძველზე ნ. მ-ისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან საჩხერის რაიონულ სასამართლოში. ამ განმარტებიდან გამომდინარე, ნ. მ-ემ ისარგებლა უფლების სასამართლო წესის დაცვით, შესაბამისად პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლი.
კასატორის განმარტებით, 2018 წლის 13 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს #04/40611 წერილით მათ დაევალათ რიგი ოჯახების, მათ შორის, ნ. მ-ის ოჯახის გადამოწმება იმ მიზეზი, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში არ უფიქსირდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება (სავარაუდოთ ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს). ოჯახში ვიზიტი სამჯერ განახორციელა განყოფილების უფლებამოსილმა პირმა. მესამე ვიზიტზე შეივსო ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული მიზეზით ოქმის შევსების შემთხვევაში, სამი ვიზიტის განხორციელება აღარ არის სავალდებულო, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეეძლო მიეღო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა შემწეობას. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 19 აგვისტოს სადავო ოქმით მოსარჩელეს შეუწყდა სოციალური შემწეობა იმ საფუძლით, რომ ოჯახის მუდმივად არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს შეუწყდა საარსებო შემწეობა, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით დაადგინა უფლებამოსილმა პირმა, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რითაც შეიძლებოდა დადგენილიყო ნ. მ-ის მოცემულ საცხოვრებელ ადგილზე მუდმივად არ ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ოჯახის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტოენერგიის მოუხმარებლობა არ წარმოადგენს ოჯახის წევრების მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს მოსაზრებით, სოციალურად დაუცველი, მით უფრო, მოსარჩელის ასაკისა და ჯანმრთელობის მქონე პირის გარკვეული პერიოდით ნათესავებთან ცხოვრება არ ადასტურებს მუდმივი საცხოვრებლის მიტოვების განზრახვას, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები, წყლის გადახდის ქვითრებით, ასევე ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს - 2018 წლის 19 აგვისტოს ნ. მ-ე იმყოფებოდა სახლში და მასთან ოქმის შემდგენმა მოახდინა აუდიენცია. შესაბამისად, არ არსებობდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი