#ბს-904(2კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 8 სექტემბერს ბ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.08.2017წ. #493 განკარგულების ბათილად ცნობა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 272 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან საკუთრებაში მიიღო სოფელ ...ში მდებარე 464 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 272 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე როგორც 2007 წლამდე, ასევე მას შემდეგ ფლობდა და სარგებლობდა. მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც უარი უთხრა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიის უარი არის დაუსაბუთებელი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის გაუქმების საფუძველს, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.09.2017წ. #493 განკარგულება და მოპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 272 კვ.მ თვითნებურად დაკავებულ (მომიჯნავე) მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებად რეგისტრირებული 464 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი თვითნებურად აქვს დაკავებული, რის გამოც პალატამ აღნიშნა, რომ სახეზე არ არის საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირისათვის უარის თქმის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე კომისიამ ვერ დააფიქსირა სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. კასატორის მითითებით, კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ორთოფოტოები, რომელთა მეშვეობითაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდებოდა სარგებლობის კვალი. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, კასატორი აღნიშნავს, რომ მთავრობის 28.07.2016 წლის #376 დადგენილებით ის არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ აქვს კომისიისთვის აღსასრულებლად სავალდებულო ძალა.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიამ ადგილზე დათვალიერების დროს დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოკავებული, განაშენიანებული და არ იმყოფებოდა სარგებლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 08.08.2017წ. #493 განკარგულების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ 08.08.2017წ. მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმში კომისიის წევრები, რომლებმაც დაათვალიერეს ბ. პ-ას განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, მიუთითებენ, რომ ნაკვეთი არის ბ. პ-ას საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არ არის შეღობილი, არ არის განაშენიანებული და არ არის სარგებლობაში. კომისიის 08.08.2017წ. სხდომის ოქმის #26 ამონაწერით ირკვევა, რომ #475 საოქმო გადაწყვეტილებით ბ. პ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხეს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამასთან, სადავო აქტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბ. პ-ას განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მფლობელობაშია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (464 კვ.მ) გადაცემის დღიდან. ნაკვეთი შემოღობილი იყო, თუმცა ამჟამად ღობის ნაწილი დანგრეულია. ამასთან, მოწმეები ლ. ყ-ა, ზ. ლ-ა, გ. წ-ა, ო. თ-ა, რ. ლ-ა ნოტარიუსთან ხელმოწერილი განცხადებით ადასტურებდნენ, რომ 1998 წლიდან მოსარჩელე თვითნებურად ფლობს და სარგებლობს მისი საკუთრების მომიჯნავედ მდებარე 272 კვ.მ მიწის ნაკვეთით, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში. ასევე, მოწმეები ადასტურებენ, რომ ფართი ერთ ნაკვეთად იყო შემოღობილი და მისი დანგრევა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი ყოველთვის გამოიყენებოდა ბ. პ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთზე მისასვლელ გზად და სხვადასხვა დანიშნულებით, ეხმარებოდა მოსარჩელეს მისი ნაკვეთის უკეთ გამოყენებაში. ამ ნაკვეთზე მისი გაუმჯობესების მიზნით მოსარჩელემ დაყარა მიწა, დარგო ნარგავები. სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტში სახელმწიფოს საკუთრებად იყო რეგისტრირებული და არ იყო განკარგული. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს მითითება სარჩელზე თანდართულ ფოტომასალაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთზე მცირე მოცულობის შენობა-ნაგებობაც არის განთავსებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი