გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 189-აპ 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენზე, რომლითაც გ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გ. ლ. სასჯელს იხდის 2004წ. 29 მაისიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის ვტ-19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ გ. ლ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
გ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ წარსულში ნასამართლევმა ქურდობისათვის, ნასამართლობის მოხსნამდე არაერთგზის ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 22 მაისს, ღამით, გ. ლ.მივიდა ქ. ბათუმში, ხახულის ქუჩაზე გაჩერებულ, თივით დატვირთულ ჯ. დ-ს კუთვნილ “კამაზის” მარკის ავტომანქანასთან და შეეცადა მისაბმელიდან 6 ცალი საბურავის მოხსნას (საბურავების ღირებულება შეადგენს 1800 ლარს), რაც ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო _ იგი შენიშნეს დარჩენილი ორი საბურავის მოხსნის დროს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. ზ. ითხოვს მსჯავრდებულ გ. ლ-ს მიმართ სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი მსჯავრდებულია. ამჟამად მისი ოჯახი არსებობს ნათესავებისა და მეზობლების შემოწირულობით.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ზ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა თ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა პროცესის მონაწილეებს და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გ. ლ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. შერაცხულ ბრალდებას არც კასატორი ხდის სადავოდ და განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში ასაჩივრებს. ამასთან ერთად პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ლ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. პალატა სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
მსჯავრდებული გ. ლ. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, მის კმაყოფაზე იმყოფებიან უმუშევარი მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის. ამასთან, გ. ლ. ავადმყოფია _ ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის მიერ გაცემული ცნობითა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იგი დაავადებულია ოლიგოფრენიით, ზომიერად გამოხატული დებილობის ფარგლებში. პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მსჯავრდებულმა გ. ლ-მ შეფარდებული სასჯელიდან _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან _ ერთ წელზე მეტი უკვე მოიხადა, ამასთან, სახეზეა დანაშაულის მცდელობა და არა _ დამთავრებული დანაშაული, დაზარალებულს ზიანი ანაზღაურებული აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ. ლ-ს დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განაჩენი გ. ლ-ს მიმართ შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
გ. ლ-ს დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ლ. პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.