Facebook Twitter

#ბს-1545(კ-18) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 19 ივნისს ჯ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის შემადგენლობაში და ასრულებდა ...ის ფუნქცია-მოვალეობებს. მოსარჩელის მითითებით, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა წარმოებს დამკვეთსა და დაცვას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.

მოსარჩელის აღნიშვნით, დასაქმების პერიოდში იგი მისთვის დაკისრებულ ყველა მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და მას არასდროს არ მიუღია საყვედური ორგანიზაციის ან დასაცავი პირის მხრიდან, ამასთან, მას არ დაკისრებია არც რაიმე სხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის მაისში მისთვის მოულოდნელად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, სამსახურში აცნობეს, რომ იგი გადადიოდა კადრების განკარგულებაში. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა არც მოსარჩელის დაცვის ქვეშ მყოფი პირი - დ. კ-ა. მოსარჩელის აღნიშვნით, დ. კ-ასა და მოპასუხეს შორის კანონის შესაბამისად დადებული 2014 წლის 1 აგვისტოს #1/2860 ხელშეკრულებისა და 2014 წლის 11 დეკემბრის #1/4625 ურთიერთშეთანხმების თანახმად, განსაზღვრული იყო მცველთა რაოდენობა ერთი უფროსი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორის სახით. #1/2860 ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რასაც, მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელის განმარტებით, მოგვიანებით მას გადაეცა თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანება, რომლის თანახმად, იგი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2017 წლის 15 მაისიდან აყვანილ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში. მოსარჩელის მითითებით, ბრძანების საფუძვლად, გარდა სამართლებრივი ნორმებისა, მოყვანილია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო-საორგანიზაციო #.../16.05.2017 ბრძანება, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია.

მოსარჩელის აღნიშვნით, 2017 წლის 26 ოქტომბერს მას ჩაჰბარდა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანება, რომლის თანახმად, იგი 2017 წლის 16 სექტემბრიდან იყო დათხოვნილი.

ამდენად, მოსარჩელემ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ჯ. ა-ის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ჯ. ა-ის სასარგებლოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანება და „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ჯ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჯ. ა-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და ასრულებდა ...ის ფუნქცია-მოვალეობებს.

2014 წლის პირველი აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, მოქალაქე დ. კ-ა და მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსი - მ. ლ-ი შეთანხმდნენ მასზედ, რომ „დაცვა“ უზრუნველყოფდა მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 2 (ორი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს მოქალაქე დ. კ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს - მ. ლ-ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ფიზიკური პირის დაცვას განახორციელებდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის #151073 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებაში და საშტატო განრიგი ჩამოყალიბდა დანართი #1-ს შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში გათვალისწინებულ იქნა უფროსი ინსპექტორის ერთი და ინსპექტორის ერთი თანამდებობა.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის თავმჯდომარეს და აცნობა მოქალაქე დ. კ-ასთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის #1148139 ბრძანების მიხედვით, 2017 წლის 15 მაისიდან დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვალი დანართი #1-ის შესაბამისად და შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში შემცირდა 2 თანამდებობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ჯ. რ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 15 მაისიდან.

2017 წლის 18 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსს განცხადებით მიმართა მოქალაქე დ. კ-ამ და მისი პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულის გამოყოფა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი დ. ჯ-ის დანიშვნა ითხოვა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 მაისს მოქალაქე დ. კ-ასა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება #1664, რომლის საფუძველზეც, დ. კ-ას დაცვას განახორციელებდა ...ის სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის (შემდგომში მცველი) 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ჯ. რ. ა-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2017 წლის 16 სექტემბრიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქე დ. კ-ას 2017 წლის 21 ივნისის განცხადების თანახმად, ჯ. ა-ე სამსახურიდან გათავისუფლდა მასთან შეთანხმების გარეშე და მის დაცვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მცველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე დ. კ-ა მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის - ჯ. ა-ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე.

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ამავე წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე.

სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულ მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ჯ. ა-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა პოლიციელს.

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც მას შედეგად მოჰყვებოდა შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა ხსენებული კანონის 42-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #266 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელთა მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმ საშტატო ერთეულების რაოდენობას, რომლითაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფდა ფიზიკურ პირთა დაცვას, განსაზღვრავდა შესაბამისი ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის #151073 ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებაში და საშტატო განრიგი ჩამოყალიბდა დანართი #1-ს შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში გათვალისწინებული იქნა უფროსი ინსპექტორის 1 და ინსპექტორის 1 თანამდებობა, სულ 2 (ორი) საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის #1148139 ბრძანების მიხედვით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში არსებული ორივე თანამდებობა შემცირდა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რეორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 11 მაისის პატაკი, რომლითაც დგინდებოდა მოქალაქე დ. კ-ასთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი, რის გამოც, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში, თუმცა, სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ასევე დადასტურებული იყო ის გარემოება, რომ მოქალაქე დ. კ-ასა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2017 წლის 18 მაისს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება #1664, რომლის საფუძველზეც, დ. კ-ას დაცვას განახორციელებდა ...ის სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის (შემდგომში მცველი) 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (საშტატო ერთეულის) არსებობა დამოკიდებული იყო დასაცავი პირის ნებაზე და მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, ხოლო დასაცავი პირის მიერ არ გამოხატულა ნება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ჯ. ა-ეს აღარ გაეგრძელებინა დაცვა და მისი დაცვა მხოლოდ ერთი საშტატო ერთეულით უზრუნველეყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. უფრო მეტიც, დასაცავმა პირმა წერილობით მოსთხოვა განმარტება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, თუ რატომ შემცირდა მისი დაცვის მიზნით დადგენილი საშტატო ერთეულების რაოდენობა და რატომ აღარ ახორციელებდა მოსარჩელე ჯ. ა-ე მის დაცვას. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იმ პირობებში შეამცირა დასაცავი პირის დაცვისათვის დადგენილი საშტატო ერთეულები, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოეხდინა ინფორმაციის მოძიების, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო მოქალაქე დ. კ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, მოქალაქე დ. კ-ა კვლავ მოითხოვდა თუ არა უფროსი ინსპექტორის ჯ. ა-ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოქალაქე დ. კ-ამ, ერთი მხრივ, 2017 წლის 18 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მისი პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად ითხოვა ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულის გამოყოფა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი დ.ჯ-ის დანიშვნა, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქე დ. კ-ას 2017 წლის 21 ივნისის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯ. ა-ე სამსახურიდან გათავისუფლდა მასთან შეთანხმების გარეშე და მის დაცვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მცველი, რის გამოც მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის ჯ. ა-ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საშტატო ერთეულის არსებობა დამოკიდებული იყო იმ პირის ნებაზე, რომლის დაცვასაც ახორციელებდა მოსარჩელე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მტკიცებულებათა მოპოვების გზით დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოება - მოქალაქე დ. კ-ას ნება მისი დაცვის თაობაზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. მას შეეძლო თავად დაედგინა აღნიშნული გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ხოლო ჯ. ა-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელმაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჯ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ჯ. ა-ის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო სარგოს ოდენობით კადრების განკარგულებაში გადაყვანიდან სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში გაცემული 2 თვიანი სახელფასო სარგოს გამოკლებით ჯ. ა-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია დავის გადაწყვეტის პროცესში სრულადაა აგებული იმ მოსაზრებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მოქალაქე დ. კ-ა კვლავ მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის ჯ. ა-ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე და დ. კ-ას მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის არარსებობის პირობებში, გამოსაკვლევი იყო, თუ რამ განაპირობა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლო ფაქტობრივად ადასტურებდა მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (საშტატო ერთეულის) არსებობა დამოკიდებული იყო დასაცავი პირის ნებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის #261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათები და სოციალური გარანტიები, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი არის საჯარო მოხელე. პოლიციელის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ის უფლებამოსილებები, რომელიც ენიჭებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელს. კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.

პოლიციელის სტატუსისა და მისი ფუნქციური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია პოლიციელის, როგორც საჯარო მოხელის საშტატო ერთეულის მიბმა (საშტატო ერთეულის დაშვება ან გაუქმება) ცალკეულ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული უხეშად ხელყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის პრინციპებს, რომლის მიზანია სტაბილური და საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გამორიცხა ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვის შესაძლებლობა და სტაბილურობის უზრუნველყოფა-შენარჩუნების დაშვება, იმ პირობებში, როდესაც საჯარო მოხელის სამსახურში მიღება და სამსახურიდან დათხოვნა დამოკიდებულია ცალკეულ პირთან დადებულ გარიგებაზე. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო მოხელე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძენდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსს, ანუ იმ პირის, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მით უფრო აღსანიშნავი იყო ის, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ თავადვე ახდენს მოსამსახურეთა დიფერენცირებას და ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურე შეიძლება იყოს სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე (მუხლი 2); შტატგარეშე მოსამსახურედ, იმავე წესის თანახმად, მიიჩნევა პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-16 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება: თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. ა-ე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომელიც მსახურობდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სისტემაში, მინიჭებული ჰქონდა სპეციალური წოდება და დადებული ჰქონდა პოლიციელის ფიცი. სამსახურში მისი მიღება, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოხდა განუსაზღვრელი ვადით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე - შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ იყო ის გარემოება, რომ შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ქმნის პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმ გარემოების მტკიცება, რომ ადგილი ჰქონდა შტატების შემცირებას და სახეზე იყო პირის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტის შეფასების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო ის გარემოება, რაც გამოვლინდა საქმის შესწავლის პროცესში: დაცვის მომსახურების თაობაზე მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, მიიღება გადაწყვეტილება იმ პოლიციელის საშტატო ერთეულის შემცირების თაობაზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა დაცვითი მომსახურეობა, ამავდროულად, იმავე დღეს შესაძლოა დაცვითი მომსახურეობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდეს სხვა პირთან, რაც იწვევს ახალი საშტატო ერთეულის დამატებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთი დღის განმავლობაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა როგორც საშტატო ერთეულის გაუქმების, ასევე მისი შექმნის ფაქტს. არსებული მექანიზმი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსახურის ზოგად პრინციპებს, ამავდროულად, გამორიცხავდა სამართლებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რამდენადაც დამტკიცებული ერთიანი საშტატო ნუსხის არარსებობა და საშტატო ერთეულების პარალერულ რეჟიმში შექმნა-გაუქმება, შეუძლებელს ხდიდა დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა ადგილი რეალურად შტატების შემცირებას და არსებობდა თუ არა ამ მოტივით საჯარო მოხელის, ამ შემთხვევაში პოლიციელის, სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვერ ადასტურებდა, რომ არსებობდა ჯ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის, სამსახურიდან გათავისუფლების და შემდგომ დათხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ყველა სადავო აქტი უკანონოდ მიიჩნია და დაასკვნა, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, დაზუსტებული მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ა-ის აღდგენა უნდა მომხდარიყო ...ის სამმართველოში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში, მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. მითითებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად კი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების, მათ შორის, პოლიციელების საშტატო ერთეულის შექმნა/გაუქმება დამოკიდებულია დეპარტამენტსა და დაცვის მომსახურების მსურველებს, მესამე პირებს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვებისა თუ ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

კასატორი განმარტავს, რომ დეპარტამენტის მხრიდან ადგილი არ აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დარღვევას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი, როგორც საჯარო მოხელე, უპირობოდ განუსაზღვრელი ვადით უნდა იქნეს მიღებული სამსახურში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლომ ჯ. ა-ის დათხოვნის ფაქტთან მიმართებით იმსჯელა ზოგადად, გამორიცხა კანონით გათვალისწინებული სხვა რეგულაციები, რაც ასევე ითვალისწინებს საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ჯ. ა-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და ასრულებდა ...ის ფუნქცია-მოვალეობებს.

2014 წლის პირველი აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, მოქალაქე დ. კ-ა და მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსი - მ. ლ-ი შეთანხმდნენ მასზედ, რომ „დაცვა“ უზრუნველყოფდა მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 2 (ორი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

დადგენილია, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს მოქალაქე დ. კ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს - მ. ლ-ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ფიზიკური პირის დაცვას განახორციელებდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის 1 (ერთი) უფროსი ინსპექტორისა და 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის #151073 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებაში და საშტატო განრიგი ჩამოყალიბდა დანართი #1-ს შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში გათვალისწინებულ იქნა უფროსი ინსპექტორის ერთი და ინსპექტორის ერთი თანამდებობა.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 11 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის თავმჯდომარეს და აცნობა მოქალაქე დ. კ-ასთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის #1148139 ბრძანების მიხედვით, 2017 წლის 15 მაისიდან დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილებების ჩამონათვალი დანართი #1-ის შესაბამისად და შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 21 იანვარს #14 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, მოქალაქე დ. კ-ას პირად დაცვაში შემცირდა 2 თანამდებობა.

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 18 მაისის #... ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ჯ. რ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 15 მაისიდან.

2017 წლის 18 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსს განცხადებით მიმართა მოქალაქე დ. კ-ამ და მისი პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულის გამოყოფა და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი დ. ჯ-ის დანიშვნა ითხოვა.

დადგენილად ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 18 მაისს მოქალაქე დ. კ-ასა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება #1664, რომლის საფუძველზეც, დ. კ-ას დაცვას განახორციელებდა ...ის სამმართველოს ... განყოფილება: პოლიციის (შემდგომში მცველი) 1 (ერთი) ინსპექტორის საშტატო ერთეულით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომრის 2017 წლის 19 სექტემბრის #... ბრძანების თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე დ. კ-ას პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ჯ. რ. ა-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2017 წლის 16 სექტემბრიდან.

მოქალაქე დ. კ-ას 2017 წლის 21 ივნისის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯ. ა-ე სამსახურიდან გათავისუფლდა მასთან შეთანხმების გარეშე და მის დაცვას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მცველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე დ. კ-ა მოითხოვდა უფროსი ინსპექტორის - ჯ. ა-ის დაბრუნებას დაკავებულ თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.

საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის #261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

ზემოხსენებული ნორმები ადასტურებს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი არის საჯარო მოხელე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პოლიციელის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ასევე ის უფლებამოსილებები, რომელიც ენიჭება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელს. იმავე ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.

პოლიციელის სტატუსისა და მისი ფუნქციური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ პოლიციელის, როგორც საჯარო მოხელის, საშტატო ერთეულის მიბმა (საშტატო ერთეულის დაშვება ან გაუქმება) ცალკეულ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არის დაუშვებელი, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უხეშად ხელყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის პრინციპებს, რომლის მიზანია სტაბილური და საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის ცალკეულ პირთან დადებულ გარიგებაზე დამოკიდებულად მიჩნევა სრულად გამორიცხავს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვის შესაძლებლობას, საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას. ასეთ შემთხვევაში, საჯარო მოხელე შეიძენს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსს, ანუ იმ პირის, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. მით უფრო აღსანიშნავია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ თავადვე ახდენს მოსამსახურეთა დიფერენცირებას და ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურე შეიძლება იყოს სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე (მუხლი 2). შტატგარეშე მოსამსახურედ, იმავე წესის თანახმად, მიიჩნევა პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამინისტროში ან სსიპ-ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-16 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება: თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნული პირი, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, ჯ. ა-ე წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რომელიც მსახურობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სისტემაში, მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. სამსახურში მისი მიღება, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოხდა განუსაზღვრელი ვადით. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე - შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, ქმნის პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ იმ გარემოების მტკიცება, რომ ადგილი აქვს შტატების შემცირებას და სახეზეა პირის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომელიც გამოვლინდა საქმის შესწავლის პროცესში. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მომსახურების თაობაზე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, მიიღება გადაწყვეტილება იმ პოლიციელის საშტატო ერთეულის შემცირების თაობაზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა დაცვითი მომსახურეობა, ამავდროულად, იმავე დღეს შესაძლოა დაცვითი მომსახურეობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდეს სხვა პირთან, რაც იწვევს ახალი საშტატო ერთეულის დამატებას. შესაბამისად, ამგვარ პირობებში, ერთი დღის განმავლობაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს, როგორც საშტატო ერთეულის გაუქმების, ასევე მისი შექმნის ფაქტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ არსებული მექანიზმი, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ზოგად პრინციპებს, არამედ ამავდროულად გამორიცხავს სამართლებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რამდენადაც დამტკიცებული ერთიანი საშტატო ნუსხის არარასებობა და საშტატო ერთეულების პარალერულ რეჟიმში შექმნა-გაუქმება, შეუძლებელს ხდის დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი რეალურად შტატების შემცირებას და არსებობდა თუ არა ამ მოტივით საჯარო მოხელის, ამ შემთხვევაში პოლიციელის, სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს მიუთითოს დაცვის მომსახურების თაობაზე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების ბუნებაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის #ბს-901-867(გ-08) განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დაექვემდებარა. წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე დაცვა, ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.“

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს ევროპის სოციალურ ქარტიაზე, რომლის პირველი მუხლი ხელშემკვრელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება უპირობოდ გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, და აღნიშნული მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

საკასაციო სამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა ჯ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის, სამსახურიდან გათავისუფლების და შემდგომ დათხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დაზუსტებული მოთხოვნისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი სტრუქტურის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ჯ. ა-ის აღდგენა უნდა მოხდეს ...ის სამმართველოში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი