№ბს-41(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „…“, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 მარტს ბმა „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის - შპს „...ის“ მიმართ, ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... ადმინისტრაციული აქტის და ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 1989 წლის 9 მარტის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №05.05.119 გადაწყვეტილების თანახმად, №... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს გამოეყო მიწის ნაკვეთი მდებარე ...ში, მე-2 მ/რ, (№27-ბ), 3-4 სართულიანი 50 ბინიანი აგურის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 25 აპრილის №8/93-1016 გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 9 მარტის №119 გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომთან შეიქმნა საბინაო სამშენებლო კოოპერატივი „თ…ი”, რომლის 3-4 სართულიანი 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწარმოებდა ...ის II მკ/რ-ში, კორპუსი 27ბ.
2007 წლის 13 ივლისის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი „…“-ის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (ოქმი №1) ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №…-ის წევრების მიერ დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“ და იგი მიჩნეულ იქნა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №…-ის უფლებამონაცვლედ. ამავე ოქმით დამტკიცდა ამხანაგობის დებულება და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. კ-ი.
2013 წლის 27 სექტემბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის თავმჯდომარემ ნ. კ-მა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა წითელი ხაზების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის II მიკრორაიონი, №27ბ კორპუსი. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება №864848, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
№... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა პირმა 2013 წლის 4 ოქტომბერს დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოთხოვნას წარმოადგენდა - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2013 წლის 14 ნოემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 24 იანვარს მიიღო საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება.
2014 წლის 21 თებერვალს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის თავმჯდომარემ ნ. კ-მა №35600/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ბმა „...“-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც განხორციელდებოდა ქ. თბილისში, ...ის II მიკრორაიონი, №27ბ კორპუსზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ბმა ,,...“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბმა „...“-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბმა „...“-ის სარჩელი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 13 სექტემბერს.
მოსარჩელის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების პარალელურად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანებით (გასაჩივრებული აქტი) დადგინდა, რომ ქ. თბილისის, ...ის ქუჩა, კორპუსი №2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად. აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ „ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრებულიყო კანონით დადგენილი წესით, მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).“ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 4 ოქტომბერს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა ...ი, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (საკადასტრო კოდი ...).
ამასთან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 17 ნოემბერის №01-1/77 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ქუჩა ...ი, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ (საკადასტრო კოდი ...). სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 იანვარს გამართულ აუქციონზე ზემოაღნიშნული ქონების შემძენი გახდა შპს „...ი“ (ს.კ....), რომელთანაც 2017 წლის 26 იანვარს გაფორმდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება და 2017 წლის 28 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ქუჩა ...ი, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ....) მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „...ი“.
2017 წლის 10 თებერვალს ბმა „თ...ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა მიემართათ სასამართლოსათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბმა „... “-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 თებერვლის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა ბმა „... “-ის 2017 წლის 10 თებერვლის №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, ამავე კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით არასწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე (განხილვაზე), შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მიერ 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილი წარმოადგენდა უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე (განხილვაზე) უარის თქმის შესახებ, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა ბმა „...“-ის 2017 წლის 10 თებერვლის №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ, არსებითი განხილვის ეტაპზე, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანებაში მითითებული მიწის ნაკვეთი და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წლის 9 მარტის №05/05/2019წ. გადაწყვეტილების თანახმად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდნენ თუ არა იდენტურ მიწის ნაკვეთებს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (2016 წლის 13 სექტემბერი), ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანებით, რამდენად კანონიერად დადგინდა ქ. თბილისის, ...ის ქუჩა, კორპუსი №2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირება.
ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანებისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების განხილვა სასამართლოს მოსაზრებით ჯერ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციას წარმოადგენდა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მის კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე თანმდევი შედეგების ბათილად ცნობაზეც. თუმცა, თანმდევი შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ბათილობის საკითხის განხილვისას კონკრეტულად უნდა მითითებულიყო თუ რომელი აქტის, ქმედების ან ხელშეკრულების ბათილობა სურდა მოსარჩელეს (გამომცემი ორგანოს და რეკვიზიტების მითითებით), რაც მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად სარჩელის არაერთგზის დაზუსტებისა მოსარჩელე მხარის მიერ არ განხორციელებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბმა „... “-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბმა „...“-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზაიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების კანონიერების განხილვა თავდაპირველად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციას წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპისათვის მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე, მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტის ხანდაზმულობის ირგვლივ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილი მოსარჩელის წარმომადგენელს ნ. კ-ს ჩაბარდა 2017 წლის 1 მარტს, ხოლო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 27 მარტს. ამასთან, ვინაიდან, სადავო ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09-1/1554 ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილის კანონიერების შემოწმების გარეშე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილის ბათილად ცნობაც. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მისი იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზნით მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია, რის გამოც, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილის გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ იქნა გაზიარებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდებაზე“, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ქალაქ თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ.
აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით კასატორს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას, ხოლო რაც შეეხება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მას მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით და იგი ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის №09/1554 ბრძანება მიღებულია სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. მოქმედი კანონმდებლობით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმსარულებელ აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც ქ. თბილისის მუნციპალიტეტის კომპეტენციას არ განეკუთვნება, სწორედ აღნიშნული ეცნობა მხარეს №..., 27/02/2017 წერილით.
კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის №... წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რადგან დასახელებული წერილი ინფორმაციული ხასიათისაა და არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის წარმოშობისათვის, კერძოდ, აღნიშნული წერილი დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივ შედეგს ბმა „...“-ის მიმართ არ წარმოშობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, შესაძლებელია თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანხმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (2018 წლის 16 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლზე, რომლის 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით: „სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული რედაქციით: „სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლზე (მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები (მათ შორის დღეს მოქმედი ნორმები), რომელიც თავის მხრივ დაეფუძნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, პირდაპირ მიუთითებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების სავალდებულო ხასიათზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, რაც ასევე განიმარტა გასაჩივრებული აქტითაც.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში წარმოადგენს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (2018 წლის 16 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, მართალია საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციისადმი მიკუთვნებული უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა არის მისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პოზიციას იმ შესახებ, რომ ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში აღარ უნდა მოხდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მოქმედი რეგულაციები პირდაპირ მიუთითებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან გასაჩივრების წესზე, რაც გამორიცხავს სარჩელის პირდაპირ სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი შეიცავს დათქმას კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებზე, როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაზე, როდესაც სარჩელი დასაშვები შეიძლება გახდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის გარეშეც. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა ვერ ჩაითვლება ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად, რადგან არ არსებობს აღნიშნულის კანონისმიერი საფუძველები. ამასთან, ყველა მარეგულირებელი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი, მათ შორის გასაჩივრებული აქტი, შეიცავს პირდაპირ მითითებას ზედგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის №ბს-208-200(კ-13) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.“
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში განხორციელებული ადმინისტრაციული კონტროლის ფარგლები უფრო მოცულობითია, ვიდრე სასამართლო კონტროლი. კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ კანონიერების შემოწმებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას; როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე