Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე თ ბ ა

¹ 195-აპ 4 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განაჩენზე გ. ქ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განაჩენით გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ.ქ-ს სასჯელის ზომად შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით გ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, კერძოდ: 1986წ. 16 იანვარს იგი გაასამართლა დუშეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1994წ. 22 ივლისს გ. ქ. გაასამართლა თბილისის გლდანის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლოს 1997წ. 22 სექტემბერს იგი გაასამართლა თბილისის გლდანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტით და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის დადგენილებით გათავისუფლდა და მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობით, 1 წლის, 9 თვისა და 29 დღის ვადით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და პირობითი ვადის გასვლამდე ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: 2003წ. 23 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, იგი სტუმრად მივიდა თავისი ნათესავის ხ. ქ-ს საცხოვრებელ ბინაში მაგრამ ხ. ქ. ოჯახთან ერთად სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც განიზრახა, გაექურდა ზემოხსენებული ბინა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ხ.ქენქაძის კუთვნილ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შემდეგი დასახელებისა და ღირებულების ნივთები: უცხოური წარმოების “ჯი-ვი-სი-ს” ფირმის ტელევიზორი დისტანციური მართვის პულტით, ღირებული 742 ლარად; უცხოური წარმოების “პანასონიკის” ფირმის ვიდეომაგნიტოფონი ღირებული 212 ლარად; უცხოური წარმოების “პანასონიკის” ფირმის ორ- კასეტიანი მაგნიტოფონი, ღირებული 80 ლარად; @“ფილიპსის” ფირმის ეპილატორი, ღირებული 70 ლარად; უცხოური წარმოების მოწითალო ფერის რადიო-ფანარი, ღირებული 35 ლარად; “კოდაკის” ფირმის ფოტოაპარატი, ღირებული 25 ლარად; ნაძვის ხის სათამაშოები, ღირებული 400 ლარად; უცხოური წარმოების ყავისფერი პლედი, ღირებული 25 ლარად; ქალის ყავისფერი მოკლე “დუბლიონკა”, ღირებული 150 ლარად; მამაკაცის შავი ფერის ტყავის მოკლე ქურთუკი, ღირებული 180 ლარად; ბავშვის ორი ცალი “დუბლიონკა”, თითო ღირებული 45 ლარად; მამაკაცის თეთრეული, ღირებული 30 ლარად; ერთი ცალი ბაჯაღლოს საქორწინო ოქროს “რგოლი”, ღირებული 380 ლარად; ერთი ცალი ბაჯაღლოს რგოლი გრეხილი, ღირებული 420 ლარად; ერთი ცალი დაბალი სინჯის ოქროს ბეჭედი, ღირებული 80 ლარად; მამაკაცის ოქროს ჯაჭვი “ბიმარკი”, ღირებული 450 ლარად; მამაკაცის ოქროს სამაჯური, ღირებული 450 ლარად; ქალის ოქროს ლენტისებური ქსოვის ჯაჭვი თავისი მედალიონით, ღირებული 450 ლარად; ოქროს საათი თავისი სამაჯურით, ღირებული 530 ლარად; ოქროს სამეული “კამეა”, ღირებული 450 ლარად; ოქროს ბეჭედი “ნ. ის მონეტით”, ღირებული 300 ლარად; ერთი ცალი ბრილიანტის ბეჭედი, ღირებული 150 ლარად; ოქროს ბეჭედი გაწყობილი ალმასის თვლებით, ღირებული 80 ლარად; ორი ცალი ბავშვის ოქროს სამაჯური, სულ ღირებული 150 ლარად; ოქროს ჯაჭვი ჯვრით, ღირებული 80 ლარად; ვერცხლის ჯაჭვი, ღირებული 40 ლარად; ვერცხლის სამაჯური, ღირებული 20 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ ხ. ქ-ს მიაყენა 6069 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებულ იქნა დაზარალებულ ხ. ქ-ს კუთვნილი, შემდეგი დასახელების ნივთები: კერძოდ: უცხოური წარმოების “პანასონიკის” ორკასეტიანი მაგნიტოფონი, უცხოური წარმოების მოწითალო ფერის რადიო-ფანარი, უცხოური წარმოების “კოდაკის” ფირმის ფოტოაპარატი, ნაძვის ხის სათამაშოები, ბავშვის ორი ცალი “დუბლიონკა”, მამაკაცის თეთრეული. რაც შეეხება გატაცებულ ნივთებს, საერთო ღირებულებით 5409 ლარის ოდენობით, მათი ამოღება ვერ მოხერხდა.

ე.ი. იგი გ.ქ-მ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით.

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

იგი წარსულში ორჯერ იქნა გასამართლებული ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შენახვისათვის, კერძოდ: 1994წ. 22 ივლისს გ.ქ. გაასამართლა გლდანის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) და მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1995წ. 7 აგვისტოს გაასამართლა ასევე ქ. თბილისის გლდანის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 252-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძვ. რედაქცია) და მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2003წ. 28 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ყაყაჩოს თესლი, რომლისგანაც იმავე დღეს უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმის” ხსნარი, რომლის ნაწილიც მოიხმარა, ხოლო დანარჩენი კი მოათავსა სამედიცინო ერთჯერად შპრიცში და ჩაიდო ქურთუკის მარცხენა ჯიბეში შემდგომი მოხმარებისათვის.

იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, მე-2 ნავთლუღის მე-7 ქუჩაზე, იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს სამედიცინო ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმის” ხსნარი, წონით 2,6 მლ, რასაც ინახავდა უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით.

მსჯავრდებული გ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ გ.ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ახმეტელაშვილი ითხოვს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებასა და სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას; წარსული ნასამართლობები მისი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ამიტომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

პროკურორმა რ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, გ. ქ. გაამართლა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მსჯავრი დასდო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას; მისი ცხოვრების წესი, წარსული ნასამართლობები, რაც შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ასევე ის გარემოება, რომ დაზარალებულს ზარალი სრულად არა აქვს ანაზღაურებული და ეს უკანასკნელი ითხოვს ანაზღაურებას.

ყოველივეს გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ. ქ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შეფარდებული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განაჩენი გ. ქავთარაძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.