№ბს-43(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. წ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 ოქტომბერს ს. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის №331 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 1872 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში ჰქონდა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან იგი 50 წელზე მეტია ფლობს მისი საკუთრების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს საერთო ფართობით 1872 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია მრავალწლოვანი ნარგავები, ხეხილი და შვილიშვილების სათამაშო პატარა მინდორი. აღნიშნულ ტერიტორიას ოჯახი ფლობს რეკრეაციული დანიშნულებისათვის მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, რასაც ადასტურებს არაერთი დოკუმენტი. მიუხედავად აღნიშნულისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 28 სექტემბერს №331 განკარგულებით უარი უთხრა მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე, იმ მოტივით, რომ ვერ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის №331 განკარგულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მოსარჩელე ს. წ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე 1872.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ს. წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ს. წ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) მომიჯნავედ მდებარე - 1872 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ს. წ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც იყო ნაწილობრივ შემოღობილი, გასუფთავებული ხე-ბუჩქნარისაგან. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით დასადგენი იყო შემოწმების ჩატარებამდე ახორციელებდა თუ არა ს. წ-ი რაიმე სამუშაოს აღნიშნულ მიწაზე, იყენებდა თუ არა მას საძოვრად, აგრეთვე არ გამოკვლეულა ვის მიერ მოხდა ნაკვეთის ხე-ბუჩქნარისგან გაწმენდა და რა მიზნით, ვის ეკუთვნოდა სადავო ნაკვეთზე განთავსებული თხილის ნარგავები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად კი უნდა გამოკითხულიყო მომიჯნავე მიწის მესაკუთრეები, რათა დადგენილიყო ფლობდა თუ არა ფაქტობრივად ს. წ-ი 2007 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.
საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღიარების კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მოუხდენია მტკიცებულებების უტყუარობის კვლევა-დადგენა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საკანონმდებლო ნორმების ზედაპირულ განმარტებას, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაში; დაკმაყოფილდა ს. წ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის №26 საოქმო გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1872 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს. წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ს. წ-ის წარმომადგენლების 2019 წლის 26 სექტემბრის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც 2018 წლის 28 სექტემბრის №331 განკარგულებასთან ერთად, დამატებით მოთხოვნილ იქნა 2018 წლის 27 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოფარგლულიყო მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით, ამასთან, კომისიას ყურადღება უნდა გაემახვილებინა დაინტერსებული მხარის განმარტებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო შემოღობილი, გაშენებული იყო მრავალწლიანი ნარგავებით და ეზოში იყო უძველესი ღვინის ქვევრი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. კომისიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმართა არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს ,,...ს“, სს ,,ე...ას“, ... ,,...ას“, ... ,,ს...ს“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. ამასთან, კომისიის მიერ მოხდა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც არ დადასტურდა ს. წ-ის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარებით არის ხე-ბუჩქნარისგან ნაწილობრივ გასუფთავებული, დასასვენებლად განკუთვნილი, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთს არ ეტყობა ათვისების კვალი. ამასთან, თუ ვის მიერ განხორციელდა ხე-ბუჩქნარით ტერიტორიის გასუფთავება აღნიშნული არ წარმოადგენდა კომისიის მიერ სავალდებულო გამოკვლევის საგანს.
კასატორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმსა და აქტს და უპირატესობა მიანიჭა აღნიშნულ მტკიცებულებებს, ხოლო რაც შეეხება ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შედგენილ აქტს, რომლითაც დასტურდება ს. წ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, იგი შედგენილია მხოლოდ მოწმეთა განმარტების საფუძველზე, მოწმე მართალია გაფრთხილებულია ცრუ ჩვენებისთვის, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რა დამოკიდებულებაშია მოწმე დაინტერესებულ მხარესთან - ს. წ-თან და ამასთან, გასარკვევია მოწმის მოსაზრება მფლობელის ცნებასთან მიმართებაში, რამდენად ინფორმირებულია იგი თუ რა არის მფლობელობა თავისი არსით, თვლის ის მფლობელობას და სარგებლობას შემოღობვასა თუ მიწის ნაკვეთის სხვაგვრად ათვისებად, გამოყენებას თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ს. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (კანონიერების პრინციპი), ხოლო კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წერილები გააგზავნა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და ორგანიზაციასთან, მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლთან, საიდანაც მიიღო პასუხები სადავო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში აღიარებასთან მიმართებაში წინააღმდეგობის არარსებობის და ს. წ-ის მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. თუმცა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სავარაუდო მოსაზრებებზე დაყრდნობით, ეჭვქვეშ დააყენა სოფელ ...ში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის წერილი და მოწმეთა სანდოობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთის მხრივ, დააფიქსირა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის და ხე-ბუჩქნარისგან ნაწილობრივ გასუფთავების ფაქტი და ის გარემოება, რომ ეს ტერიტორია განკუთვნილი იყო დასასვენებლად, ხოლო მეორეს მხრივ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთს არ ეტყობოდა ათვისების კვალი, რა პოზიციაც ცალსახად წინააღმდეგობრივია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ გარემოების დადგენა, თუ ვის მიერ განხორციელდა ხე-ბუჩქნარით ტერიტორიის გასუფთავება და შემოღობვა, არ წარმოადგენდა კომისიის სავალდებულო გამოკვლევის საგანს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შეფასება გულისხმობს, სწორედ, საქმესთან კავშირში მყოფ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლას და შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში კი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხის გადაწყვეტისას მიწის ნაკვეთის ხე-ბუჩქნარისგან გასუფთავებისა და შემოღობვის ფაქტის, აგრეთვე, მხარის მიერ მითითებული გარემობების - სადავო მიწის ნაკვეთზე მრავალწლიანი ნარგავებისა და ეზოში უძველესი ღვინის ქვევრი არსებობის შესახებ, სათანადო შეფასების გარეშე დატოვება, გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთზე მრავალწლიანი ნარგავებისა და უძველესი ღვინის ქვევრის არსებობის ფაქტი და ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში სათანადო წესით ჩააბას დაინტერესებული პირები (2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს. წ-თან ერთად თანამესაკუთრებად რეგისტრირებული პირები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე