№ბს-59(2კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 26 ივლისს ი. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 5 დეკემბრის №1/1-3901 ბრძანების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 3 ივლისის №1-1/284 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის საზღვრები დაკორექტირდებოდა იმგვარად, რომ აღმოფხვრილიყო ი. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზედდება (საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზის მიხედვით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 3 ივლისის №1-1/284 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 5 დეკემბრის №1/1-3901 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფოს საკუთრებად №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე ი. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზედდების აღმოსაფხვრელად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 დეკემბრის №1/1-3901 ბრძანების კანონიერების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო იმ გარემოების შეფასებით, გააჩნდა თუ არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამბროლაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის საზღვრების დაკორექტირების საფუძველი სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზის მიხედვით ან/და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განხორციელდა თუ არა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის გადაწყვეტისას სააგენტოსა და მისი 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და წარდგენილი მტკიცებულებების სათანადო შეფასებას, რამეთუ სააგენტოს შესაბამისი დასკვნების საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით, კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის №4555 წერილით დადასტურდა, რომ ი. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, №... საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მისი №... განცხადებით მითითებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ნაკვეთს, რომელიც ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებულ, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან და ამდენად, არსებობდა მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საჭიროება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებმა გადაწყვეტილება დააფუძნეს ერთადერთ მტკიცებულებას - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის №4555 წერილს, რომლითაც საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ მოქალაქე ი. ბ-ის (პ/ნ ...) მიერ 2016 წლის 19 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შემსრულებელი ი/მ „თ. ბ-ე“) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 2500 კვ.მ), კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთების მითითებული მფლობელობა იდენტურია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №... 15.02.2016) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა. თუმცა, თავის მხრივ, ამბროლაურის გამგეობამ აღნიშნული წერილის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00018. კასატორის მითითებით, უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ, საარქივო ცნობაში არ არის მითითებული მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეები და არც მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია. გამომდინარე აქედან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული წერილით და ადგილზე დათვალიერების ოქმით არ არის შესწავლილი და გამოკვლეული ის გარემოება არსებობს თუ არა სადავო უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობა. აღნიშნული ოქმით ასევე არ დგინდება, რა გარემოება იქნა გამოკვლეული და დაადგენილი ადგილზე დათვალიერების შედეგად. აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულია, რომ მოსარჩელე ი. გ. ბ-ის (ოჯახის უფროსს) კომლს ერიცხება 1998-1999 წლების მდგომარეობით 114 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო 2001 - 2004 წლების მდგომარეობით 60 კვ.მ. საერთო სარგებლობის საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. თუმცა მოსარჩელეს წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მასზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება, ასევე შენობა-ნაგებობა არ არის დატანილი საკადასტრო გეგმაზე, რომელიც ასახავს სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. შენობა-ნაგებობა ასევე არ ფიქსირდება ორთო-ფოტოზე. კასატორის აღნიშვნით, სასამართლოებს არ შეუფასებიათ სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ მოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, მხედველობაში არ მიუღიათ 2016 წლის 11 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი.
შესაბამისად, კასატორის მითითებით დაუდგენელია რის საფუძველზე მიიჩნიეს სასამართლოებმა, რომ არსებობდა ი. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და აგრეთვე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ი. ბ-ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 114 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი (1998-2001 წლების მონაცემები). ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთდერთ წევრად მითითებულია ი. გ. ბ-ე, კომლს საკუთრებად ერიცხება 60 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის №4555 წერილის და №00018 ჩატარებული დათვალიერების ოქმის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 2016 წლის 15 თებერვალს გაცემული №... საარქივო ცნობა) მითითებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის იდენტური.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (ამჟამად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“) საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე (ამჟამად მოქმედი კანონის მე-41 მუხლი), რომლის თანახმადაც, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის №4555 წერილი (მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ) - მოსარჩელისათვის წარმოადგენს აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იმ პირობებში, როდესაც იგი კასატორების მხრიდან სათანადო წესით სადავო არ გამხდარა, არ არსებობს მისი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებას სადავო მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიად მიჩნევის გამო, მისი განკარგვის გამორიცხვის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წელს ამოქმედებული კანონის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ძ) და ძ.ა) ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ მიუთითებენ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც გამორიცხავდა კომლისათვის აღნიშნული კატეგორიის მიწის ნაკვეთის შევსების წესით გადაცემის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე