Facebook Twitter

№ბს-64(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ო-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 აპრილს ზ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ ზ. ო-ისათვის „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №2 სხდომის ოქმი ზ. ო-ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების თაობაზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №2 სხდომის ოქმი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით. ამავე კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 74-ე მუხლის შესაბამისად, 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. 3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი გაფრთხილების ერთ-ერთი საფუძველია პაციენტის განცხადება ან საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობას. საქართველოში სამედიცინო პროფესიული განვითარების პროცესს ხელმძღვანელობს საბჭო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) თავმჯდომარეობით. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, საბჭო, თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ. ო-ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოების არც ერთ ეტაპზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა განხილვაზე, მისთვის არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა წარმოების პროცედურა, რაც სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია და არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომლებითაც გააბათილებდა პროფესიული განვითარების საბჭოს, ასევე რეცენზენტთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოებმა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითეს, რომ მხარე არ იყო მიწვეული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე, მას არ ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, თუმცა კასატორის მითითებით, მხარეს არც სასამართლო სხდომებზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებითაც დაადასტურებდა, რომ მისი მხრიდან პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარება იყო სრული და ადეკვატური.

კასატორის მოსაზრებით, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაზე მოწვევის შემთხვევაშიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან მხარეს არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია არც სასამართლო სხდომებზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, ასევე სასამართლო სხდომებზე, სრულად დადასტურდა ექიმ ზ. ო-ის მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ნაკლოვანებების არსებობის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ზ. ო-ისათვის „წერილობითი გაფრთხილების“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 7 მარტის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.05.2008წ. №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს თანდართული დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრების განხილვა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წერილობითი გაფრთხილების ერთ-ერთი საფუძველია პაციენტის განცხადება ან საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ ნ. ს-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიულ პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - პროფესიული განვითარების საბჭომ ს/ს „…ის“ ექიმ - ზ. ო-ეს ისე მისცა „წერილობითი გაფრთხილება“ პაციენტ - ნ. ს-ის განცხადების საფუძველზე, რომ ექიმ - ზ. ო-ეს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექიმ - ზ. ო-ეს ცალსახად უნდა მისცემოდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან, ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოებს - მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება კი გულისხმობს არა მხოლოდ მის მატერიალურ-სამართლებრივ, არამედ ფორმალურ-სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას (ფორმალური და მატერიალური კანონიერება).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ფორმალური მხარის დაცვისა და მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის შემთხვევაშიც, პროფესიული განვითარების საბჭო იდენტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. აღნიშნული პრინციპის გაზიარება ცალსახად არღვევს ადმინისტრაციული წარმოების სტანდარტებსა და საფუძველს აცლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების მიმართ არსებული ფორმალური კანონიერების სავალდებულო მოთხოვნას, ვინაიდან, დაინტერესებული პირის - განსახილველ შემთხვევაში ექიმის - ადმინისტრაციულ წარმოებაში მიუწვევლობა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანს მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხის შეფასება წარმოადგენს, მიუხედავად მისი ჩართულობის შემთხვევაში იდენტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობისა, იწვევს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებას და დაინტერესებული პირის უფლებების დაუსაბუთებელ შელახვას, მით უფრო განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე