საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-170(კ-20) 22 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 21 სექტემბერს ი. რ. მ. ა.-ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წელს სწავლის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, ჩაირიცხა ...ში ...ის ფაკულტეტზე და შესაბამისი სასწავლო ბინადრობის ნებართვის საფუძველზე დღემდე აგრძელებს სწავლას. 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ი. რ. მ. ა.-ა-ის 2018 წლის 03 აგვისტოს №... განცხადება და უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთოდ არ არის დასაბუთებული და მოკლებულია რეალურ, ფაქტობრივ საფუძვლებს, ვინაიდან მოსარჩელე არასდროს არ ყოფილა ძებნილი ან/და ნასამართლევი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ი. რ. მ. ა.-ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. რ. მ. ა.-ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. რ. მ. ა.-ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილება ი. რ. მ. ა.-ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-ის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, სააგენტომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შეამოწმა ი. რ. მ. ა.-ა-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა შესაბამის საქართველოს სახელმწიფო ორგანოს, განუსაზღვრა მოსარჩელეს ვადა დამატებითი მტკიცებულების (ნასამართლობის ცნობის) წარსადგენად და დადგენილ ვადაში მტკიცებულების წარუდგენლობის გამო, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუმცაღა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რადგანაც მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-მა, ხარვეზის დადგენის ვადაში - 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ერაყის რესპუბლიკის კონსულის მ. ჰ. რ. რ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N288, რომლის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ი. რ. მ. ა.-ა-ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყში დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-ის მიერ დადგენილ ვადაში - 2018 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი ცნობა არ საჭიროებდა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” 4.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, უცხოელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. დადგენილია, რომ აღნიშნული უფლებამოსილების არსებობის პირობებში, მოპასუხემ ი. რ. მ. ა.-ა-ისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლად მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას: თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის), ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე –სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. რ. მ. ა.-ა-მა 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ერაყის რესპუბლიკის კონსულის მ. ჰ. რ. რ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N288, რომლის თანახმად ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ი. რ. მ. ა.-ა-ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყში დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარადგინა, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შესაბამისად, მან შეავსო სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი. ამასთან, დადგენილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამ პირობებში, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიცვა თანმიმდევრულობის პრინციპი კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, რასაც მისი მხრიდან შედეგად მოჰყვა შეუსაბამო დასკვნების გაკეთება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილება ი. რ. მ. ა.-ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. რ. მ. ა.-ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 18.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.1 მუხლზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ი. რ. მ. ა.-ა-ის დაევალა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ერაყის რესპუბლიკიდან, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენა, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა განმცხადებლისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთანავე, განმცხადებელი ინფორმირებულ იქნა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა განმცხადებელს 2018 წლის 15 აგვისტომდე N... გადაწყვეტილებით გაუგრძელდა ვადა აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად 2018 წლის 30 აგვისტომდე. საქმის მასალები ადასტურებს, რომ განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი - ნასამართლობის არქონის შესახებ ცნობა.
კასატორის განმარტებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. თუმცა სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ ზემოაღნიშნული სათანადო წესით დამოწმება გულისხმობდა დოკუმენტის ,,საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ" საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვალის N60 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად დამოწმებულ დოკუმენტს, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტი უთითებს: საკონსულო ლეგალიზაციის წესი არეგულირებს საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების, აქტებისა და საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს. ამავე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, საკონსულო ლეგალიზაციას ექვემდებარება საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები და საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტები. მოცემულ შემთხვევაში, N288 ცნობა, რომელიც ხელმოწერილი იყო ერაყის კონსულის მიერ, საჭიროებდა შესაბამისი წესით საკონსულო ლეგალიზებას, ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცნობა არ საჭიროებდა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, ზემოხსენებული „წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზებას.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.7 მუხლის შესაბამისად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება ი. რ. მ. ა.-ა-ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 აგვისტოს N... გადაწყვეტილების - ი. რ. მ. ა.-ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. რ. მ. ა.-ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული ,,წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. რ. მ. ა.-ა-ი (დაბადებული ... წლის ... ...ს) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე.
შპს ...ის 2018 წლის 02 აგვისტოს ცნობით N05-7997 დგინდება, რომ ი. რ. მ. ა.-ა-ი არის ...ის ინგლისურენოვანი პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და ...ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ...ის პრეზიდენტის N223/14 ბრძანების საფუძველზე, ...ის ინგლისურენოვანი პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი, პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელი 300 კრედიტიდან სტუდენტს მინიჭებული აქვს 240 კრედიტი, დასრულების სავარაუდო თარიღია 20.07.2019 წელი.
2018 წლის 03 აგვისტოს ი. რ. მ. ა.-ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 04 აგვისტოს №... წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ი. რ. მ. ა.-ა-სთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს SSG 8 18 00121738 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ი. რ. მ. ა.-ა-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს №... წერილით ი. რ. მ. ა.-ა-ს 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადებაზე №... დაუდგინდა ხარვეზი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ი. რ. მ. ა.-ა-ს დაევალა აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა.
დადგენილა, რომ მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-მა ხარვეზის დადგენის ვადებში, 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა ერაყის რესპუბლიკის კონსულის მ. ჰ. რ. რ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N288, რომლის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ი. რ. მ. ა.-ა-ი არის იგივე პიროვნება, როგორც არის მოცემული ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყში დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ი. რ. მ. ა.-ა-მა ხარვეზით დადგენილ ვადაში, არ წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი - ნასამართლობის არქონის შესახებ ცნობა. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ხარვეზის მოქმედების ვადაში წარდგენილია ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც დგინდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არ არის ნასამართლევი, ხოლო რაც შეეხება ერაყის საკონსულოს საქართველოში, მის მიერ მოხდა მხოლოდ პირის იდენტიფიცირება, რაზეც გაიცა ცნობა N288. აღნიშნული კი, ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28.11.19წ. #35249 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.11.19წ. #35249 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე