საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-199(კ-20) 22 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 აპრილს ქ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ... წლიდან ... წლამდე ცხოვრობდა დაბა ...ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში, ... ,,...ში“. 2010 წლიდან ...დან დევნილები გადაიყვანეს ერთ-ერთ ...ში, რის შემდეგაც მოხდა დევნილების დაკმაყოფილება შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით. მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნდა ცალკე ოჯახის ნომერი და ცალკე ოთახი. დღეის მდგომარეობით, მისი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, თუმცა ის დღემდე ჩაწერილია და მისი იურიდიული მისამართია დაბა ...ი, ...ო ,,...ი“.
2018 წლის 10 აპრილს ქ. ღ-ამ შეავსო აპლიკაცია ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე განსახლების აუცილებლობის არარსებობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანების დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ. ღ-ას ქ. ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ღ-ას ქ. ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ღ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც 2013 წლის 29 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული პირის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ...ა, ...ი. 2018 წლის 26 მარტს ქ. ღ-ამ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და ქ. ბათუმში მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სააგენტომ მიუთითა, რომ ქ. ღ-ა შეუზღუდავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სარგებლობს შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით. ამასთან, მის შვილს - ა. ღ-ას გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართიც, შესაბამისად, მიზანშეუწონელია მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების საკითხის მომდევნო ეტაპზე განხილვა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. ღ-ა იძულებით გადაადგილებული პირის საანკეტო მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ, მასთან სხვა პირები დარეგისტრირებულები არ არიან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ღ-ასთან ერთად ცხოვრობენ თუ არა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამგვარად, საანკეტო მონაცემების თანახმად, ქ. ღ-ას ოჯახი არის ერთსულიანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ 6.6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად. ამავე „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო შემთხვევაში ჰქონდა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომ მინიჭებული პრიორიტეტის საფუძველზე, მოეხდინა მოსარჩელის დაკმაყოფილება, რაც არ განახორციელა. პალატამ ასევე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოდ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის ასაკი. დადგენილია, რომ ქ. ღ-ა არის 87 წლის და რეგისტრირებულია შვილებისაგან ცალკე ოჯახად, მას არ მიუღია კომპენსაცია და ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამ პირობებში კი, გაურკვეველია, მოექცევა თუ არა მომდევნო ეტაპზე მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვა გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს განსახლების ადგილად მითითებული აქვს ქ. ბათუმი, ხოლო ვინაიდან აჭარის რეგიონში უახლოეს პერიოდში დევნილთა განსახლება არ იგეგმება, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად უარი განაცხადა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია.
კონკრეტულ შემთხვევაში იძულებით გადაადგილებულმა პირმა ქ. ღ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 2,5 ქულით (1,5 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე, 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან). შემდგომში მას ეს ერთი ქულა დააკლდა, ვინაიდან მისივე განმარტებით დადგინდა, რომ ცხოვრობს არა მარტო, არამედ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, ...ის 1-ლი მიკრორაიონი, მე-2 კორპუსი, ბინა N78, მე-8 სართული). ვიზიტის დროს მოსარჩელესთან გასაუბრებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ეკუთვნის მოსარჩელის ქალიშვილს ა. ღ-ას. აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ცხოვრობს 2002 წლიდან მონიტორინგის სამსახურის ვიზიტამდე. მოსარჩელე ზემოხსენებულ საცხოვრებელში (თბილისი, ...ის 1-ლი მიკრორაიონი, მე-2 კორპუსი, ბინა N78, მე-8 სართული) ცხოვრობს მეორე ქალიშვილთან, მა. ღ-ასთან (რომელიც, როგორც დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია ...ში), მესამე ქალიშვილთან, მ. ღ-ასთან და შვილიშვილთან, ა. ღ-ასთან ერთად.
მონიტორინგის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი არის კორპუსის ტიპის კაპიტალური ნაგებობა, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი და გამართული. შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რამდენადაც უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის შვილის საკუთრებას, რომელსაც ასევე გააჩნია სხვა საკუთარი საცხოვრებელი, არსებობს რეალური სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს მასთან მიმართებით გადაუდებელი განსახლების საჭიროებას და მიზანშეწონილი და გამართლებულია მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განხილულ იქნეს მომდევნო ეტაპზე.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (2019 წლის 30 იანვრის N2 ოქმი) გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლითაც მოსარჩელის ოჯახს დააკლდა 1 ქულა (მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან), კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს აპლიკანტი ოჯახისათვის ქულის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი შედგება ერთი მარტოხელა პენსიონერი წევრისაგან, ან ოჯახის ყველა წევრი არის ხანდაზმული. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის მასალებით და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილი ოჯახის წევრების ანკეტებით (თან ერთვის შესაგებელს) დადასტურებული და დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს და ერთიან, საერთო საოჯახო მეურნეობას ეწევა მისი ორი ქალიშვილი (რეგისტრირებულები არიან ამავე მისამართზე) და ერთი შვილიშვილი (დევნილის სტატუსის არმქონე), რომელთაგან არც ერთი არ არის ხანდაზმული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქ. ღ-ასათვის ქულის დაკლება არის კანონიერი და დასაბუთებული.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი უკანონო.
აღნიშნულ დასკვნას ასევე ამყარებს იმ სამართლებრივი აქტების ანალიზი, რომლებითაც რეგულირდება დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურები. კერძოდ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N№240 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N№320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების ადმინისტრირების დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით.
დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სამინისტრომ/სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №2), ქ. ღ-ას ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კომისიის №2 ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ მისი გრძელვადიანი განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა შვილის სახლში ცხოვრების გამო. (დააკლდა ქულა: მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება, ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. აღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე - ქ. ღ-ა იძულებით გადაადგილებული პირია, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არსებობს სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ ქ. ღ-ა ცხოვრობს შვილის - ა. ღ-ას საკუთრებაში არსებულ სახლში (ქ. თბილისი, ...ის პირველი მ/რ, მე-2 კორპუსი, ბინა №78, მე-8 სართული), დანარჩენ შვილებთან - მა. ღ-ასთან, მ. ღ-ასთან და შვილიშვილ - ა. ღ-ასთან ერთად. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ მოსარჩლის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მიუთითა, რომ იგი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით, შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების საკითხის მომდევნო ეტაპზე განხილვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელე სტაბილურად ცხოვრობს შვილთან, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტიდან გამომდინარე, მის მიმართ უნდა გამოირიცხოს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე - ქ. ღ-ა არის 87 წლის, მას არ მიუღია კომპენსაცია და არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობის თაობაზე, რაც შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეჭვქვეშ აყენებს უფლების არსს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №04-552/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე