Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 248-აპ 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განაჩენზე, რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის განაჩენი ი. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის განაჩენით ი. გ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით; ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ი. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2004წ. 11 მაისს, ღამის 3 საათის შემდეგ, რუსთავში, ... მდებარე მ. ე-ს კუთვნილ სახლს შეამჩნია, რომ ფანჯარა ღია ჰქონდა. ი. გ-მა ღია ფანჯრიდან დაინახა, რომ მაგიდაზე იდო ორი ტელეფონი, ნაგვის ასაღები ნიჩბის საშუალებით უკანონოდ შეაღწია ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ. ე-ს 200 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონ “ნოკიას” და 150 ლარად ღირებულ “ერიქსონ-ტ20-ს”, გახარჯა ტელეფონების დეპოზიტზე არსებული 20 და 24 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ი-მა შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მან ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ი. გ-სათვის სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორმა პ. მ-მ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, ი. გ-ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის ლ. ი-ს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ი. გ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განაჩენი ი. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.