#ბს-690(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორი (მესამე პირი) – ო. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. რ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 16 ივნისს ქ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 10 თებერვალს მან განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. უფლებადამდგენ დოკუმენტს 2016 წლის 4 თებერვალს გაცემული #... სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენდა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ტ. რ-ის მემკვიდრე ქ. რ-მა სასამართლო დადგენილების (საქმე #2/28122-15) საფუძველზე, დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე ტ. რ-ის უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს ქ. რ-ი, ასევე დადგენილია საჯარო რეესტრის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს ცნობა-დახასიათების მომზადების ფაქტი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 470 კვ.მ წარმოადგენს ტ. რ-ის საკუთრებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის #... წერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში ტ. რ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 10 თებერვლის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა. შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მოსარჩელის მოსაზრებით, შ. მ-ეს #... საკუთრების უფლების მოწმობა ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 ოქმის საფუძველზე სრულიად უკანონოდ გადაეცა.
მოსარჩელის მითითებით, ...ას ქუჩა და ...ის ქუჩა არის კვეთაზე და ამის გამოყენებით ყალბი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, აღიარების კომისიამ შ. მ-ეს საკუთრებაში უკანონოდ გადასცა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომ შ. მ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ო. მ-ეს. მოსარჩელის განმარტებით, კომისიამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და სადავო აქტი გამოსცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამდენად, მოსარჩელემ შ. მ-ისათვის ქ. თბილისში, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ო. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე 470 კვ.მ საერთო ფართის მქონე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე. მესაკუთრე ტ. რ-ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი #....
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოქ. ხ. ა. ს-ი, პირველი მაისის ...ე, 16 სული (თვითონ, 9 შვილი, ორი რძალი და ოთხი შვილიშვილი), მცხოვრები ...ის ქუჩის #22-ში, სადაც დაკავებული ჰქონდა ორი ოთახი - 34 კვ.მ, რომელიც ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის ტექნიკური კომისიის დასკვნით იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული სახლი დაინგრა, მოქალაქე ხ. ა. ს-ის რვასულიან ოჯახს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55.01 კვ.მ მდებარე ...ის დასახლებაში, ...-რაიონი, კორპუსი 10, მე-3 სადარბაზოს მეცხრე სართულზე.
საქმეში წარმოდგენილია ჰ. ს-ის, ქ. ქ-ის, ა. ნ-ის 2012 წლის 9 ივლისის ნოტარიულურად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ შ. მ-ე (პ/ნ #...) 1976 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონების - თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი თანახმანი არიან შ. მ-ემ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის 2012 წლის 9 ივლისის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩის #17-ში მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მ), ნაკვეთის წინა ნომერი 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სააღრიცხვო ბარათი #..., აღრიცხულია 1978 წელს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 11 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას #12/100089-7 განცხადებით მიმართა შ. მ-ემ, რომელმაც მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 416 კვ.მ-ს.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 26-ე საკითხი) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ) - 347 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და შ. მ-ეს უღიარდა საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შ. მ-ის სახელზე 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული იქნა #... საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ-ემ (მჩუქებელი) (პირადი ნომერი: #..., მცხოვრები: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ას ქუჩა #17) ო. მ-ეს (დასაჩუქრებული) (პირადი ნომერი: #..., მცხ: ქ. თბილისი, ...ი, ...ას ქუჩა #17) გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქალაქ თბილისი, ...ას ქუჩის #17, ფართობი 454 კვ.მ, საკადასტრო კოდი: #....
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2012 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა #17, საკადასტრო კოდი: #..., დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ო. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 27/09/2012, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2016 წლის 27 იანვრის დადგენილებით (საქმე #2/28122-15) ქ. რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - ქ. რ-ის (დაბადებული ... წლის ... ...ს, თბილისში, პ/ნ #...) მიერ მამის - ტ. რ-ის (გარდაცვლილი 1968 წლის 22 ოქტომბერს; აქტის ჩანაწერი #.., გარდაცვალების მოწმობა #...) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ტ. რ-ისადმი (გარდაცვლილი 1968 წლის 22 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი #..., გარდაცვალების მოწმობა #...) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი „ტ.“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში #... მითითებულ სახელს „ტ.“.
2016 წლის 4 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #...) დასტურდება, რომ ქ. რ-ი (დაბ. ... წელს, თბილისი, რეგისტრირებული მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა #14, პირადი ნომერი: #...) არის 1968 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ტ. რ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ტ. რ-ის გარდაცვალების განმეორებითი მოწმობით #..., გაც. სსგს თბილისის სრს-ს მიერ 11.09.2013წ, სამკვიდრო გაიხსნა 22.10.1968 წელს). ქ. რ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ტ. რ-ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ასევე მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა #22 (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით-ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, „თბილისი, ...ის ქუჩა #22-ში“ მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ტ. რ-ი/რ-ი (საფ.სააღრიცხვო მასალა ს/ნ ...). აღნიშნულ სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება სახელი „ტ.“, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ „ა“, საერთო ფართი - 34 კვ.მ. აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მითითებულია მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 470 კვ.მ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის #17/01-16/01 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა ქ. რ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების საფუძველზე იყო მისი მამის - ტ. რ-ის საკუთრება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #22, რომლის ნაწილი ამჟამად რეგისტრირებული აქვს ო. მ-ეს. დასკვნის თანახმად, ობიექტს სამი მხრიდან ესაზღვრება ...ას, ...ის და ...ის ქუჩები. მეოთხე მხრიდან ობიექტზე დღეისათვის არის განთავსებული ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქე ო. მ-ის სახელზე. ობიექტზე თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე შენობა არ არის განთავსებული, მოქცეულია, ერთი მხრივ, ამ ორსართულიან შენობასა და მის მოპირდაპირე მხარეს არსებული ...ის ქუჩის #22-ს შორის და, მეორე მხრივ, ...ას ქუჩასა და ...ის ქუჩის #12-ს შორის, რომელიც არის გ. გ-ისა და ე. ყ-ას თანასაკუთრებაში. მოკვლევის ობიექტის საზღვრებია სამი მხრიდან: ზემოდან - ...ას ქუჩა, ქვემოდან - ...ის ქუჩა, მარჯვნიდან - ...ის ქუჩა, ხოლო მარცხნიდან - მოქალაქე მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სახლით (საკ.კოდი: #..., მონაკვეთი AE, დოკუმენტი #6). 347 კვ.მ გადაფარულია მოქალაქე რ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა #22, რომლის ელექტრონული ვერსია ემთხვევა 2012 წლის 11 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაში მოცემულს. 2012 წლის 28 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ო. მ-ეს საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 347 კვ.მ ფართობი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. ექსპერტის დასკვნით, ო. მ-ის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოიცავს 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათებაში ქ. რ-ის მამის - ტ. რ-ის საკუთრებად აღიარებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #22.
სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ განმარტა, რომ თუ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მიწის ნაკვეთი გადაცემული არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის მიერ, იგი ითვლებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლად, რა დროსაც თვითნებურად დაკავების ფაქტი შეიძლებოდა დადასტურებულიყო სხვადასხვა ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, მიწის ნაკვეთზე მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობით ან მიწის ნაკვეთის სხვა ფორმით ფლობის საფუძველზე. დასახელებული ნორმის საფუძველზე თვითნებური დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის აღიარებას ექვემდებარება ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ ქ. რ-ი არის ტ. რ-ის მემკვიდრე და შესაბამისად, სამკვიდრო აქტივები და ასევე სამკვიდრო პასივები ქ. რ-ზე გადავიდა. რაც შეეხება ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებას, სასამართლომ მიუთითა, რომ გარდაცვალების დროს იგი არ წარმოადგენდა ტ. რ-ის საკუთრებას, რამეთუ ცნობა-დახასიათების თანახმად მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ის ქუჩა #22, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მ, აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე (მესაკუთრე ტ. რ-ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი #...). შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული უძრავი ქონება ვერ იქნებოდა ტ. რ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივი და მასზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობის გზით ქ. რ-ზე ვერ გადავიდოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი იძლევა მოცემული კანონის მიზნებისათვის დაინტერესებული პირის ცნებას, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქ. რ-ი (და არც მისი მამკვიდრებელი ტ. რ-ი) არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების პერიოდში და არც მის შემდგომ პერიოდში არ ახორციელებდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას, რაც სადავოდ არ გაუხდია თავად მოსარჩელეს, რომელმაც განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან შეხება არ ჰქონია დაახლოებით 25 წელია, ხოლო, თავის მხრივ, მესამე პირმა განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით თავად და მისი ოჯახი დაახლოებით 40 წელი სარგებლობენ.
დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტოოდენ ცნობა-დახასიათება არ წარმოადგენდა საკმარის სარეგისტრაციო დოკუმენტს და არ ქმნიდა სამართლებრივ საფუძველს ქ. რ-ის სახელზე, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, იმდენად, რამდენადაც არ ადგენდა მასზე ქ. რ-ის საკუთრების უფლებას. კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთი, მდებარე: ...ის ქუჩა #22, მიწის ნაკვეთის საერთო ფართით - 470 კვ.მ წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წელს ტ. რ-ის სახელზე აღრიცხულ ფართს, არ ადასტურებდა მემკვიდრეობის გზით სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლას და არ ქმნიდა საფუძველს აღნიშნული ფართის ტ. რ-ის მემკვიდრის ქ. რ-ის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის მართლზომიერი მფლობელობის(სარგებლობის) საფუძვლით, ვინაიდან სახეზე არ იყო არც მამკვიდრებლის და არც მემკვიდრის მიერ აღნიშნული ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 საოქმო გადაწყვეტილება, შ. მ-ისათვის ქ. თბილისში, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ 347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების აღიარებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას კონკრეტული ფაქტების არსებობის დადასტურება და წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვის საკუთრებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარება ხდება სახელმწიფოს და არა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს, ხომ არ ჰყავს მიწის ნაკვეთს კერძო მესაკუთრე, ან ხომ არ არსებობს ისეთი პირი, ვისაც სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ გააჩნია საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა საკუთრების უფლების აღიარების მიზნები და საფუძვლები და გაუმართლებლად შეიზღუდება ნამდვილი მესაკუთრის უფლება. სწორედ ამიტომ, მესამე პირის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სადავო აქტის უკანონობას გამოიწვევს ისეთი ფაქტის დადგენა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილად მიჩნეულ გარემოებათა ერთობლიობა, წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებდა, რომ ქ. რ-ს, როგორც ტ. რ-ის მემკვიდრეს, გააჩნდა სადავო უძრავი ნივთის მიმართ სამართლებრივად დასაბუთებული, საკუთრების უფლების წარმომშობი პრეტენზია, რადგან გააჩნდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. ამასთან, საკითხი ეხებოდა საკუთრების უფლებას და მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო, მოახდინა მისი რეალიზაცია, მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარედგინა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არც ხანდაზმულობის ვადა გამორიცხავდა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ უძრავი ნივთი არ იყო ქ. რ-ის სახელზე რეგისტრირებული, არ ნიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა განეკარგა სადავო უძრავი ნივთი.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მითითებულს არ გამორიცხავდა 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ, ერთი მხრივ, 1974 წლის გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას, რომ უძრავი ნივთის გადაცემა მოხდა სხვა ქონების სანაცვლოდ ან მოხდა მიწის ჩამორთმევა, მეორე მხრივ კი, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების (1974წ.) არსებობისა, ტექნიკური ბიუროს არქივის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონება ტ. რ-ზე ამ გადაწყვეტილების შემდეგაც იყო აღრიცხული, (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ო. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ერთი ძირითადი მოტივი, რომ საქმეში არსებული ცნობა-დახასიათება წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას აღიარებულ მიწის ნაკვეთზე ქ. რ-ის საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცნობა-დახასიათების მიხედვით, ტ. რ-ი (ქ. რ-ის მამა) ხსენებულ მიწის ნაკვეთზე აღრიცხული იყო 1994 წლამდე.
კასატორი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია. კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი მიღებულია იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისათვის იყო საჭირო.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომისიის სადავო გადაწყვეტილება ატარებს აღმჭურველ ხასიათს, რომლის დაცვის მიმართ კანონმდებლობა აწესებს განსაკუთრებულ სტანდარტს. მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, თუნდაც იგი ცალსახად კანონსაწინააღმდეგო იყოს, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ზიანს აყენებს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა ინტერესებს.
კასატორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი წარმოდგენილია სხვა პირის მიერ, აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობისათვის საჭირო იყო ცალსახად დადასტურება იმისა, რომ კომისიის საოქმო გადაწყვეტილებამ დაარღვია ქ. რ-ის უფლება და იგი უშუალოდ შეეხო მის ინტერესებს. კასატორის მითითებით, აღნიშნული სახეზე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ო. მ-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის მიმართ მასაც გააჩნია იურიდიული ინტერესი, რაც გამოხატული იქნებოდა თუნდაც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ამგვარ დოკუმენტად მიიჩნია ცნობა-დახასიათება, როგორც ცალკე აღებული მტკიცებულება, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებდა ქ. რ-ის მიერ მართლზომიერი მფლობელობის უფლების არარსებობის ფაქტს. კერძოდ, სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილება მოქალაქეთა ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
კასატორის მითითებით, სასამართლომ აგრეთვე არ გაითვალისწინა, რომ ზემოხსნებეული ცნობა-დახასიათების თანახმად, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს. ცნობა-დახასიათებაში არსებული ჩანაწერი „აღრიცხულია 1994 წლამდე“ არ გულისხმობს იმას, რომ მოსარგებლის მიერ 1994 წლამდე უწყვეტად გრძელდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მიწის ნაკვეთის აღრიცხვა განხორციელდა 1994 წლამდე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 1994 წლამდე აღრიცხვის ფაქტი ადასტურებდა 1994 წლამდე პირის მიერ ფართით უწყვეტად სარგებლობის ფაქტს, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და თავად ამ დოკუმენტის (ცნობა-დახასიათების) შინაარსს.
კასატორის განმარტებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს ქრონოლოგიურად დალაგებით, მიიღება ამგვარი სურათი: ქ. თბილისში, ...ის ქ. #22-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ტექ. ბიუროში აღირიცხა 1961 წელს, შენობის მოსარგებლეს წარმოადგენდა ტ. რ-ი. თუმცა 1974 წელს აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობის დანგრევის გამო, რ-ების ოჯახს გამოეყო სხვა საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, ...-რაიონი, კორპუსი 10, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული. ამდენად, კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობით, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და კერძო პირებს მასზე უფლება არ გააჩნდათ, ...ის ქ. #22-ში მოსარჩელემ დაკარგა ყოველგვარი მოთხოვნის უფლება.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ცნობა-დახასიათების სხვა მტკიცებულებებისაგან დამოუკიდებლად შეფასებამ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და ამჟამინდელი მესაკუთრის - ო. მ-ის, საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი ხელყოფა გამოიწვია.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე უგულებელყო ის გარემოება, რომ ქ. რ-ი არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების პერიოდში და არც მის შემდგომ პერიოდში არ ახორციელებდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას, პირიქით, მან დაადასტურა, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან შეხება არ ჰქონია მაშინ, როდესაც ო. მ-ის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთით იგი დაახლოებით 40 წელია სარგებლობს.
კასატორის - ო. მ-ის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი შ. მ-ემ თვითნებურად დაიკავა და ფლობდა 1976 წლიდან (40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), იგი ფაქტობრივად ბატონობდა ნივთზე, განკარგავდა მიწას, რის შემდგომაც კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში მესამე პირის - ო. მ-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არსებით ზეგავლენას მოახდენდნენ საქმის საბოლოო შედეგზე. კერძოდ, მოსარჩლე მხარე რეალურად ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექ. ბიუროს არქივის მიხედვით ქ. რ-ისათვის გაცემულ ცნობა-დახასიათებას, სადაც აღწერილია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათის მონაცემები, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთი, მდებარე ყოფილი ...ის ქუჩა #22, საერთო ფართით 470 კვ.მ, წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე ტ. რ-ის სახელზე აღრიცხულ ფართს. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან, მის მიერ არქივიდან გამოთხოვილ იქნა სააღრიცხვო ბარათი, რომელიც საფუძვლად დაედო რეესტრის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებას და რომელზეც გაკეთებულია შემდეგი სახის საარქივო ჩანაწერი - „დახურულია“. ხსენებული ჩანაწერი აღნიშნულია დათარიღებით და ხელმოწერით, რაც, კასატორის მოსაზრებით, (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში) გამოხატავს ტ. რ-ის უფლების დაკარგვას მოცემულ მიწის ნაკვეთზე.
კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულს კიდევ უფრო მეტად ამყარებს სასამართლო საქმის მასალებში შ. მ-ის სააღრიცხვო ბარათზე არსებული საარქივო ჩანაწერები. კერძოდ, სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, შ. მ-ის სახელზე 1976 წლამდე ფიქსირდება 344 კვ.მ, ხოლო 1976 წლიდან ტერიტორია გაიზარდა 106 კვ.მ-ით და შეადგინა 450 კვ.მ. კასატორის მითითებით, ამ წელს მოხდა შ. მ-ის ხელახალი აღრიცხვა მიწაზე. ის ფაქტი, რომ გაფართოვება მოხდა სწორედ იმ მიწაზე, რომლითაც ადრე ტ. რ-ი სარგებლობდა, სადავოდ არ გაუხდია ქ. რ-ს. აღნიშნული ფაქტი ასევე ასახულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათების დოკუმენტშიც. ის ფაქტი, რომ 1968 წელს გარდაცვლილი ტ. რ-ის სახელზე არქივში არსებული სააღრიცხვო ბარათი მოცემული მდგომარეობით არარელევანტურია, დასტურდება მოსარჩელე რ-ის დავის პირობითაც. კერძოდ, კასატორისათვის გაუგებარია, როდესაც ტ. რ-ის სააღრიცხვო ბარათზე აღნიშნულია 470 კვ.მ მიწა, რატომ დავობს აპელანტი მხოლოდ 347 კვ.მ-ზე. კასატორი ამით მოსარჩელის მხრიდან აღიარებულად მიიჩნევს, რომ 123 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1976 წელს სახელმწიფოს მაშინდელი რეგისტრატორების მიერ აღირიცხა შ.ა მ-ის სახელზე. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა მომხდარიყო იმ პირობებში, თუკი ტ. რ-ი ან მისი მემკვიდრეები სახელმწიფოს მიერ სადავო მიწაზე კვლავ მოსარგებლეებად იქნებოდნენ აღიარებულნი. ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელემ მიწაზე უფლება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაკარგეს.
კასატორი, აგრეთვე, საგულისხმოდ მიიჩნევს აღიარების კომისიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ზეპირი განხილვის დროს არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციას საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონმდებლობის თავისებურებისა და საკუთრების შესახებ ხსენებული საკანონმდებლო მიდგომის შესახებ, რაც სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის აშკარა გარემოება, რომ ყოფილი ...ის ქუჩის #22-ში არსებული სახლის სანაცვლოდ (1974 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით) საბჭოთა ხელისუფლებამ რ-ების მრავალსულიან ოჯახს გადასცა სამი ახალი ბინა, რის შემდეგაც ეს ოჯახი საბოლოოდ თბილისის სხვა მისამართებზე გადასახლდა. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ რაიაღმასკომის გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, რომ რ-ების სახლი იმყოფებოდა მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და ამიტომ ახალი ბინების მიღებისთანავე, ეს სახლი უნდა დანგრეულიყო. კასატორი მიუთითებს, რომ ხ. ა. ს-ს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55 კვ.მ, მდებარე ...ის დასახლება, ...-რაიონი, კორპუსი 10, მე-3 სადარბაზოს მე-9 სართული. მაშასადამე, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის სანაცვლოდ, რომლის ფართი 34 კვ.მ იყო, რ-ებმა მიიღეს სამი ახალი ბინა, რომელთა საერთო ფართი ჯამში 100 კვ.მ-ს აჭარბებდა. კონკრეტულად, კასატორი მიუთითებს, რომ ოჯახი გაიყო სამ სუბიექტად (ტ. რ-ის მეუღლე შვიდი შვილით და ტ. რ-ის ორი შვილი თავიანთი ოჯახებით) და სამივეს ცალ-ცალკე, თბილისის სხვადასხვა მისამართებზე სახელმწიფომ გადასცა სამი ბინა. შესაბამისად, მატერიალური სიკეთე, რომელიც რ-ებმა მიიღეს, აღემატებოდა იმ ქონებას, რომელიც მათ თავის დროზე თავისივე ნებით დათმეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრები.
2019 წლის 17 სექტემბერს ო. მ-ემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ამასთან, ო. მ-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე კასატორმა - ო. მ-ემ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა გაიხმო, რის გამოც შუამდგომლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. რ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე 470 კვ.მ საერთო ფართის მქონე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე. მესაკუთრე ტ. რ-ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი #....
საქმეში წარმოდგენილია 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ მოქ. ხ. ა. ს-ი, პირველი მაისის ...ე, 16 სული (თვითონ, 9 შვილი, ორი რძალი და ოთხი შვილიშვილი), მცხოვრები ...ის ქუჩის #22-ში, სადაც დაკავებული ჰქონდა ორი ოთახი - 34 კვ.მ, რომელიც ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის ტექნიკური კომისიის დასკვნით იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული სახლი დაინგრა, მოქალაქე ხ. ა. ს-ის რვასულიან ოჯახს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55.01 კვ.მ მდებარე ...ის დასახლებაში, ...-რაიონი, კორპუსი 10, მე-3 სადარბაზოს მეცხრე სართულზე.
საქმეში წარმოდგენილია ჰ. ს-ის, ქ. ქ-ის, ა. ნ-ის 2012 წლის 9 ივლისის ნოტარიულურად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ შ. მ-ე (პ/ნ #...) 1976 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონების - თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი თანახმანი არიან შ. მ-ემ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და რეგისტრაცია.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2012 წლის 9 ივლისის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩის #17-ში მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მ), ნაკვეთის წინა ნომერი 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სააღრიცხვო ბარათი #..., აღრიცხულია 1978 წელს.
2012 წლის 11 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას #12/100089-7 განცხადებით მიმართა შ. მ-ემ, რომელმაც მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 416 კვ.მ-ს.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ივლისის #311 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 26-ე საკითხი) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს (...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ) - 347 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და შ. მ-ეს უღიარდა საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შ. მ-ის სახელზე 2012 წლის 24 აგვისტოს გაცემული იქნა #... საკუთრების უფლების მოწმობა.
საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შ. მ-ემ (მჩუქებელი) (პირადი ნომერი: #..., მცხოვრები: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ას ქუჩა #17) ო. მ-ეს (დასაჩუქრებული) (პირადი ნომერი: #..., მცხ: ქ. თბილისი, ...ი, ...ას ქუჩა #17) გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქალაქ თბილისი, ...ას ქუჩის #17, ფართობი 454 კვ.მ, საკადასტრო კოდი: #....
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2012 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა #17, საკადასტრო კოდი: #..., დაზუსტებული ფართობი: 454 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 34, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ო. მ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 27/09/2012, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2016 წლის 27 იანვრის დადგენილებით (საქმე #2/28122-15) ქ. რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - ქ. რ-ის (დაბადებული ... წლის ... ...ს, თბილისში, პ/ნ #...) მიერ მამის - ტ. რ-ის (გარდაცვლილი 1968 წლის 22 ოქტომბერს; აქტის ჩანაწერი #..., გარდაცვალების მოწმობა #...) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ტ. რ-ისადმი (გარდაცვლილი 1968 წლის 22 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი #..., გარდაცვალების მოწმობა #...) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი „ტ.“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში #... მითითებულ სახელს „ტ.“.
2016 წლის 4 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #...) დასტურდება, რომ ქ. რ-ი (დაბ. ... წელს, თბილისი, რეგისტრირებული მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა #14, პირადი ნომერი: #...) არის 1968 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ტ. რ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი (სამკვიდროს გახსნის ფაქტი დასტურდება ტ. რ-ის გარდაცვალების განმეორებითი მოწმობით #..., გაც. სსგს თბილისის სრს-ს მიერ 11.09.2013წ, სამკვიდრო გაიხსნა 22.10.1968 წელს). ქ. რ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ტ. რ-ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ასევე მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა #22 (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით-ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, „თბილისი, ...ის ქუჩა #22-ში“ მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1956 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია ტ. რ-ი/რ-ი (საფ.სააღრიცხვო მასალა ს/ნ ...). აღნიშნულ სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება სახელი „ტ.“, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ „ა“, საერთო ფართი - 34 კვ.მ. აღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მითითებულია მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 470 კვ.მ.
შპს „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის #17/01-16/01 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა ქ. რ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათების საფუძველზე იყო მისი მამის - ტ. რ-ის საკუთრება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #22, რომლის ნაწილი ამჟამად რეგისტრირებული აქვს ო. მ-ეს. დასკვნის თანახმად, ობიექტს სამი მხრიდან ესაზღვრება ...ას, ...ის და ...ის ქუჩები. მეოთხე მხრიდან ობიექტზე დღეისათვის არის განთავსებული ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქე ო. მ-ის სახელზე. ობიექტზე თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე შენობა არ არის განთავსებული, მოქცეულია, ერთი მხრივ, ამ ორსართულიან შენობასა და მის მოპირდაპირე მხარეს არსებული ...ის ქუჩის #22-ს შორის და, მეორე მხრივ, ...ას ქუჩასა და ...ის ქუჩის #12-ს შორის, რომელიც არის გ. გ-ისა და ე. ყ-ას თანასაკუთრებაში. მოკვლევის ობიექტის საზღვრებია სამი მხრიდან: ზემოდან - ...ას ქუჩა, ქვემოდან - ...ის ქუჩა, მარჯვნიდან - ...ის ქუჩა, ხოლო მარცხნიდან - მოქალაქე მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სახლით (საკ.კოდი: #..., მონაკვეთი AE, დოკუმენტი #6). 347 კვ.მ გადაფარულია მოქალაქე რ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით, მდებარე მისამართზე: თბილისი, ...ის ქუჩა #22, რომლის ელექტრონული ვერსია ემთხვევა 2012 წლის 11 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნული ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაში მოცემულს. 2012 წლის 28 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ო. მ-ეს საკუთრებაშია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 347 კვ.მ ფართობი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. ექსპერტის დასკვნით, ო. მ-ის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოიცავს 2010 წლის 30 აპრილის ცნობა-დახასიათებაში ქ. რ-ის მამის - ტ. რ-ის საკუთრებად აღიარებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #22.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საკუთრების უფლების აღიარების დასაშვებ ფარგლებზე. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონის მოქმედების მიზანი იმთავითვე ცხადყოფს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სტატუსს, რომელსაც ადასტურებს როგორც საკუთრების უფლების აღიარების, ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცნებები. კერძოდ, მითითებული კანონის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ არაერთ დავაზე იქნა დადასტურებული. საკუთრების უფლების აღიარების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით ცალსახად გამოირიცხება უკვე განკერძოებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების წესით სხვა კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ამდენად, ცხადია, კერძო საკუთრების ობიექტის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვა ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
ამასთან, განსახილველი დავის ჭრილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებისათვის შემაფერხებელ ფაქტობრივ გარემოებას არა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ფიქსირებული, ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლება ქმნის, არამედ კონკრეტულ პირზე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გაცემული საკუთრების უფლების მოპოვებისათვის საჭირო უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობაც. შესაბამისად, როგორც უკვე წარმოშობილი, აგრეთვე, არარეგისტრირებული, ჯერ კიდევ რეალიზებადი უფლების არსებობა, თანაბრად დაუშვებელს ხდის საკუთრების უფლების აღიარების წესით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფიზიკურ თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირზე გადაცემას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის შ. მ-ეზე საკუთრების უფლების აღიარებას რ-ების ოჯახის სახელზე არსებული საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობის მოტივით, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ამასთან, ქ. რ-ს საქმეზე წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც იგი შ. მ-ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთისა და მისი მამის - ტ. რ-ის სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე უძრავი ნივთის ურთიერთგადაფარვის დადასტურებას ცდილობს. თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-ების სახელზე სარგებლობის უფლებით აღრიცხული და ო. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზედდების ფაქტის მოძიებამდე, არსებითია უპირველესად შეფასდეს, თუ რა ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2010 წლის 30 აპრილს გაცემულ ცნობა-დახასიათებას სადავო მიწის ნაკვეთზე შ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების პროცესში. მითითებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე 470 კვ.მ საერთო ფართის მქონე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, 1994 წლამდე. მესაკუთრე ტ. რ-ი, სააღრიცხვო ბარათი აღრიცხულია 1961 წელს, დოკუმენტი #.... ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დოკუმენტის შინაარსის შეფასება შეუძლებელია საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებისგან გამოცალკევებით. ამდენად, არსებითია განსახილველი დავის მიმართ არსებული სურათი კომპლექსურად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთიანი შეფასებით წარმოჩინდეს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ მოქ. ხ. ა. ს-ი, პირველი მაისის ...ე, 16 სული (თვითონ, 9 შვილი, ორი რძალი და ოთხი შვილიშვილი), მცხოვრები ...ის ქუჩის #22-ში, სადაც დაკავებული ჰქონდა ორი ოთახი - 34 კვ.მ, რომელიც ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის ტექნიკური კომისიის დასკვნით იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული სახლი დაინგრა, მოქალაქე ხ. ა. ს-ის რვასულიან ოჯახს გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა, ფართით 55.01 კვ.მ მდებარე ...ის დასახლებაში, ...-რაიონი, კორპუსი 10, მე-3 სადარბაზოს მეცხრე სართულზე. ამასთან, მართალია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება უშუალოდ არ შეიცავს ინფორმაციას ტ. რ-ის სხვა მემკვიდრეთა ბინით დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა კასატორის - ო. მ-ის განმარტებით, აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებული საცხოვრებელი სახლის დანგრევის შედეგად, ბინით დაკმაყოფილდნენ, აგრეთვე, ტ. რ-ის ორი შვილი, რომლებმაც კიდევ ორი ბინა მიიღეს სახელმწიფოსაგან. ხსენებული ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობის დროს, აგრეთვე, დადასტურებულ იქნა მოსარჩელის - ქ. რ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს განისაზღვროს, რ-ების ოჯახის წევრების სამი ბინით დაკმაყოფილებამ გამოიწვია თუ არა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე მათი უფლების დაკარგვა. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ მართალია მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილება არ შეიცავს უშუალო მითითებას, რომ რ-ების ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება განხორციელდა სხვა ქონების სანაცვლოდ ან ადგილი ჰქონდა მათთვის მიწის ჩამორთმევას, თუმცაღა მტკიცებულების შინაარსის მართებული შეფასებისათვის მისი სიტყვა-სიტყვითი აღქმა არ კმარა, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შეაფასოს ხსენებული გადაწყვეტილების მიღების პერიოდში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა კომლის ან ოჯახის ყველა წევრის სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას გადასახლება. მითითებული მუხლის თანახმად, მიწით სარგებლობის უფლების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მოქალაქის მიერ ამ მიწის ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე გამოუყენებლობა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რ-ების ოჯახის სამი ბინით დაკმაყოფილების შემდგომ არა მხოლოდ მოსარჩელემ, არამედ ბინით უზრუნველყოფილმა ყველა პირმა სრულად გაწყვიტა კავშირი სადავო მიწის ნაკვეთთან, რ-ებისათვის შეწყდა საბჭოთა კანონმდებლობით განსაზღვრული მიწით სარგებლობის უფლება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან რ-ების ოჯახის კავშირის გაწყვეტას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცნობა-დახასიათებაში აღნიშნული ტ. რ-ის სარგებლობაში არსებული 470 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი ჯერ კიდევ 1976 წელს აღირიცხა მომიჯნავედ მცხოვრებ შ. მ-ეზე. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქმის მასალებიც, კერძოდ, შ. მ-ის სახელზე გაცემული ცნობა-დახასიათებისა და ტექ. ბიუროს სააღრიცხვო ბარათზე დაფიქსირებული 1976 წლის აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ტექ. ბიუროს მიერ მ-ის სარგებლობაში დამატებით აღირიცხა 106 კვ.მ, რის შედეგადაც მ-ეების სარგებლობაში არსებულმა მიწის ნაკვეთმა ნაცვლად 344 კვ.მ-ისა ჯამში 450 კვ.მ შეადგინა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ არქივიდან გამოთხოვილ სააღრიცხვო ბარათზე, რომელიც საფუძვლად დაედო რეესტრის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებას და რომელზეც გაკეთებულია შემდეგი სახის საარქივო ჩანაწერი - „დახურულია“. ხსენებული ჩანაწერი აღნიშნულია დათარიღებით და ხელმოწერით, რაც, კასატორის მოსაზრებით, (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში) გამოხატავს ტ. რ-ის უფლების დაკარგვას მოცემულ მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოქალაქეს პირად საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთად მცხოვრებ მეუღლეებს და მათ არასრულწლოვან შვილებს შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი), რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ-ერთ მათგანს ან წარმოადგენდეს მათ საერთო საკუთრებას. ამავე კოდექსის 105-ე მუხლი ითვალისწინებდა სახლის იძულებითი წესით გასხვისების წესს, რომელიც გამოიყენებოდა მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ერთი პირის საკუთრებაში ერთზე მეტი ბინა აღმოჩნდებოდა. ამდენად, მითითებული რეგულაციები ცხადყოფს, რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევდა ერთი პირის საკუთრებაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ერთდროულად არსებობას. ამასთან, პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა ბინით დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს სსრ სამთავრობო დადგენილებათა კრებულში ზუსტად იყო განსაზღვრული წესი, რომ ახალი ბინის მიღებისათვის აუცილებელ წინაპირობას წინა საცხოვრებელზე ნებაყოფლობით უარის თქმა წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, საყურადღებოდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას იმ სამართლებრივ მდგომარეობას, რაც საკუთრების უფლების მიმართ საბჭოთა სოციალისტური წესწყობილების პერიოდში არსებობდა. კერძოდ, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტები, მიწა კი, თავის მხრივ, დასახელებულ ჩამონათვალში შედიოდა. ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავდა, რომ მიწა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მისი გადაცემა მხოლოდ სარგებლობისათვის შეიძლებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც რ-ების ოჯახის სამი ბინით დაკმაყოფილება განხორციელდა, ტ. რ-ისათვის სარგებლობის მიზნით გადაცემული 470 კვ.მ-დან გარკვეული ფართის მქონე მიწის ნაკვეთი შ. მ-ეს გადაეცა სარგებლობაში (1976 წელს). საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ბინების გამოყოფა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულმა მდგომარეობამ განაპირობა. ამდენად, რომ არა მითითებულ მისამართზე რ-ების ოჯახის ცხოვრების ფაქტობრივი შეუძლებლობა, სახელმწიფო მათ ბინებით უზრუნველყოფას არ მოახდენდა. ამასთან, ცხადია, იმ პირობებში, თუკი მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილებით სახელმწიფო რ-ების ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებას არა სადავო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, არამედ დამატებით განახორციელებდა, მას არ ექნებოდა არავითარი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ტ. რ-ისათვის სარგებლობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი 1976 წლის მდგომარეობით სხვა პირისათვის გადაეცა სარგებლობაში. ხსენებული ფაქტი ადასტურებს, რომ მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების და აღრიცხვაზე აყვანის შესახებ 1974 წლის 7 აგვისტოს #475 გადაწყვეტილების საფუძველზე, რ-ების ოჯახს არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ, მათ შორის, სამართლებრივი კავშირიც გაუწყდა სადავო მიწის ნაკვეთთან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გამომხატველია ტექ. ბიუროს არქივში ტ. რ-ის სააღრიცხვო ბარათზე 1978 წელს შესრულებული ჩანაწერი - „დახურულია, 22.VIII. 1978“.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან მითითებას ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, ქ. რ-ი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ფლობდა სადავო უძრავ ქონებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. რ-ის მხრიდან განსახილველი დავის მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება (მაგალითად, მოწმეთა ჩვენება), რომელიც მისი მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის 1980-90-იან წლებში ფლობასა და მისით სარგებლობას დაადასტურებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია ჯერ კიდევ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენის მიზნებისათვის შედგენილი მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, ჰ. ს-ის, ქ. ქ-ის, ა. ნ-ის 2012 წლის 9 ივლისის ნოტარიულურად დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ შ. მ-ე (პ/ნ #...) 1976 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონების - თბილისი, ...ას ქუჩა #17-ის მიმდებარედ. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი თანახმანი არიან შ. მ-ემ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის არ იძენს პრინციპულ მნიშვნელობას, რამდენადაც ო. მ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობა-დახასიათებაში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ რ-ების ოჯახმა მიწის ნაკვეთის მიტოვებით მიწის ნაკვეთზე დაკარგა სარგებლობის და, შესაბამისად, შემდგომში მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, იქამდე, სანამ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, საკანონმდებლო ბაზა შეიქმნებოდა, შ. მ-ემ განახორციელა რ-ების მიერ მიტოვებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა სწორედ ტ. რ-ის სახელზე გამოყოფილი უძრავი ქონების სანაცვლოდ რ-ების ოჯახის სამი ბინით უზრუნველყოფას ენიჭება, რამდენადაც მათ ნებაყოფლობით გაწყვიტეს კავშირი სადავო მიწის ნაკვეთთან, რამაც მომიჯნავედ მცხოვრებ შ. მ-ეს შეუქმნა ფაქტობრივი შესაძლებლობა თვითნებურად დაუფლებოდა და შემდგომში მასზე საკუთრების უფლების აღიარება მოეთხოვა. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების კანონიერებას წარმოდგენილი ცნობა-დახასიათება ვერ გამორიცხავს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება არსებითად მიიჩნევს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით დაინტერესებული განმცხადებელი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაეუფლა და მას დაუფლებიდან აღიარების მოთხოვნამდე უწყვეტად ფლობდა. შ. მ-ის მიერ აღიარების კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი მოწმეთა განცხადება ცალსახად ადასტურებდა, რომ შ. მ-ე 1976 წლიდან განცხადების წარდგენის მომენტამდე ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საბჭოთა საქართველოს პერიოდის სამართლებრივი რეალობის, აგრეთვე, რ-ების ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთარი ნებით მიტოვების ფაქტისა და ამ უძრავი ქონების მ-ეების ოჯახის 40-წლიანი ფლობა-სარგებლობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა შ. მ-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ას ქუჩა #17-ის 347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. რ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. რ-ს ო. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ქ. რ-ს ო. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ო. მ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი