ბს-1220 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. მ-ემ 17.05.2016წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.03.2016წ. №CB6244308 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.04.2016წ. №10734 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 14.06.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.03.2016წ. №CB6244308 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.04.2016წ. №10734 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 6011, 53-ე და 96-ე, აგრეთვე სასკ-ის მე-17, 32-34-ე მუხლების მოთხოვნებზე და მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ხე-ტყის მასალის ვ. მ-ის მიერ სამეწარმეო მიზნით გადატანა, აგრეთვე მასალის ვ. მ-ისადმი კუთვნილება, რის გამოც არ არსებობდა ვ. მ-ის მიმართ გასაჩივრებული აქტების გამოტანის საფუძვლები.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვეტა დავა ხე-ტყის მასალის კუთვნილების ფაქტზე მითითებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლი ადგენს ზედნადების გამოწერის ვალდებულებას ქვეყნის შიგნით საქონლის გადაადგილებისას და მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საქონლის მიწოდებისას. ვ. მ-ეს გადაჰქონდა ხე-ტყის მასალა სასაქონლო ზედნადების შევსების წესის დარღვევით, კერძოდ, მყიდველის და გამყიდველის გრაფაში მითითებული იყო ვ. მ-ე, რის გამოც იგი 5000 ლარით დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, მას აგრეთვე ჩამოერთვა საქონელი. ვ. მ-ე სადავოდ არ ხდის საქონლის სხვა პირებისადმი კუთვნილების ფაქტს, იგი მიუთითებს, რომ საქონელი გადაჰქონდა მისი მესაკუთრეებისთვის მიწოდების მიზნით. არასწორია დავის გადაწყვეტა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვინაიდან ვ. მ-ე არ იყო საქონლის მესაკუთრე, მის მიერ საქონლის გადატანა არ უნდა მიჩნეულიყო სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირებად. საკითხისადმი ამგვარი მიდგომით უგულებელყოფილია ზედნადების გამოწერის თაობაზე კანონდებლობით დადგენილი ვალდებულება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ვ. მ-ის მიერ 6020 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის - დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირება. შემმოწმებელი ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის გადატანას საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მდგომარეობდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაში. გასაჩივრებულ აქტებში მითითებული იქნა, რომ ვ. მ-ეს ხე-ტყის მასალა გადაჰქონდა სასაქონლო ზედნადების შევსების წესის დარღვევით, კერძოდ, მყიდველის და გამყიდველის გრაფაში მითითებული იყო ვ. მ-ე, რითაც ვ. მ-ის მიერ დაირღვა საგადასახადო კოდექსის 286.5 მუხლის მოთხოვნა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მიჩნეული იქნა, რომ არსებობდა ვ. მ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის და სანქციის შეფარდების საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 31.12.2010წ. №996 ბრძანება ადგენს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას. თუმცა ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, უკეთუ ხე-ტყე მოპოვებულია სოციალური ჭრების შედეგად ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე (252 მუხ. მე-5 ნაწილის „ა“ ქვპ.). საქმის მასალებით დასტურდება ვ. მ-ის მიერ ტრანსპორტირებული ხე-ტყის სოციალური ჭრის შედეგად მოპოვება, კერძოდ, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 28.10.2015წ. გაცემული №0000689463 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით დასტურდება შ. გ-ისთვის ხე-ტყის მოპოვების უფლების მინიჭება (ს.ფ.178), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 28.10.2015წ. გაცემული №0000689461 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით დასტურდება დ. ლ-ისათვის ხე-ტყის მოპოვების უფლების მინიჭება (ს.ფ.179). აღნიშნულის თაობაზე ვ. მ-ის მიერ მითითებული იქნა გასაჩივრებული აქტების მიღებამდე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს. ვ. მ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებული იქნა შ. გ-ის და დ. ლ-ის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის გზით (ს.ფ.165-177), მათ მიერ აგრეთვე წარდგენილი იქნა ხე-ტყის სოციალური ჭრის შედეგად მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების დროს დგინდებოდა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - ვ. მ-ის მიერ ტრანსპორტირებული ხე-ტყის სოციალური ჭრის შედეგად მოპოვება, რაც ათავისუფლებდა ვ. მ-ეს ზედნადების გამოწერის ვალდებულებისგან (საგადასახადო კოდექსის 252 მუხ. მე-5 ნაწილის „ა“ ქვპ.). ამდენად, სასაქონლო ზედნადებში საქონლის მყიდველი და გამყიდველი პირების მონაცემების არასწორად შევსება დავის გადაწყვეტისათვის რელევანტურ გარემოებას არ შეადგენს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტები მიღებული იქნა საგადასახადო კოდექსის 252 მუხ. მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ადასტურდებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის სზაკ-ის მოთხოვნათა დაუცველად მიღებას. ამდენად, შედეგობრივად მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
არ დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიღება (სუსგ 07.07.2015წ. ბს-754-740 (კ-14); 03.10.2017წ. ბს-612-609 (2კ-17); 04.07.2019წ. ბს-477(კ-19); 09.07.2019წ. ბს-802(კ-19); 17.10.2019წ. ბს-377 (კ-19); 09.12.2019წ. ბს-158(2კ-19) და სხვ.). კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი