Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 277-აპ 27 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

მ. ისაევი

განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მაისის განაჩენზე ი. ბ-ს მიმართ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 თებერვლის განაჩენით ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში: იყო რა მსჯავრდებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 4 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ი. ბ. მივიდა მეზობლად მცხოვრებ ჯ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსთან, კერძოდ კი სამზარეულოსთან და დაინახა რა, რომ კარი ღია იყო, შევიდა და ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნა ტყავის ორი ქურთუკი, ხოლო დარჩენილ ტანსაცმელს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა. ნაქურდალი ნივთები მსჯავრდებულმა მიიტანა და გადამალა თავის საცხოვრებელ სახლში.

ი. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც, სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომელიც აეთვალა 2004წ. 5 ოქტომბრიდან.

ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე თ. ო-მ განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. მან იშუამდგომლა, ი. ბ-ს სასჯელის ზომად განსაზღვროდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმა დაზარალებული ჯ. გ..

ამავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა მსჯავრდებულმა ბარბაქაძემ და ითხოვა დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მაისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. ო. ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას შემდეგი მოტივებით:

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა გარემოება, კერძოდ, დამნაშავის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, რის გათვალისწინებითაც მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ბ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განაცხადა, რომ სასამართლომ მისთვის დანიშნულ ძირითად სასჯელს უკანონოდ დაუმატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი, რადგან 2 წლის ვადით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გავიდა მის მიერ 2004წ. 4 ოქტომბერს დანაშაულის ჩადენამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ი. ბ-მ იშუამდგომლა მისთვის სასჯელის შემსუბუქება.

ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნას.

პროკურორმა ჯ. კ-მა მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები, მხარი დაუჭირა პროკურორ თ. ო-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ი. ბ-სათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულს ჰყავს ხანდაზმული მშობლები, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები. ამასთან, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია. ამის გამო დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის უფრო მეტად შემსუბუქების საფუძველი არ მოიპოვება. უსაფუძვლოა ი. ბ-ს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მისთვის დანიშნულ ძირითად სასჯელზე არ უნდა დაემატებინა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ვინაიდან პირობით მსჯავრდებისას დანიშნული გამოსაცდელი ვადა აითვლება განაჩენის გამოტანის მომენტიდან და ეს ვადა ამ შემთხვევაში გასული არ იყო.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 16 მაისის განაჩენი ი. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.