ბ-488-4 (გან-20) 08 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე№ბს- 282 (კ-19)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მა-მა 07.08.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ნ. მ-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2017წ. №... და 21.07.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 12.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2017წ. №... და 21.07.2017წ. №... გადაწყვეტილებები, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ. ნ. მ-ის მიერ ამავე საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2018წ. განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის შესახებ.
საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2020წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2018წ. განჩინება.
27.04.2020წ. ნ. მ-ემ საქმეზე №ბს-282 (კ-19) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების მოთხოვნით მომართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მიერ დგინდება სასამართლო პრაქტიკა, აღნიშნულის გამო მან განმარტების თაობაზე მომართა უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში ნ. მ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების განმარტებას, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, საკასაციო პალატის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინება ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის უარყოფის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, საკასაციო სასამართლოს საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთანავე, მხარის მოსაზრება გავლენას ვერ მოახდენს უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტებაზე უფლებამოსილი სასამართლო დადგენილია კანონით. აღნიშნულ დანაწესს ვერ შეცვლის მხარის მოსაზრება ან სურვილი მის მიერ შერჩეული სასამართლო ინსტანციისგან მიიღოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განჩინება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2020წ. განჩინება მიღებული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.2017წ. №3/4/550 გადაწყვეტილების (ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და ამავე საქმის მხარეებს შორის არსებულ დავებზე გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილების გათვალისწინებით. მითითებული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე