№ბ-489-6(გან-20) 27 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ 17.12.2012წ. და 11.03.2013წ. სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2012წ. და 15.03.2013წ. განჩინებებით ნ. მ-ის სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2013წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში განთავსებულ №18 ფართზე არსებულ ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის I სართულზე №18-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 24.08.2009წ. ნ. მა-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის I სართულზე №18-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.06.2009წ. ა. დ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე №18 სავაჭრო ობიექტზე ა. დ-ისა და ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის დავალება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებულ უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერთან დაკავშირებით მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალება, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის მოპასუხეებზე დაკისრება.
დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მა-ი და ა. დ-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ის პირველ სართულზე №18 არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის №..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ის პირველ სართულზე №18 არასაცხოვრებელ ფართზე ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის №..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....; საჯარო რეესტრის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უარი ეთქვა ა. დ-ისა და ნ. მა-ისთვის ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ის პირველ სართულზე №18 არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; მოსარჩელის მოთხოვნები ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განიხილოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ განხორციელებული უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერის გამო, არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მა-მა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის და ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის №...-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის I სართულზე №18-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ №...) ა. დ-ის სახელზე 2009 წლის 26 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №...; თარიღი: 26.06.2009); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის I სართულზე №18-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ №...) ნ. მა-ის სახელზე 2009 წლის 25 აგვისტოს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №...; თარიღი; 24.08.2009); დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ა. დ-ის 2009 წლის 26 ივნისის №... და ნ. მა-ის 2009 წლის 24 აგვისტოს №... განცხადებასთან დაკავშირებით; ნ. მ-ის მოთხოვნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. მა-ის და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. მა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით ნ. მა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) და ნ. მა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ის I სართულზე №18 არასაცხოვრებელ ფართზე ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ.ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ის I სართულზე №18 არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების განაცხ. №... და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი ...) ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2020 წლის 27 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. მ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების განმარტება მოითხოვა. განმცხადებელი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებებს, მიუთითებს, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასწორად. ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მითითებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შესრულებულა, საკასაციო სასამართლომ კი კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს ამ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ განცხადებაში დასმული საკითხები სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს, განმცხადებელი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებებს, განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების კრიტიკას და მასზე წარდგენილ საჩივარს წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე