Facebook Twitter

ბს-19 (კ-19) 22 მაისი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. დ-ამ 09.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 15.01.2018წ. NMOC 0 1800000134 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის თ. დ-ას სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა სამსახურში გადაყვანის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2018წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. დ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2018წ. განჩინებით საქმეში საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით თ. დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მოსარჩელის მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. დ-ას მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 01.09.2015წ. ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გათავისუფლებამდე მან მიიღო წერილობითი გაფრთხილება, რომ 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე იგეგმებოდა პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რეორგანიზაცია, აღნიშნულის გამო შესაძლებელი იყო თანამდებობიდან გათავისუფლება შტატების შემცირების გამო. ამავე გაფრთხილებში განმარტებული იყო, რომ შესაძლებელია კასატორს მიეღო წერილობითი შეთავაზება სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს, რომ სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია, განსხვავებით დაწესებულებაში მოსამსახურე 134 თანამშრომლისაგან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 01.09.2015წ. ბრძანება გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 30.06.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 01.09.2015წ. ბრძანება თ. დ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ აღსრულებულა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება კანონით დადგენილი წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ ყოფილა ჩართული და მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ. დ-ას ფიზიკური მდგომარეობა (ასაკის გამო) არ ქმნიდა მისთვის დამხმარე მოსამსახურის თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას. ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" კანონის 35-ე მუხლზე მითითებით თ. დ-ასათვის პენიტენციურ სამსახურში დანიშვნის შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან ამ მუხლით დადგენილი ასაკობრივი ზღვარი (65 წელი) სამოქალაქო პირებზე არ ვრცელდება. ამდენად, თ. დ-ას ხანგრძლივი სამსახურისა და ღვაწლის მიუხედავად, მას ვერ შეეთავაზა სხვა სამსახურში დანიშვნა/გადაყვანა. სასამართლოების მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუსწავლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რითაც დარღვევულია კანონმდებლობის მოთხოვნები. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მოპასუხის შესაგებელი გაეგზავნა სასამართლო განხილვის დამთავრების შემდეგ, რაც უხეში პროცესუალური დარღვევაა, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა სათანადოდ მომზადებულიყო პროცესისათვის. მოსამართლეს საქმეზე 09.10.2018წ. გამოტანილი ჰქონდა განჩინება, ხოლო ვინაიდან სააპელაციო შესაგებელი 24.10.2018წ. ჩამბარდა, 09.10.2018წ. განჩინებას თარიღი 30.10.2018წ. თარიღით შეუცვალეს. ამდენად გაყალბებული რიცხვით გამოტანილი განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით თ. დ-ა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების …ი, 31.07.2015წ. გაფრთხილებულ იქნა სამსახურის რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შესაძლო შეთავაზების მიღების შესახებ, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 01.09.2015წ. NMOC 3 1500004866 ბრძანებით თ. დ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც სასამართლო წესით გაასაჩივრა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 01.09.2015წ. NMOC 3 1500004866 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2016წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და 15.01.2018წ. მიიღო თ. დ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეორგანიზაციის პროცესის შედეგების შესწავლით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 26.08.2015წ. N39 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა, რომელიც აღარ ითვალისწინებდა პენიტენციურ დაწესებულებაში სტრუქტურული ერთეულის-…ის არსებობას, რის გამოც გაუქმდა დაწესებულებებში …ის …ის შტატები. ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულებების არცერთი სტრუქტურული და საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა რეორგანიზაციამდე არსებული …ის ...ის ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ იქნა თ. დ-ასთვის სხვა სამსახურის შეთავაზების შესაძლებლობა და დადგინდა, რომ თ. დ-ა ვერ აკმაყოფილებდა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთათვის დაწესებულ ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კერძოდ უმაღლესი განათლების საჭიროებას, ვინაიდან თ. დ-ას მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება. ასევე შეუძლებლად იქნა მიჩნეული თ. დ-ასათვის ისეთი სამსახურის შეთავაზება, რომელიც არ მოითხოვდა უმაღლეს განათლებას, რამეთუ ასეთად განიხილებოდა დამხმარე მოსამსახურის საქმიანობა, რომელიც ფიზიკურ აქტივობასა და დატვირთვასთან იყო დაკავშირებული, ხოლო თ. დ-ას ფიზიკური შესაძლებლობის (… წლის ასაკში) გათვალისწინებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მსგავსი სამსახურის შეთავაზება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია თ. დ-ასთვის სხვა თანამდებობის (სამსახურის) შეთავაზების ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, ვინაიდან იგი არსებით გავლენას ვერ მოახდენდა საქმის ობიექტურ გარემოებებზე. ამასთან იმ შემთხვევაში თუ იგივე თანამდებობაზე დასაქმებული პირები აკმაყოფილებდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მიიღეს სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება, აღნიშნული ვერ დაადასტურებს თ. დ-ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის აპელირება სააპელაციო სასამართლოს განჩინების თარიღის გაყალბებასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო სასამართლოს სხდომა 09.10.2018წ. ჩატარდა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 30.10.2018წ. გადაიდო, რაც სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობასთან, კერძოდ სსკ-ის 257.1 მუხლის მიხედვით მოსამართლე უფლებამოსილია გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თ. დ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი