Facebook Twitter

ბს-33 (კ-19) 29 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-ემ 28.12.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახური მიმართ, რომელმაც ზ. გ-ის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 05.12.2015წ. №MOC71500004022 ბრძანების და ზ. გ-ის ნაწილში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 05.12.2015წ. №429ს დასკვნის ბათილად ცნობა, ზ. გ-ის განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ. გ-ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით განთავისუფლების საფუძველი გახდა გენერალური ინსპექციის 05.12.2015წ. №429ს დასკვნა, რაც საიდუმლო დოკუმენტია, დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა. აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. დასკვნას მინიჭებული აქვს გრიფი ,,საიდუმლო“ და მასში მითითებული ინფორმაცია დაცულია გამჟღავნებისგან, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვეტილებაში იმსჯელოს დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, როგორც სადავო აქტის კანონიერების განმსაზღვრელ დოკუმენტზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ, რის გამოც მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე ზ. გ-ის მოსაზრება მასზედ, რომ მას შემდეგ, რაც ზ. გ-ის მეუღლის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი იქნა განცხადება ზ. გ-ის მიმართ მიმდინარე ზეწოლის თაობაზე, ზ. გ-ე განთავისუფლდა თანამდებობიდან. სასამართლომ მიუთითა აღიშნული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებათა საქმეში არარსებობაზე.

განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. გ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის უცნობია დასკვნის შინაარსი, რაც საფუძვლად დაედო მის სამსახურიდან განთავისუფლებას, სასამართლოებმა არ იმსჯელეს კასატორის სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის დაუშვებობაზე, განთავისუფლების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თანაზომიერებაზე, მხედველობაში არ იქნა მიღებული დასკვნაზე ზ. გ-ის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შეუძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ინკვიზიციურობის პრინციპის უგულებელყოფით. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გარემოებები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლოს 11.05.2020წ. მიმართვით სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა საიდუმლო ინფორმაცია - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 05.12.2015წ. №429ს დასკვნა ზ. გ-ის ნაწილში, რომლის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს. კანონმდებლობის მოთხოვნას შეესაბამება გადაწყვეტილებაში იმ მონაცემების მიუთითებლობა, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას, კერძოდ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს სასამართლო ხელისუფლებას საქმეთა განხილვისას უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა (6.1 მუხ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 05.12.2015წ. №429ს დასკვნას მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი საქმის მასალებში. საქმის მასალებით დასტურდება ზ. გ-ის მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსადმი მითითებული დასკვნის ასლის გადაცემის მოთხოვნით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 14.12.2015წ. წერილით ზ. გ-ეს განემარტა მასთან დაკავშირებით შედგენილი საიდუმლო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა უშუალოდ სამინისტროში გამოცხადების და ინფორმაციის ადგილზე გაცნობის გზით, ამასთანავე, მას ეცნობა, რომ მიღებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის თაობაზე მას ჩამოერთმეოდა ხელწერილი (ტ.1.ს.ფ.24). ამასთანავე, საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზ. გ-ე გაეცნო მის თაობაზე შედგენილ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც მის მიერ დადასტურებული იქნა ხელწერილით. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლების თაობაზე. გასაჩივრებული აქტების უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კასატორს არ ჩააბარა საიდუმლო დოკუმენტის ასლი. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს დაკისრებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი.

კასატორის მიერ მითითებულ პრეტენზიებზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაში, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის გამოთხოვისა და გაცნობის შედეგად არ დადასტურდა გასაჩივრებული აქტების უკანონობის თაობაზე კასატორის მოსაზრება.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებების გაუზიარებლობის გამო გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე. მოწმეთა ჩვენებები ზოგადი ხასიათისაა და არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტების უკანონობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამავდროულად არ ადასტურებს აქტების უკანონობას, ვერ შეცვლის საქმეში დაცულ და ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების შედეგად არ დგინდება გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის არასწორად გამოყენება, სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. ამასთანავე, საკადრო საკითხებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა სამსახურეობრივ მოვალეობათა დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომის ადექვატური სახე (სუსგ 16.01.2020წ. ბს-831 (კ-18)).

გასაიდუმლოებული დოკუმენტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არაერთი გადაწყვეტილებით შეფასდა საკასაციო სასამართლოს მიერ (სუსგ 12.04.2018წ. ბს-692-688 (კ-17); 21.06.2018წ. ბს-920-916 (კ-17) და სხვ.). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე