გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 322-აპ 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-სა და გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის განაჩენში მ. დ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის განაჩენით მ. დ-სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ტუსაღობა 2 თვის ვადით. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ. დაინაუსკასს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
2004წ. იანვარში ლიტვის მოქალაქე მ. დ-სი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში, სადაც მუშაობდა ერთ-ერთ ღამის კლუბში დაცვის წევრად. ამ პერიოდში მან შეიტყო, რომ იძებნებოდა ლიტვის ფინანსური პოლიციის მიერ, რის გამოც გადაწყვიტა მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის შეცვლა სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთით. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით მან 2004წ. აგვისტოში მასთან ერთად მომუშავე არაბი ეროვნების მოქალაქეებისაგან 1000 აშშ დოლარად შეიძინა ისრაელის მოქალაქე ვ. კ-ს სახელზე გაცემული ¹......... პასპორტი, რომელშიც ჩაკრული იყო თავისი ფოტოსურათი.
ჰქონდა რა ზემოაღნიშნული პასპორტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის განზრახვა, მან 2004წ. 4 სექტემბერს გამოიყენა ვ. კ-ს სახელზე გაცემული ისრაელის მოქალაქის ყალბი პასპორტი, მასში ჩაკრული თავისი ფოტოსურათით და “პრაღა-თბილისის” ავიარეისით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საემიგრაციო საგუშაგო “აეროპორტი-თბილისის” გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარი და ჩამოვიდა საქართველოში.
2004წ. 17 სექტემბერს მ. დ. თბილისში დააკავეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ: მ. დ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
პროკურორი ი. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
მსჯავრდებული მ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა აღნიშნა, რომ მ. დ. ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია, სასამართლომ მას შეუფარდა ლმობიერი სასჯელი, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. რ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ადვოკატმა ითხოვა მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული მ. დ..
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ექსპერტის ¹223/ტექ დასკვნით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ დადგენილებით, გენერალური პროკურატურის მასალებით მ. დ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრები ხდის.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორების _ ი. გ-სა და ა. ს-ს პოზიციას მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ლმობიერების თაობაზე და თვლის, რომ, საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერად ამორიცხა განაჩენიდან მითითება მ. დ-ს ნასამართლობაზე, ვინაიდან მას სასჯელის ზომად განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაქარწყლებული აქვს, ხოლო სხვა რაიმე ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, მ. დ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.