Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 326-აპ 20 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და ზ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”,'“ბ”, “გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ექვსი თვე და საბოლოოდ შეეფარდა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ზ. ნ-სა და გ. ბ-ს ბრალად ედებოდათ ყაჩაღობის ჩადენა, კერძოდ, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. 2004წ. 29 აპრილს გ. ბ. მეგობრებთან _ ზ. ნ-თან, ლ. მ-სა და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად დაახლოებით 14.30 საათზე იმყოფებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის ეზოში. გ. ბ., ლ. მ. და გამოძიებით დაუდგენელი ერთ-ერთი ბიჭი შეიარაღებული იყვნენ დაუდგენელი მარკისა და სისტემის პისტოლეტებით. ისინი შეთანხმდნენ, რომ იარაღით თავს დასხმოდნენ იქვე, ეზოში, მდგომ სტუდენტ ი.ს-ს, მის ამხანაგ უ. ქ-ს და წაერთმიათ მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი. გ. ბ. და გამოძიებით დაუდგენელი “მაღალი ბიჭი” მივიდნენ ი.ს-სა და უ. ქ-თან, რომლებთან ერთად იდგა მ. წ-ც. მოსთხოვეს, რომ გაჰყოლოდნენ უნივერსტიტეტის კორპუსის უკან, მოფარებულ ადგილას, რაზეც ისინი დაეთანხმნენ. თავდამსხმელები დარწმუნდნენ რა, რომ მათ გარდა ახლოს არავინ იყო, გ. ბ-მა, ლ. მ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ერთ-ერთმა ბიჭმა ი. ს-ს მოსთხოვეს, რომ მათთვის გადაეცა “ნოკიას” ფირმის ე.წ. “ტიტანის” მარკის მობილური ტელეფონი. მისგან უარის მიღების შემდეგ გ. ბ-მა და ლ. მ-მ შარვლის ქამრის შიგნიდან ამოიღეს დაუდგენელი მარკისა და სისტემის პისტოლეტები, ლ. მ-მ ი. ს-ს იარაღის ლულა დაადო შუბლზე, ხოლო გ. ბ-მა კი _ მკერდზე და მუქარით მოსთხოვეს ტელეფონის მიცემა. ი. ს. მათ კვლავ უარს ეუბნებოდა, რა დროსაც ზ. ნ-მა ძალით ხელიდან წაგლიჯა დაზარალებულს მობილური ტელეფონი “ნოკია”. ამის შემდეგ გ.ბურდულმა იარაღის მუქარით, ძალდატანებით უ. ქ-ს ხელიდან წაგლიჯა 120 აშშ დოლარად ღირებული გიშრისთვლიანი ბეჭედი ოქროს და 50 აშშ დოლარად ღირებული სათვალე, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ი. ს-ს მიადგა 400 ლარის ზიანი, ხოლო უ. ქ-ს კი _ 180 დოლარის მატერიალური ზიანი.

საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ბრალდების მხარემ შეცვალა ბრალდება და განსასჯელებს ბრალად წარუდგინა ძარცვის, კერძოდ, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულმა მხარი დაუჭირა შეცვლილ ბრალდებას. სააპელაციო სასამართლომ შეცვლილი ბრალდების ფარგლებში განიხილა საქმე და გ. ბ-ს მსჯავრი დასდო სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ხოლო ზ. ნ-ს _ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ბ. ითხოვს აღნიშნული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემცირებას ან პირობითი მსჯავრის გამოყენებას მისი პიროვნული და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩანადენს;

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ნ. ითხოვს აღნიშნული განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემცირებას ან მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას მისი პიროვნული და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩანადენს.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს და აღიარებს დანაშაულის ჩადენას, იგი სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხასიათდება დადებითად.

მსჯავრდებულმა გ. ბ-მა მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს და აღიარებს დანაშაულის ჩადენას, წარსულში არ არის ნასამართლევი, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი.

მსჯავრდებულმა ზ. ნ-მა მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

პროკურორმა რ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა მსჯავრდებულთა მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი და სამართლიანია და მისი შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მსჯავრდებულებს _ გ. ბ-ს, ზ. ნ-ს და მათი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ლ. მ-ს, პროკურორ რ. ს-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და ზ. ნ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულები არიან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ხასიათდებიან დადებითად, აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, რომ გ. ბ-ს კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, ხოლო ზ. ნ-ს _ მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომ ზ. ნ. წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე გ. ბ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, რომ გ. ბ. წარსულში ნასამართლევია, რომ მან დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩაიდინა და ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის მხედველობაში მიღებით შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენი ზ. ნ-სა და გ. ბ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ზ. ნ-სა და გ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენი ზ. ნ-სა და გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.