Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-74(2კ-20) 27 მაისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ტ-ე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ტ-ემ 2019 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის №245 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. ტ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №245 ბრძანება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ტ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №245 ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით გასწორდა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად მიეთითა 2019 წლის 30 სექტემბერი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ტ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. მ. ტ-ე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორი მ. ტ-ე აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის დროებითი საცხოვრებელი მისამართი არის ქალაქი გორი, ...ის ქუჩა №2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო არ დასტურდება. უფრო მეტიც, კომისიის წარმომადგენლების მიერ ოქმში მითითებულია არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ქალაქ გორში, ...ის გამზირ №18-ში, მე-8 სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია მ. ტ-ის ყოფილი მეუღლის კუთვნილ ბინაში ცხოვრების შესახებ. მოცემულ კორპუსს მე-8 სართული არ გააჩნია. კასატორი მიუთითებს, სასამართლოში საქმის განხილვისას უტყუარად დადგინდა, რომ იგი ყოფილი მეუღლის სახლში არ ცხოვრობს. ამასთან, მ. ტ-ეს მეუღლის დანაშთ ქონებასთან სამართლებრივი კავშირი არ აქვს, ვინაიდან არ არის მეუღლის მემკვიდრე არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის გამო.

მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის თანახმად, დროებითი საცხოვრებლის მესაკუთრემ ლ. ნ-მა სასამართლოში ნათლად განმარტა, რომ მოსარჩელე მასთან ცხოვრობს ქირით. ლ. ნ-მა, ასევე, აღნიშნა, რომ კომისიის თანამშრომლების ვიზიტისას არ უთქვამს მათთვის, რომ მ. ტ-ე სხვაგან ცხოვრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი არ შეეძლო წაეკითხა ტექსტი, რომელზეც ხელი მოაწერინეს.

კასატორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებისა და მტკიცებულების შესწავლის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარდგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებისა და „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების საფუძველზე, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის დაწესებულია გარკვეული რიგითობა. მოცემული დათქმა მიზნად ისახავს თავდაპირველად იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ამასთანავე, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი.

სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო შემთხვევაში დასტურდება მ. ტ-ის დევნილი ოჯახის გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში მუდმივი ცხოვრების ფაქტი. მოცემული გარემოება დადასტურებულია მონიტორინგის განხორციელებისას. კერძოდ, განხორციელდა ადგილზე ვიზიტები და დადგინდა ოჯახის წევრთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. გასაუბრება მოხდა განაცხადში მითითებული საცხოვრებელი ფართის (გორი, ...ის ქ. №2) მესაკუთრესთან - ლ. ნ-თან; გამოკვლეულ იქნა ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, განსახლების აუცილებლობის საჭიროება. შესაბამისად, მოსარჩელეს ამ ეტაპზე უარი მართებულად ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებს, რომ მოსარჩელეს მეუღლის საცხოვრებლით სარგებლობაში ხელი ეშლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ. ტ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე მ. ტ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ მ. ტ-ე ცხოვრობს მეუღლის სახლში და მისი გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტიდან გამომდინარე, იმ დევნილ ოჯახთა დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, განიხილება ბოლო ეტაპზე. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შევსებულ კითხვარში დააფიქსირა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს გორში, ...ის ქ. №2-ში, დაქირავებულ ბინაში. აღნიშნულ მისამართზე მისი ქირით ცხოვრება სანოტარო წესით დამოწმებული, 2017 წლის 25 იანვრის ხელწერილით და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე, დაადასტურა გამქირავებლად დასახელებულმა - ლ. ნ-მა. თუმცა, მ. ტ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული მონიტორინგის დროს, იმავე მისამართზე 2017 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტისას ჯგუფს ადგილზე არ დახვდა მოსარჩელე, ლ. ნ-მა კი განმარტა, რომ მ. ტ-ე ძირითადად ცხოვრობს შვილთან, თბილისში და მასთან სახლში მიდის თვეში ერთხელ ან ორჯერ. გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა მისამართზე - გორი, ...ის ქ. კორპ. №18, ბინა №7, პირველი სართული. ადგილზე არ იმყოფებოდა მ. ტ-ე, რომელსაც ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონის მეშვეობით. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შესახებ 2017 წლის 9 ოქტომბრის ოქმში კი მიეთითა, რომ ჯგუფის წევრი გაესაუბრა იმავე სადარბაზოში, მე-8 სართულზე მცხოვრებ პირს, რომელმაც განმარტა, რომ მ. ტ-ე ცხოვრობს პირველ სართულზე, №7 ბინაში, ბინის გვერდზე მდებარე ფართში მ. ტ-ეს გახსნილი აქვს ...ი. იმავე დღეს ...ში მეორედ მისვლისას ჯგუფის წევრი შეხვდა მოსარჩელეს, რომელმაც განაცხადა, რომ ბინა ეკუთვნის მის გარდაცვლილ მეუღლეს და დავა აქვს მეუღლის კუთვნილი ბინის გამო შვილებთან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა იმ გარემოების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას, სად ცხოვრობს მოსარჩელე - კერძოდ, მ. ტ-ე ცხოვრობს ქირით თუ უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და ცხოვრობს მეუღლის ან შვილის ბინაში. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რადგან ამ ფაქტის დადგენაზე არის დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა. ამრიგად, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის შედეგად, უნდა დაადგინოს მ. ტ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ტ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე