Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-104(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ო-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ო-მა 2017 წლის 19 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ცენტრის 2017 წლის 24 ნოემბრის №MES 4 17 01433808 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ე. ო-ის სახელზე გაცემული სრკი №... წარჩინების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ნოემბრის MES 4 17 01433808 გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ო-ის სახელზე გაცემული სრკი №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებზე, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ე. ო-ი შპს „...ის“ ფილიალში „...ის ინსტიტუტში“ ჩაირიცხა რექტორის 2001 წლის 02 ნოემბრის №124 ბრძანების საფუძველზე, ამ პერიოდისთვის კი დაწესებულებას არ გააჩნდა ლიცენზია საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებად. ლიცენზია გაიცა მხოლოდ 2002 წლის 11 ოქტომბერს. შესაბამისად, „...ის ინსტიტუტი“ არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა 2002 წლის 11 ოქტომბრამდე და აღნიშნულ პერიოდამდე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომი ვერ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოთა მითითება განათლების მიღების უფლების მნიშვნელობაზე, რადგან ცენტრის აქტი არ ზღუდავს კონკრეტული პირის უფლებას, მიიღოს განათლება. ცენტრს არ გაუბათილებია მოსარჩელის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, გასაჩივრებული აქტით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაცია მოხდა. ამასთან, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უნდა მოხდეს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპთა ურთიერთშეპირისპირება და სადავო შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, როდესაც აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე კი მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ის არ მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებულია და კვალიფიკაცია მინიჭებულია არალიცენზირებულ პერიოდში, არ უნდა მოხდეს მიღებული განათლების აღიარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ ფილიალის „...ის ინსტიტუტის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული სრკი №... წარჩინების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ ე. ო-ი მითითებულ დაწესებულებაში ჩაირიცხა 2001 წლის 2 ნოემბერს, როდესაც ინსტიტუტს არ გააჩნდა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ სწავლის დამთავრების პერიოდისთვის ინსტიტუტი უკვე ფლობდა შესაბამის ლიცენზიას. კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს შპს ,,...ის“ ფილიალზე - „...ის ინსტიტუტზე“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №020641079 ლიცენზია გასცა. ამასთან, მართალია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1-19/314 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ ფილიალს „...ის ინსტიტუტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, მაგრამ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, მოსარჩელის შემდგომი სწავლის პერიოდში (2002-2005წწ) დაწესებულება უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა.

ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ „დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება... მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე N516-516(კ-18). ამდენად, სადავო შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან სტუდენტი ენდობოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერებას, მისი სწავლის პერიოდში დაწესებულებამ მოიპოვა ლიცენზია და ითვლებოდა აკრედიტებულად, შესაბამისად, ე. ო-ს ჰქონდა გაცემული დიპლომის შედეგების შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი. შედეგად, მოსარჩელემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, მათ შორის, ეწევა პროფესიულ საქმიანობას. ამრიგად, მოსარჩელეს გააჩნია გაცემული დიპლომის აღიარების კანონიერი ინტერესი ამავე დიპლომის საფუძველზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ასეთ პირობებში კი კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირის უფლებებს დამდგარი შედეგის შენარჩუნების მეშვეობით. ამასთან, არ დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 და 601 მუხლებით განსაზღვრული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ დგინდება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულით დაცული იქნება ე. ო-ის კანონიერი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ინტერესს და აღიარებულ იქნეს მის მიერ მიღებული განათლება.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში პასუხი არ გასცა სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ ყველა საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). კონკრეტულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს და შეისწავლეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სასამართლოებს დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესები არ დაურღვევიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 2019 წლის 30 ოქტომბრის №11118 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე