საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-153(კს-20) 27 მაისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - სპს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. შ-ი
თავდაპირველი მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ო. შ-მა 2016 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ბათუმის მერის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ოქტომბრის N... და 2009 წლის 3 ივნისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სპს „...ა“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. შ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ოქტომბრის N... და 2009 წლის 3 ივნისის N... გადაწყვეტილებები; ამავე გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. თ-ის 2007 წლის 09 ოქტომბრის N... განცხადებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...ამ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით სპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სპს „...ამ“ 2019 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სპს „...ის“ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კომპანიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა/მოძიებულ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ წარედგინა, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, აღმოჩენილი დოკუმენტი - ტექნიკური პასპორტი, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო 2009-2010 წლებში ქონების შეფასებისათვის, წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ტექნიკური პასპორტი გაცემულია 1998 წლის 5 ივნისს, რასაც ადასტურებს ტექნიკური სამსახურის უფროსი ა. ს-ე, ხელწერითა და ბეჭდით. აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობამ გააჩინა ეჭვი, თითქოს სპს „...ას“ ტექნიკური პასპორტი გაყალბებული ჰქონდა. თუმცა, თუ სასამართლო დოკუმენტს გაყალბებულად მიიჩნევდა, მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გამოეტანა შესაბამისი განჩინება და „დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით საქმე გადაეცა საგამოძიებო ორგანოებისთვის“.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძლოდ ჩათვალა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მხოლოდ 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილება შეიძლება განხილულიყო. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ მაღალია და დოკუმენტაციის, რაც ინახება/უნდა ინახებოდეს შესაბამის სამსახურებში, დაკარგვის/განადგურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს სპს „...ას“.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავდაპირველი დავისას სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. ასევე, არ ისარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებით და არ გამოითხოვა მტკიცებულებები შესაბამისი ორგანოებიდან. შედეგად, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასრული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქმის წარმოების განახლებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის საწარმოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუქნტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისთვის აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი გარემოებები: დოკუმენტის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისას წარუდგენლობა გამოწვეული არ უნდა იყოს მხარის ბრალით; მხარეს არ უნდა ჰქონოდა ასეთი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა; მოცემული დოკუმენტი მხარისთვის ხელსაყრელი შედეგის მატარებელი უნდა იყოს.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ დავის არსებითი განხილვისას შეამოწმა სპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, რაც გულისხმობს რეგისტრირებული მონაცემებისა და უფლების წარმომშობ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობის დადგენას. საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საკუთრების უფლების აღრიცხვა მოხდა მერიის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა ეს დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევა და მიეთითა, რომ „იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელმა სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილება ან თუ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ მოიპოვა თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასეთ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციას ეცლება სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე რეგისტრაცია ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად, შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით.“ ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა რა ცნობილი კერძო საჩივრის ავტორის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კონკრეტული ფაქტების დამატებით შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტების მოძიება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი 1998 წლის 5 ივნისის ტექნიკური პასპორტი თავდაპირველი დავის ფარგლებში რომც ყოფილიყო წარდგენილი, იგი გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევის წინაპირობა ვერ გახდებოდა, რადგან რეგისტრაცია განხორციელდა სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა მოუძიებლობამაც გამოიწვია საწარმოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ამ ეტაპზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დავა გადაწყდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი არ არის მოკლებული შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში წარადგინოს მარეგისტრირებელ ორგანოში 1998 წლის 5 ივნისის ტექნიკური პასპორტი, თუკი მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულება მისი საკუთრების უფლების არსებობას ადასტურებს. უფრო მეტიც, კომპანია უფლებამოსილია, დაიწყოს ახალი სარეგისტრაციო წარმოება ახალი დოკუმენტის წარდგენის მეშვეობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 5 ივნისის ტექნიკური პასპორტის მოპოვება და სასამართლოში წარდგენა შესაძლებელი იყო საქმის არსებითი განხილვის დროსაც.
რაც შეეხება საწარმოს განცხადებაზე დართულ 1993 წლის 28 აპრილის N488 აქტს, იგი საქმეში მოიპოვებოდა სარჩელის არსებითი განხილვის პერიოდშიც. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები, რომელთა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენაც შეუძლებელი იყო, ან რომელთა წარდგენაც შესაძლებელია საქმეზე განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გამხდარიყო.
საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება სპს „...ის“ არგუმენტი, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოითხოვა მტკიცებულებები, რადგან, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული მტკიცებულებების გამოთხოვის უფლებამოსილება არ ათავისუფლებს მხარეებს მტკიცებითი ტვირთისგან. მეორე მხრივ კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება არ გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა. არ იკვეთება სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილი წინაპირობები. შესაბამისად, სპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე