Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-213 (კს-20) 27 მაისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ც-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ც-მა 2018 წლის 27 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხეთათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-მა, რომელმაც სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში; ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ა. ც-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, გზავნილი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დედას, 2019 წლის 16 აგვისტოს. აპელანტმა კი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რაც, სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნილი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ც-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად არის მითითებული, რომ სასამართლოს შეტყობინება ჩაიბარა მოსარჩელის დედამ. ა. ც-ი აღნიშნავს, რომ 2006 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ და დედა საცხოვრებლად გადავიდა აზერბაიჯანში, ის კი საცხოვრებლად დარჩა მამასთან - ა. ც-თან. მშობლების განქორწინების შემდეგ დედა - ვ. ე-ა-ც-ი კერძო საჩივრის ავტორის საცხოვრებელ სახლში აღარ ყოფილა, შესაბამისად, იგი განჩინების ჩაბარებას ვერ შეძლებდა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინებით დაირღვა მისი განათლების უფლება, რადგან დიპლომის აღიარების გარეშე შეზღუდული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და ეჭვქვეშ დადგა მის მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფაქტი. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე და მიიჩნევს, რომ მისი საჩივრის განუხილველად დატოვება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არ დააკმაყოფილა რა ა. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული ვადის ათვლა დაუკავშირდა განჩინების მხარისთვის ჩაბარებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები კი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს ა. ც-ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - ...ი, მე-6 კვ, ბინა 39. „...ის“ უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი 2019 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა ნ. ც-ს, რომლის შესახებაც კურიერი აკეთებს მითითებას - „დედა“ (ს.ფ. 387). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ა. ც-ის დედა არის ვ. ე-ა, რომელიც განქორწინებულია მეუღლესთან და საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ მოცემული ავტომატურად არ გამორიცხავს ნ. ც-ის გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევას. გზავნილის არა უშუალოდ ადრესატისთვის, არამედ სხვა უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების საკითხის შესწავლისას განმსაზღვრელია, ფოსტის უკუგზავნილზე დაფიქსირებული ინფორმაცია რამდენად ზუსტად ასახავს მიმღების სახელს, პირად ნომერს და იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ხოლო ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შესაძლებელი უნდა იყოს პირის გზავნილის უშუალო ადრესატთან კავშირის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ნ. ც-ი საფოსტო უკუგზავნილში არასწორად არის დაფიქსირებული მოსარჩელის დედად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ უარყოფს, რომ დასახელებული პირი წარმოადგენს მოსარჩელესთან მცხოვრებ, მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ამასთან, უკუგზავნილზე კომენტარის არაზუსტი/არასრული/არასწორი გაკეთება, თუკი გზავნილის მიმღების იდენტიფიცირება და მიღების თარიღის ამოცნობა შესაძლებელია, გზავნილის ჩაბარების ფაქტს ვერ გამორიცხავს. შესაბამისად, ნ. ც-ი მიჩნეულ უნდა იქნეს ა. ც-ისთვის გაგზავნილი კონვერტის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად. სწორედ ამიტომ, 2019 წლის 16 აგვისტოს მისთვის გზავნილის ჩაბარება წარმოადგენდა მოსარჩელისთვის გზავნილის ჩაბარებას და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2019 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 2019 წლის 26 აგვისტოს 24:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორს კი სასამართლოს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. უფრო მეტიც, გზავნილის ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე პერიოდში (2019 წლის 16 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე) ა. ც-ს სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს. სწორედ ამიტომ, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა ქმნიდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ა. ც-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შედეგებზე.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას განათლების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მასში კანონიერი ჩარევა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. „ანალოგიურად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც არ არის ხსენებული უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ერთ-ერთ ასეთ ჩარევას კი წარმოადგენს კანონმდებლობით სასამართლოსადმი მიმართვის კონკრეტული ვადების შემოღება, რომელთა დაცვაზეც არის დამოკიდებული სარჩელის/საჩივრის განხილვის შემდგომი ბედის გადაწყვეტა. ვინაიდან ა. ც-მა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო და ვერც ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე უთითებს, სააპელაციო საჩივრის კანონიერად განუხილველად დატოვება კერძო საჩივრის ავტორის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, განათლების უფლების, დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე