Facebook Twitter

ბს-723-723 (კ-18) 22 მაისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ უ. ც-ემ 29.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2014წ. N14946 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 04.08.2014წ. N35976 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.09.2014წ. N39436 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 28.10.2014წ. N44681 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2015წ. გადაწყვეტილებით ი/მ უ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2014წ. N14946 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 04.08.2014წ. N35976 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.09.2014წ. N39436 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 28.10.2014წ. N44681 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და ი/მ უ. ც-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებით ი/მ უ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2015წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2014წ. N14946 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 04.08.2014წ. N35976 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.09.2014წ. N39436 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 28.10.2014წ. N44681 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანების, ასევე 14.03.2014წ. N14946 ბრძანების გამოცემის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ი/მ უ. ც-ის მიერ ორგანიზებული ობიექტი (ტოტალიზატორი) მდებარეობდა მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში და არ იყო განთავსებული სასტუმროსათვის განკუთვნილ ფართში. ორივე შემთხვევაში ი/მ უ. ც-ე დაჯარიმდა 2000-2000 ლარით. ამდენად, კონკრეტული სანებართვო პირობების შეუსრულებლობის საფუძვლით ი/მ უ. ც-ე დაჯარიმდა ორჯერ, იმ პირობებში როდესაც კონკრეტული სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა სასამართლოში და გასაჩივრებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანება. ამდენად, სადავო ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.02.2014წ. N10854 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/028 ნებართვის მფლობელის - ი/მ უ. ც-ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებრთვო პირობების შესრულების შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ტოტალიზატორი არ არის განთავსებული სასტუმროსათვის ან/და სამორინესათვის განკუთვნილ ფართში. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20.05.2011წ. N22 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში ან/და სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი სასტუმროსა და/ან სამორინესათვის განკუთვნილ ფართში. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტოტალიზატორი განთავსებულია მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში და არ არის განთავსებული სასტუმროსათვის და/ან სამორინესათვის განკუთვნილ ფართში, ვინაიდან ობიექტი განთავსებულია მრავალფუნქციური დანიშნულების (...ა) შენობა-ნაგებობის … სართულზე, განცალკევებით არის სამორინე და ზემოაღნიშნული შენობის მე-… სართულზე გათავსებულია სასტუმრო "...ი". საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.08.2014წ. N36845 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ი/მ უ. ც-ის მიერ არ არის გამოსწორებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2014წ. N14946 ბრძანებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა, ფაქტზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N339, რომლის გათვალისწინებითაც 09.09.2014წ. ი/მ უ. ც-ის მიმართ გამოიცა N39436 ბრძანება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 37.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტისა და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 34.2 მუხლის შესაბამისად პირის 6000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანების არსებობის პირობებში, რომლითაც ი/მ უ. ც-ე დაჯარიმებულ იქნა 2000 ლარით, პირის კვლავ დაჯარიმებას 14.03.2014წ. N14946 ბრძანების შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 20.05.2011წ. N22 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება 11.11.2013წ. N40 დადგენილებით და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვები გახდა თვითმმართველი ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში (რომელსაც აქვს არანაკლებ 20 მოქმედი ესპლუატაციაში გაშვებული ნომერი) და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში. შესაბამისად, 2014 წლის შემოწმება მიზნად ისახავდა ნორმატიულ აქტში განხორციელებულ ცვლილებებთან პირის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები კანონშესაბამისია და შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთანავე, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის ბაჟის დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის 5.1 მუხლის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 15.08.2013წ. N39153 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/028 ნებართვის მფლობელი პირის - ი/მ უ. ც-ის მიერ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 35.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმება, რომლის შედეგადაც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 371 "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ი/მ უ. ც-ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ უ. ც-ის მიერ ორგანიზებული ობიექტი მდებარეობს მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში და არ არის განთავსებული სასტუმროს და/ან სამორინესთვის განკუთვნილ ფართში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით ი/მ უ. ც-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს, რომლის 26.11.2013წ. N60926 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. N39823 ბრძანების და სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს, რომლის 26.11.2013წ. N60926 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ი/მ უ. ც-ემ 30.12.2013წ. მიმართა სასამართლოს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.02.2014წ. N10856 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ უ. ც-ის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 35.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2014წ. N14946 ბრძანებით "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 371 "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ი/მ უ. ც-ე დაჯარიმდა 2000 ლარით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ უ. ც-ის მიერ ორგანიზებული ობიექტი მდებარეობს მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში და არ არის განთავსებული სასტუმროს და/ან სამორინესთვის განკუთვნილ ფართში. ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში, რომლის 04.08.2014წ. N35976 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 09.09.2014წ. ბრძანებით ი/მ უ. ც-ე "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის 371 "გ" ქვეპუნქტის და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 34.2 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 6000 ლარით, რაც ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში, რომლის 28.10.2014წ. N44681 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ კონკრეტული სანებართვო პირობების შეუსრულებლობის საფუძვლით ი/მ უ. ც-ე დაჯარიმდა ორჯერ, 2013 წელს და 2014 წელს 2000-2000 ლარით. შესაბამისად მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია 2013 წლის შემოწმების შედეგად გასაჩივრებული აქტების კანონიერების საკითხის დადგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს 04.09.2015წ. #ბს-343-339(2კ-15) განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ უ. ც-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2014წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.08.2013წ. №39823 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ი/მ უ. ც-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად 12.02.2016წ. გამოსცა N3522 ბრძანება ი/მ უ. ც-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ, რაც ასევე გასაჩივრდა სასამართლო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.09.2018წ. №ბს-596-596(კ-18) განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად ძალაში შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.04.2017წ. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.02.2016წ. N3522 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ი/მ უ. ც-ეს სწორედ ნებართვით განსაზღვრულ ფართში ჰქონდა მოწყობილი ტოტალიზატორი და ამ მხრივ არ იყო დარღვეული სანებართვო პირობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ორივე შემოწმების შედეგად სადავო აქტები გამოცემულია ერთსა და იმავე ფაქტზე, იმავე საფუძვლით და იმავე პირის მიმართ, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არ არსებობს სამართალდარღვევვის შემადგენლობა, შესაბამისად არ არსებობს მოცემული დავის ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების ძალაში დატოვების საფუძველიც.

ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სსკ-ის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მართებულია ადმინისტრაციულ ორგანოსთვის ი/მ უ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი