ბს-772 (კს-19) 08 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ მ. მ-ე, რ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ს. ზ-ის უფლებამონაცვლეები ი. და ნ. შ-ები
მოპასუხეები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, მ. ლ-ი
დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.12.2018წ. გადაწყვეტილებით ს. ზ-ის უფლებამონაცვლეების ი. და ნ. შ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ. ლ-ს შორის მცხეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე №... კოტეჯზე 11.10.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ს. ზ-ის უფლებამონაცვლეების №... კოტეჯის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. ლ-მა და ი. და ნ. შ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2019წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი. და ნ. შ-ების სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2019წ. განჩინებით აპელანტის მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება/შუამდგომლობით მიმართა მ. მ-ისა და რ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქმეში რ. გ-ისა და მ. მ-ის სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინებით მ. მ-ისა და რ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი ვერ შეეხებოდა მათ ინტერესებს, რის გამოც არ დასტურდებოდა მ. მ-ისა და რ. გ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძვლების არსებობა.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. მ-ემ და რ. გ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ არიან მ. ლ-ის მშობლები, ცხოვრობენ სადავო კოტეჯში, სადავო კოტეჯის პრივატიზების საფუძველია შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც სამარშრუტო ავტობუსი გადაეცათ მოსარჩელის ოჯახს. კერძო საჩივრის ავტორებს უშუალოდ ეხებათ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ, განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში დარჩებიან სამართლებრივი დაცვის მიღმა. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მ. მ-ისა და რ. გ-ის ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული დასკვნის უსწორობას ადასტურებს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებამდე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა ს. ზ-ის ოჯახთან მ. მ-ეს და რ. გ-ს გაცვლის და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც მიკროავტობუსის მიღების სანაცვლოდ მ. მ-ისა და რ. გ-ის ოჯახმა მიიღო კოტეჯი. აღნიშნულ კოტეჯში მ. მ-ე და რ. გ-ი, როგორც მ. ლ-ის ოჯახის წევრები, დღემდე ცხოვრობენ და ამავე მისამართზე არიან რეგისტრირებულნი. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები გამოსახლდებიან კოტეჯიდან. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით კერძო საჩივრის ავტორებს უწევთ სხვადასხვა სარჩელის აღძვრა, რაც საჭირო არ გახდებოდა მ. მ-ე და რ. გ-ი საქმეში მესამე პირებად ჩართული რომ ყოფილიყვნენ. კერძო საჩივრის ავტორებმა მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად საჩივარზე დაურთეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონული გვერდიდან ამონარიდი ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან და ქონების გაცვლის თაობაზე 12.05.2010წ. ხელშეკრულება.
კერძო საჩივრის ავტორებმა საკასაციო სასამართლოში 17.02.2020წ. დამატებით წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც მიუთითეს, რომ მხარეთა შორის გაცვლის ხელშეკრულების გაფორმება ადასტურებს მათი მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობას. უფლება კოტეჯზე წარმოშვა ვ. შ-თან და ს. ზ-თან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც ერთდროულად მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაცაა და გაცვლის ხელშეკრულებაც. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გააუქმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას და მ. მ-ე და რ. გ-ი მიჩნეული არ იქნებიან ხელშეკრულების მხარედ, კერძო საჩივრის ავტორები სამართლებრივი დაცვის მიღმა დარჩებიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის და რ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 17.12.2015წ. გადაწყვეტილებით ს. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. №20/09/01 განკარგულება 561-ე ნომრად მითითებულ ...-ე კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებულ მ. ლ-ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 18.09.2012წ. №1766 განკარგულება დანართში 578-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ. ლ-ის ნაწილში, საქართველოს პრეზიდენტს დაევალა გამოსცეს ცვლილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც 20.09.2012წ. №20/09/01 განკარგულების დანართში 561-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითება ს. ზ-ი, საქართველოს მთავრობას დაევალა ცვლილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 18.09.2012წ. №1766 განკარგულების დანართში 578-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად ს. ზ-ი მიეთითება. ძალაშია აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.01.2015წ. გადაწყვეტილება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20.05.2010წ. №909 და 27.07.2010წ. №1561 წერილებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.09.2012წ. #510 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2018წ. გადაწყვეტილებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ. ლ-ს შორის 11.10.2012 დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.2019წ. განჩინებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (აღნიშნული განჩინება უწყებასთან ერთად ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს 14.02.2019წ.), ს. ზ-ის უფლებამონაცვლეებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში). სააპელაციო სასამართლოს 23.04.2019წ. განჩინებით რ. გ-ის და მ. მ-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველია მ. ლ-ის მშობლების - მ. მ-ესა და რ. გ-ის მიერ ს. ზ-ის ოჯახთან გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულება, რის გამოც თვლიან, რომ არსებობს საქმეში მათი მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმის თაობაზე მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ არსებობს გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად პირველმა მხარემ - ს. ზ-მა და ვ. შ-მა დროებით სარგებლობაში მქონე მე-19 რიგში მდებარე №... კოტეჯი შესთავაზეს რ. გ-სა და მ. მ-ეს, თავის მხრივ რ. გ-მა და მ. მ-ემ აღნიშნული კოტეჯის სანაცვლოდ, ს. ზ-სა და ვ. შ-ს შესთავაზეს ფორდის მარკის მიკროავტობუსი, პირველმა მხარემ იკისრა კოტეჯის მუდმივ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ავტომანქანის სანაცვლოდ კოტეჯის მეორე მხარისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების წესები (523-ე მუხ.), უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხ.). აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნის არარსებობის პირობებში მხარეთა შორის რაიმე გარიგების დადებას უძრავ ნივთზე იურიდიული ძალა არ აქვს, მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმება არ წარმოშობს საკუთრების უფლებას. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე მოსაზრება გაცვლის ხელშეკრულებით ს. ზ-ის ოჯახის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კოტეჯის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება ს. ზ-ს გააჩნდა მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მისთვის სახელმწიფოს მიერ სათანადო სოციალური პირობების შექმნის მიზნით. შესაბამისად დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობა ვერ განხორციელდებოდა სკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ამდენად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის უფლება, რომელიც დევნილ პირს გააჩნდა სახელმწიფოს მიმართ, ვერ იქნებოდა დათმობილი დევნილი პირის მხრიდან, მით უფრო ავტომობილის სანაცვლოდ (რომლის გაფორმება ვ. შ-ის სახელზე საქმის მასალებით არ დასტურდება), ამგვარი შეთანხმება ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს. კოტეჯზე მესამე პირის სასარგებლოდ მოთხოვნის უფლების დათმობა ან გაცვლის ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია განხორციელებულიყო ს. ზ-ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ. ამასთანავე, მოსარჩელე, აწ. გარდაცვლილი ს. ზ-ი, თავის ჩვენებაში (ტ.4., ს.ფ.196) და განცხადებაში (ტ.4., ს.ფ. 256) აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო მ. ლ-ის ოჯახის წევრად და შემდგომში ოჯახის უფროსად რეგისტრაციის შესახებ, მას არ გაუცია თანხმობა მ. ლ-ის მისი კომლის წევრად რეგისტრაციაზე, ს. ზ-ი უარყოფდა რაიმე ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, აღნიშნავდა, რომ მას რ. გ-თან არავითარი ხელშეკრულება არ დაუდია. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების გამოცემის საფუძველი იყო კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული 12.05.2010წ. გაცვლის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად იგი გამოიცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20.09.2012წ. №20/09/01 განკარგულების საფუძველზე. სადავო ხელშეკრულების მხარეები არ არიან მ. მ-ე და რ. გ-ი. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორები არ არიან ის პირები, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებაც დაეკისრა მ. ლ-ს გასაჩივრებული ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 2.2. პუნქ.). ამდენად, განსახილველი დავის საგანს სარჩელის მიხედვით შეადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, კოტეჯის მესაკუთრედ აღიარება და არა გაცვლის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების რომელიმე მხარის მიერ შეუსრულებლობა. დავის საგნის მიღმა მხარეთა შორის არსებული რაიმე გარიგების არსებობა ვერ გახდება განსახილველ დავაში იმ პირთა ჩაბმის საფუძველი, რომლებიც მოცემული სამართალურთიერთობის სუბიექტები არ არიან. განსახილველ დავაში პირთა ჩაბმას განაპირობებს სადავო ურთიერთობის მონაწილედ ყოფნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული იქნა არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლებითაც საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მინიჭებისთვის რელევატურად იქნა მიჩნეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრება, საცხოვრებლის დაკარგვა და სხვა გარემოებები. აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მ. მ-ე და რ. გ-ი უფლებამოსილნი იყვნენ მიემართათ შესაბამისი სამსახურისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. მათი ინტერესი განაგრძონ ცხოვრება სადავო კოტეჯში არ განაპირობებს განსახილველ საქმეში, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მათი ჩაბმის საჭიროებას.
საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ვალდებულებაა. მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან საკუთარი კანონიერი ინტერესები, რომლებიც საქმეში არ არიან მოსარჩელე ან მოპასუხე მხარე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათ კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს (სასკ-ის 16.1 მუხ.) ან ისინი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან (16.2 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესი, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზაციის პროცესუალური საშუალებაა. მესამე პირად მოწვევის საფუძვლად განიხილება სამართლებრივი ინტერესის არსებობა, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან. საუბარია არა ყველა სახის ინტერესზე, არამედ სახელდობრ პირის სამართლებრივ ინტერესზე. მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს ძირითადად სამართლებრივი ინტერესების დაცვაა, სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. სავალდებულო (აუცილებელი) მოწვევის მესამე პირები მხარის უფლებებით სარგებლობენ, სავალდებულო მოწვევის მესამე პირი უთანაბრდება მხარეს. იურიდიული ინტერესი ქმნის პროცესში ჩაბმის საფუძველს, ხოლო ფაქტიურ ინტერესს (ანუ პირის მხოლოდ დაინტერესებას პროცესის შედეგით), რომლის არსებობა საქმის მიმართ უდავოა, ასეთი თვისება არ აქვს. იურიდიული ინტერესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას უნდა ახდენდეს უფლებებზე, პატივსადებ ინტერესებზე, ხოლო ფაქტობრივი დაინტერესება ასეთ შედეგებს არ იწვევს. სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის ურყევი კავშირი არსებობს, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. არ არის საკმარისი პირის განცხადება ინტერესის არსებობაზე, მისი არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს არა აბსტრაქტულ, არამედ რეალურ, კანონით დაცულ, პატივსადებ ინტერესს. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების ბოროტად გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი არ შეეხება მოპასუხის მ. ლ-ის და მისი მშობლების საერთო უფლებებს. კერძო საჩივრის ავტორების მიერ კერძო საჩივარზე დართული ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამონაწერი, რომელშიც მითითებულია, რომ მ. მ-ის და რ. გ-ის რეგისტრაციის მისამართია მცხეთა სოფ. ...ი №..., არ ქმნის მათი სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე დავაში მესამე პირად ჩაბმის საფუძველს. ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ლ-ისათვის საკუთრებაში გადაცემულ კოტეჯში პირთა ცხოვრება და აღნიშნულ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოშობს მითითებულ სახლზე საკუთრების უფლებას, არ ქმნის განსახილველ დავაში სასკ-ის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით მათი ჩაბმის საფუძველს. საჯარო რეესტრის მონაცემებით მ. მ-ე და რ. გ-ი არ არიან რეგისტრირებულნი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ. ლ-ს შორის საქართველოს პრეზიდენტის 20.09.12წ. განკარგულების საფუძველზე, 11.10.2012წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს მ. ლ-ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე #... სახლზე ფართით 472.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...), ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ მყიდველი ვალდებულია ს. ზ-ი და ვ. შ-ი უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. მ. მ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმის შესახებ საფუძვლიანი იქნებოდა უკეთუ მ. ლ-ს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ექნებოდა დაკისრებული. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებს არ გააჩნიათ მოპასუხის მ. ლ-ის მსგავსად პროცესში მონაწილეობის უფლება. განსახილველ დავაში არ იკვეთება კერძო საჩივრის ავტორების მატერიალური უფლების, კანონიერი ინტერესის არსებობა, ისინი არ არიან აგრეთვე განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილენი. მხოლოდ მხარის სურვილი ვერ გახდება მათი საქმეში ჩაბმის საფუძველი.
სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირის მოწვევა განპირობებულია იმ მოლოდინით, რომ პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი (სავალდებულო მესამე პირი). საერთო გადაწყვეტილების გამოტანა გულისხმობს სამართალურთიერთობაში პირის მონაწილეობას, სასამართლო გადაწყვეტილების ზემოქმედებას მის უფლებებზე ან კანონიერ ინტერესებზე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ რ. გ-ი და მ. მ-ე არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი. არ დასტურდება აგრეთვე საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაუბმელობის შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორთა სამართლებრივი დაცვის მიღმა დარჩენა, ვინაიდან სარჩელზე მოპასუხის სტატუსის მქონე მ. ლ-ი, რომლის ინტერესები მთლიანად ემთხვევა კერძო საჩივრის ავტორთა ინტერესებს, სრულად სარგებლობს პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარის ყველა უფლებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების, რ. გ-ის და მ. მ-ის სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად საქმეში ჩაბმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულთან ერთად, იმისათვის, რომ კერძო საჩივრის ავტორებს, როგორც სადავო კოტეჯის მაცხოვრებლებს, მიენიჭოთ გარკვეული საპროცესო უფლებები, კერძოდ, მიეცეთ უშუალოდ მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარდგენის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევას, პროცესის ეკონომიურობას, მისაღები გადაწყვეტილების პრეიუდიციული მნიშვნელობის გაზრდას, არ არის გამორიცხული კერძო საჩივრის ავტორთა ჩაბმა პროცესში სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. ამასთანავე, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს შეხედულების მიხედვით ხორციელდება, მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება (სასკ-ის 16.4 მუხ.), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმის წარმოებაში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ მოიცავს მოთხოვნას ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმის შესახებ, ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გზით კერძო საჩივრის ავტორთა სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ასეთი მოთხოვნა შესაძლებელია დაისვას სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, სასამართლოს მთავარი სხდომის დასრულებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება მიიღო, შესაბამისად, მ. მ-ის და რ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის და რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე