ბს-956(კ-18) 27 მაისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ამ“ 22.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 30.05.2016წ. N... გადაწყვეტილებისა და 30.05.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ საჩივრებზე ხელახლა მსჯელობის დავალების მოთხოვნით.
დავის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის, ამასთანავე, დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული, რაზეც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს კონტროლს. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „...ას“ მოსაზრება ტენდერის პირობების დისკრიმინაციული ხასიათის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობის მიხედვით საქართველოში მედიკამენტის დაშვების ორი მეთოდი არსებობს: ეროვნული რეგისტრაცია ან/და საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნების მიერ წამლის რეგისტრაცია, CPP სერთიფიკატის მიღება. დადგინდა, რომ სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2015-2016 წლებში გამოქვეყნებული ელექტრონული ტენდერების მონაცემების თანახმად, რიგ შემთხვევებში მოთხოვნილ იქნა საქართველოს მთავრობის N188 დადგენილების შესაბამისად, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული პროდუქტი, ხოლო ზოგ შემთხვევაში დამატებითი პირობები ფარმაცევტული პროდუქტისათვის დადგენილი არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული თუ აღიარებით რეჟიმით რეგისტრაცია არ განსაზღვრავს პროდუქციის ხარისხობრივ სხვაობას და არ უთითებს რომელიმე მათგანის უპირატესობაზე, ამდენად, ორივე პროდუქტის მიმართ უნდა შეიქმნას თანაბარი პირობები, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული იმთავითვე არ გამორიცხავს სატენდერო პირობებში რომელიმე ტიპის რეჟიმით რეგისტრირებულ მედიკამენტებზე მითითებას, რადგან სამედიცინო მუშაკები თავისუფლები არიან სამკურნალო პრეპარატების შერჩევისას, სწორედ ისინი განსაზღვრავენ იმ მედიკამენტებს, რომელთაც მკურნალობისას გამოიყენებენ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის ესა თუ ის პირობა ვერ იქნება განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შპს „...ას“ არ ერთმევა შესაძლებლობა უზრუნველყოს კონკრეტული მედიკამენტების საერთაშორისო რეჟიმით რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ. კასატორი თვლის, რომ ტენდერის დადგენილი პირობა დისკრიმინაციულია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 121.6 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. არსებული ბაზრის გადამოწმებით შესაძლებელია დადგინდეს ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დაშვების საფუძლები, მისი შემცველობა, მედიკამენტების წარმოშობის წყარო და ა.შ., რაც შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს პირობების იმდაგვარად ჩამოყალიბების შესძლებლობას, რომ უზრუნველყოს კონკრეტული სუბიექტის მედიკამენტების შესყიდვა. სასამართლოს განმარტების ძალაში დატოვების შემთხვევაში ხელი ეშლება ჯანსაღ კონკურენციას. მართალია ექიმი დამოუკიდებლად ირჩევს სამკურნალო საშუალებებს, თუმცა საქმეში არ არის დაცული იმის დამდგენი მტკიცებულებები, რომ კონკრეტული სატენდერო პირობები ექიმების რეკომენდაციების შედეგად ჩამოყალიბდა, ექიმისათვის მნიშვნელოვანია ხარისხიან მედიკამენტზე წვდომა და არა მედიკამენტის მწარმოებელი ქვეყანა ან წარმოშობის წყარო. შემსყიდველ ორგანიზაციას ყურადღება უნდა გაემახვილებინა მედიკამენტის ხარისხსა და შემადგენლობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება აღიარების რეჟიმით დაშვებული მედიკამენტის უპირატესობა ეროვნული რეგისტრაციის რეჟიმით დაშვებულ მედიკამენტთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავდა შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის, ამასთანავე, დადგენილი მოთხოვნები არ უნდა ყოფილიყო დისკრიმინაციული. განსახილველ შემთხვევაში ტენდერი გამოცხადდა სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით. ერთ-ერთ სატენდერო პირობად განისაზღვრა, რომ მედიკამენტი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 22.10.2009წ. N188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ან/და წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 22.10.2009წ. N188 დადგენილების დანართში აღნიშნული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის სერთიფიკატი (CPP).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა საქართველოს ბაზარზე წამლის დაშვებას ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმის შესაბამისად (114.1 მუხ.). ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმის გამოყენების საფუძველი იყო სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დიფერენცირება სანდოობის, საკუთარ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უნარის მიხედვით (114.2 მუხ.), სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიას მათ მიერ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის აღიარების მიზნით ადგენდა საქართველოს მთავრობა (117.2 მუხ.). აღნიშნული დანაწესის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 22.10.2009წ. N188 დადგენილების დანართით განისაზღვრა „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია“, რომელთა შორის მიეთითა სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო - ევროპის წამლების სააგენტო (EMEA) და გარკვეული ქვეყნების (მაგ.: აშშ, ავსტრია, ახალი ზელანდია, ბელგია და სხვ.) ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ევროპის წამლების სააგენტოს ან მთავრობის N188 დადგენილების დანართში მითითებული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია, განისაზღვრა ერთ-ერთ სატენდერო პირობად. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 121.6 მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. კასატორი სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მიიჩნევს სატენდერო პირობას დისკრიმინაციულად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნორმა კრძალავს წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითებას, ხოლო განსახილველ შემთხვევში სატენდერო პირობად დასახელდა არა მედიკამენტის კონკრეტულ ქვეყანაში წარმოება, არამედ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მთავრობის N188 დადგენილების დანართით განსაზღვრულ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთში (დანართში მითითება ხდება 37 ქვეყანაზე), ამასთანავე, კონკრეტულ ქვეყანაში ამათუიმ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია არ ადასტურებს ამ პროდუქტის წარმოებას რეგისტრაციის განმახორციელებელ ქვეყანაში. კასატორი არ უარყოფს, რომ მათ შორის შპს „...ასაც“ აქვს შესაძლებლობა საქართველოში წარმოებული მედიკამენტები დაარეგისტრიროს მთავრობის N188 დადგენილების დანართში მითითებულ ქვეყნებში. ამდენად, შპს „...ას“ აქვს საშუალება თავადაც აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მიერ დადგენილ პირობებს. გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, მათ შორის სადავო ტენდერის გამართვამდე და ამის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციასა და შპს „...ას“ შორის დაიდო არა ერთი ხელშეკრულება ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის შესახებ, რის გამო დასაბუთებას არის მოკლებული კასატორის მოსაზრება ტენდერის პირობების განზრახ იმდაგვარად ჩამოყალიბების შესახებ, რომ შესყიდვა განეხორციელებინა კონკრეტულ სუბიექტს. აღნიშნულ მოსაზრებას საფუძველს აცლის აგრეთვე ის გარემოება, რომ საქმის მასალების მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 141,179), სადავო ტენდერებში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი („…“, „ე…ა“), რომლებიც დადგენილ სატენდერო პირობებს აკმაყოფილებდნენ, თუმცა შემსყიდველისათვის შეთავაზებული სატენდერო პირობების გათვალისწინებით ტენდერებში გაიმარჯვა შპს „…ამ“.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების ალტერნატიული რეჟიმების არსებობა შემსყიდველ ორგანიზაციას - სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს აძლევდა შესაძლებლობას თავად განესაზღვრა თუ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი რეჟიმით რეგისტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს მიანიჭებდა უპირატესობას. გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 53.1 მუხ.). საექიმო საქმიანობის მიზანს შეადგენს მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება („საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ. „ა“ ქვ.პ.). პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმს უფლება აქვს გამოწეროს და/ან დანიშნოს ნებისმიერი აპრობირებული მედიკამენტი („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 51-ე მუხ.). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი („საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხ.). ამდენად, პაციენტთა მკურნალობის მიზნით კონკრეტული მედიკამენტების შერჩევა ხდება ექიმის პროფესიული გადაწყვეტილების შედეგად. მართალია სატენდერო პირობების დადგენას ახდენს შემსყიდველი ორგანიზაცია - იურიდიული პირი და არა მასში დასაქმებული ექიმები, თუმცა იურიდიული პირის სამართლებრივი ბუნებიდან და სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტებისათვის დადგენილი სტანდარტი სწორედ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის პროფესიულ მოსაზრებებს ემყარება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სადავო სატენდერო პირობებით შპს „...ას“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, მისი კანონიერი ინტერესების შელახვა. გასათვალისწინებელია, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2015წ. გაიმართა 22 ტენდერი, სადაც შემსყიდველი იყო სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპოტალი, აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში - თორმეტ ტენდერში შპს „...ამ“ მიიღო მონაწილეობა, ხოლო 12-დან 8 ტენდერში გაიმარჯვა. 2016 წელს ჩატარებული 32 ტენდერიდან, შპს „...ამ“ მონაწილეობა მიიღო დაახლოებით მესამედში - ათ ტენდერში და სამ მათგანში გაიმარჯვა. ამდენად, თავად შპს „...ას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს რიგ შემთხვევებში აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, მას ეძლევა ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შესაძლებლობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „...ა“ ვერ აკმაყოფილებს ყველა გამოცხადებული ტენდერის პირობებს ან ის, რომ ვერ ახერხებს ყველა გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებას, არ ადასტურებს შესაბამისი სატენდერო წინადადებების დისკრიმინაციულ ხასიათს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2018წ. განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.07.2018წ. N998 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი