Facebook Twitter

საქმე №ბს-1249(კს-19) 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე ნუგზარ სხირტლაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - ო. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ო. თ-მა 2011 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, რ. თ-ისა და გ. მ-ის მიმართ და რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების 1/3 წილის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

ო. თ-მა 2011 წლის 19 აგვისტოს განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნულთან ერთად მოითხოვა ასევე სახლის 1/3 წილისა და მის მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის თავის სახელზე დარეგისტრირება.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. თ-ის მიერ. საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 02 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ნოემრბის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (N...) 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის N... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ო. თ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის - ო. თ-ის სასარგებლოდ.

ო. თ-მა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გარემოებათა არსებობა, ო. თ-ის განცხადება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინება.

ო. თ-მა 2019 წლის 04 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და კვლავ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დახმარებით აღიდგინა თანამემკვიდრეობა მამისეულ სახლზე, მისი სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლება და სახლის წინ არსებული საეზოვე მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრირება დღემდე ვერ მოხერხდა. ო. თ-ის მითითებით, მოცემული ფართის რეგისტრაციაზე უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების 4.15 მუხლის საფუძველზე ეთქვა. ამდენად, განმცხადებელი ითხოვს ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რომელიც მისაღები იქნება გორის სააღსრულებო ბიუროსათვის და რომლის საშუალებითაც შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის 2019 წლის 04 სექტემბრის განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება; მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე დაიმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს N3ბ/811-12 გადაწყვეტილების საფუძველზე ისეთი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელიც გასაგები და მისაღები იქნება გორის აღსრულების ბიუროს აღმასრულებლისათვის მის წილ 1/3 სახლში შესახლების საკითხში. პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის N3ბ/1016-17 განჩინებზე, რომლითაც ცალსახად ირკვევა, რომ სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნაზე - გაცემული იქნეს ისეთი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გასაგები და მისაღები იქნება გორის აღსრულების ბიუროს აღმასრულებლისათვის მის წილ 1/3 სახლში შესახლების საკითხში. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებულ 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის Nბს-1093-1087(კს-17) განჩინებით, არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 04 სექტემბრის განცხადებით მხარე ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას არა სააღსრულებო ფურცელი დაკარგვის ან მხარეთა უფლებამონაცვლეობის გამო, არამედ მხარის მოთხოვნაა გაცემული იქნეს ისეთი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაეხმარება მის წილ 1/3 სახლში შესახლების საკითხში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, რადგან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის N3ბ/1016-17 განჩინებით და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის Nბს-1093-1087(კს-17) განჩინებით ცალსახად სახეზეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი. ო. თ-ის განცხადებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... და N... წერილებით უფლება მიეცა ხელახლა აიღოს სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების 4.15 მუხლის ცვლილების საფუძველზე. ახალი სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის ოჯახი შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. ო. თ-ის განცხადებით, მიუხედავად მამისეული სახლის 1/3 ნაწილზე მემკვიდრეობის აღდგენისა, ვერ ახერხებს მითითებულ ქონებაში შესახლებას, რის გამოც ითხოვს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. თ-მა 2017 წლის 15 მაისს განცხადებით (ტ. 8, ს.ფ. 2-4) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელიც მისაღები იქნებოდა გორის სააღსრულებო ბიუროსათვის და რომლის მეშვეობითაც ო. თ-ის ოჯახი შეძლებდა სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. აღნიშნული განცხადება უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩნებით, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 04 სექტემბრის განცხადებით ო. თ-ი კვლავ ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ისეთი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რომელიც გასაგები და მისაღები იქნებოდა გორის აღსრულების ბიუროსათვის მისი სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლების საკითხში. ამასთან, ო. თ-ის 2019 წლის 25 ოქტომბერს სააპელაციო პალატაში წარდგენილ კერძო საჩივარსა და 2020 წლის 17 თებერვალს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების 4.15 პუნქტის გამო ვერ ახერხებს სადავო სახლში შესახლებასა და საეზოვე ნაკვეთის რეგისტრირებას, რის გამოც ითხოვს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ იმსჯელა ო. თ-ის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის ან გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 04 სექტემბრის განცხადებით ო. თ-მა კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას მისთვის სასურველი შინაარსის ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი არ უთითებს ახალი საააღსრულებო ფურცლის გაცემის განსხვავებულ საფუძველზე. მის ინტერესს კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების მიზნით ისეთი ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს, რომელიც მისაღები იქნება გორის სააღსრულებო ბიუროსათვის და რომლის მეშვეობითაც ო. თ-ის ოჯახი შეძლებს სადავო სახლის 1/3 ნაწილში შესახლებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ ო. თ-ი განცხადება. კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის რაიმე განსხვავებულ საფუძველზე. ო. თ-ი კერძო საჩივარში აპელირებს მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ვერ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების უმართებულობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე