Facebook Twitter

ბს-1261(კ-18) 27 მაისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 29.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიმართ კომისიის საბჭოს 30.05.2016წ. N2459 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2015წ. N1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ 2.2 მუხლის თანახმად, როდესაც ტენდერს მინიჭებული ჰქონდა სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებისა და ქმედებების გასაჩივრება შესაძლებლად მიიჩნეოდა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამავე წესის 6.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბჭოს აპარატი დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, განიხილავდა საბჭოში შესული საჩივრის დასაშვებობის საკითხს და საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, დაუყონებლივ იღებდა ზომებს შესაბამისი შესყიდვის პროცედურების შესაჩერებლად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ამ“ საბჭოში საჩივარი წარადგინა 27.05.2016წ., 17:08 სთ-ზე - პარასკევს, ამდენად, საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმებულიყო არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა - ორშაბათს, 30.05.2016წ.. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბჭო შესყიდვის პროცედურებს აჩერებდა მხოლოდ საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში. ამდენად, მართალია შპს „...ას“ საჩივრის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დროს შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ჯერ არ იყო გაფორმებული, თუმცა 30.05.2016წ., საბჭოს მიერ საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს გამოვლინდა ხელშეკრულბის დადების ფაქტი, რაც საჩივრის დაშვების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ. კასატორი თვლის, რომ უგულებელყოფილ იქნა სახელმწიფო შესყიდვის პროცესისათვის განსაზღვრული პროცედურული ვადები, რომელთა დაცვის პირობებში, უზრუნველყოფილი იქნებოდა ვადაში წარდგენილი საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და განხილვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 15.5 მუხლის თანახმად, ტენდერისათვის სტატუსის - „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელი იყო ხელშეკრულების დადება. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმდა აღნიშნული ნორმის უგულებელყოფით, დადგენილ ვადაზე ადრე, რამაც გამოიწვია შპს „...ას“ საჩივრის განუხილველად დატოვება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. საქმის მასალების თანახმად, ტენდერს სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მიენიჭა 24.05.2016წ., 26.05.2016წ. იყო უქმე დღე, ისევე როგორც 28.05.2016წ. და 29.05.2016წ. (შაბათ-კვირა), ამდენად, 24.05.2016წ. შემდგომი სამი სამუშაო დღე იყო 25, 27 და 30 მაისი, რის გამო 2016 წლის 31 მაისამდე იკრძალებოდა ხელშეკრულების დადება. შპს „...ამ“ საბჭოში საჩივარი წარადგინა 27.05.2016წ., შესაბამისად მისი დასაშვებობის შემოწმება უნდა მომხდარიყო იმავე დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს - 30.05.2016წ.. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რადგან ხელშეკრულების კანონიერად გაფორმების შემთხვევაში, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ხელშეკრულების დადებამდე შესაძლებელი იქნებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, ტენდერისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებამდე, პრეტენდენტს შეეძლო გაესაჩივრებინა შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში (1-ლი პუნქტი). სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნებოდა საბჭო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრებოდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (41 პუნქტი). სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2015წ. N1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მიხედვით, თუ ტენდერს მინიჭებული ჰქონდა სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, გასაჩივრება შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე (2.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ხდებოდა დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (6.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ამ“ 27.05.2016წ.17:08 სთ-ზე წარადგინა საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამართეულ ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით. საჩივარი წარდგენილ იქნა ნორმატიულად დადგენილი ვადის დაცვით, ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების დადებამდე. საჩივრის დასაშვებობის საკითხი შემოწმდა მომდევნო სამუშაო დღეს - 30.05.2016წ., საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რადგან ამ დროისათვის უკვე გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა მოხდა 27.05.2016წ.- პარასკევს, ამდენად, მომდევნო სამუშაო დღე იყო 30.05.2016წ. - ორშაბათი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა უფლება საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეემოწმებინა 30.05.2016წ., მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის წარდგენა მოხდა 17:08 სთ-ზე.

კასატორის მოსაზრებით საჩივრის დაუშვებლად მიჩნევა გამოიწვია ხელშეკრულების არამართლზომიერად, პროცედურული დარღვევებით, ნორმატიულად დადგენილ ვადაზე ერთი დღით ადრე გაფორმებამ, რაც სადავო აქტის უკანონობას ადასტურებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 30.05.2016წ. გადაწყვეტილება, შემსყიდველ ორგანიზაციას - შპს „ა...ასა“ და მიმწოდებელს - შპს „პ...ას“ შორის 30.05.2016წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N.../ელ ხელშეკრულების კანონიერება განსახილველი დავის ფარგლებში სათანადო წესით სადავო არ გამხდარა, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 30.05.2016წ. N2459 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემოიფარგლება. ამდენად, საკასაციო პალატა განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს N.../ელ ხელშეკრულების მართლზომიერებას, მისი დადების პროცედურული წესების დაცვის საკითხს, ვერ იმსჯელებს მისი ბათილად ცნობის საფუძვლებზე. შესაბამისად, განსახილველი დავის მიზნებისათვის, N.../ელ ხელშეკრულება მიიჩნევა მართლზომიერად, რადგან არ დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა ან სათანადო წესით ხელშეკრულების სადავოდ გახდომა. ამდენად, მართალია საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა ნორმატიულად დადგენილ ვადაში, თუმცა მისი დასაშვებობის შემოწმებამდე განხორციელდა ხელშეკრულების დადება, რაც ქმნიდა საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში, სისტემაში შესყიდვების პროცედურები ჩერდებოდა საჩივრის დასაშვებად ცნობასთან ერთად და არა მანამდე (სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2015წ. N1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ 2.4 მუხ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინება;

3. შპს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.10.2018წ. N784 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე