Facebook Twitter

ბს-1291 (კ-18) 22 მაისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-მ 07.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 08.02.2013წ. N002-16 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.03.2013წ. N10710 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.04.2014წ. გადაწყვეტილების (N5753/2/13 საჩივარზე) და საქართველოს ფინასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.04.2014წ. გადაწყვეტილების ( N5685/2/13 საჩივარზე) ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.11.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2018წ. განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე არ არის ისეთი გარემოება, რომლის თაობაზეც მოსარჩელემ არ იცოდა ან ვერ ეცოდინებოდა ობიექტური მიზეზებით, მისი ბრალის გარეშე, ან რომლის წარდგენაც შეუძლებელი იყო დავის განხილვისას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ქ-ას მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოს 14.06.2012წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია მ. ქ-ას კანონით დადგენილი წესით. კასატორმა 14.06.2012წ. გადაწყვეტილებაზე 14.03.2013წ. შეიტანა საჩივარი, რომელიც დავების განხილვის საბჭოს 08.04.2014წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლით ადმინისტრაციული დავის განახლების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-ას ჩაბარდა დავების განხილვის საბჭოს 14.06.2012წ. გადაწყვეტილება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან გზავნილი ჩაბარდა ე. წ-ს, რაც მიჩნეულ იქნა მ. ქ-ასათვის ჩაბარებად. კასატორი მიუთითებს, რომ ინდ. მეწარმემ 2010 წლიდან შეწყვიტა საქმიანობა, შესაბამისად ე. წ-ი ვერ იქნება მიჩნეული უფლებამოსილ პირად, რომელსაც უნდა ჩაბარებოდა საწარმოსათვის გადასაცემი დოკუმენტები საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორი მიუთითებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შემოწმების აქტში დაფიქსირებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მ. ქ-ას არ ჰქონდა შეტანილი გაქირავებული ფართებიდან მიღებული შემოსავალი დასაბეგრ შემოსავლებში. მ ქ-ას აღრიცხული ჰქონდა მთლიანად ის შემოსავალი, რასაც იღებდა ფართების გაქირავების შედეგად. ეს ფართები გაქირავებული იყო პერიოდულად მეწარმეებზე. შემოსავლების სამსახურმა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე მიიჩნია, რომ ქირავნობა ხორციელდებოდა უწყვეტად და არ დაინტერესებულა დამქირავებლების ვინაობით, კონკრეტულად რა პერიოდში და რა ვადით იყო ფართები გაქირავებული და ა.შ. რეალობას არ შეესაბამება ასევე ის გარემოება, რომ საქონლის შესყიდვა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე განხორციელდა. მ. ქ-ას მიერ შეტანილ იქნა საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით, თუმცა საჩივარი ნამდვილად არ არის მოტივირებული იმ საფუძვლებით, რაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ხარვეზი და სწორად განემარტა მ. ქ-ასათვის მისი უფლებები და ვალდებულებები. გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას. გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს საერთო წესიდან და ადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების შესაძლებლობას. საჩივრის განხილვა მოიცავს სადავო საკითხის და გასაჩივრებული აქტების დადგენას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ პირს გაუწიოს დახმარება მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხის ზუსტად დადგენა უზრუნველყოფდა იმ ფაქტების გამოვლენას, რომ რეალურად მხარე ითხოვდა არა დავის განახლებას ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, არამედ ზოგადად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 06.09.2011წ. N15-04-03-3234 მიმართვისა და საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექპერტიზის დეპარტამენტის 07.09.2011წ. N409 დავალების საფუძველზე ამავე დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს მიერ, სისხლის სამართლის N074098002 საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით ჩატარდა ი/მ მ. ქ-ას 2005 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზია, რაზედაც 27.12.2011წ. შედგენილ იქნა აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2011წ. N2800 ბრძანება და 31.12.2011წ. N261 საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა მ. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.06.2012წ. გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 14.03.2013წ. მ. ქ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო 31.12.2011წ. N261 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.06.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 08.04.2014წ. გადაწყვეტილებით საჩივარი (N5685/2/3) არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე კოდექსის 299.7 მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა ან არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრის მიხედვით მ. ქ-ა არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერებას და ფართოდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას დარიცხვის უკანონობის შესახებ, რისი შესაძლებლობაც მას შეზღუდული არ ჰქონია მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება, რომ მ. ქ-ას მიერ საჩივარში მითითებული ფაქტები და გარემოებები წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომლის თაობაზეც კასატორმა არ იცოდა ან ვერ ეცოდინებოდა ობიექტური მიზეზებით, მისი ბრალის გარეშე, ან რომლის წარდგენაც შეუძლებელი იყო დავის განხილვისას. ამასთანავე, განსახილველი დავის საგანზე გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.06.2012წ. გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის შესახებ, რამეთუ იგი არ წარმოშობს დავის ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების მოთხოვნის საფუძველს და შესაბამისად არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 241.1 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2018წ. განჩინება;

3. მ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 07.12.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი