ბს-1304(კ-18) 27 მაისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ც-მა 26.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ საბურთალოს რაიონის გამგეობის 16.06.2015წ. N1215145607-47 აქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.09.2015წ. N628 ბრძანების ბათილად ცნობის და საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2016წ. გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ.ს-ი და ხ. გ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რ. ც-ის მიერ სადავო ფართით კანონიერი სარგებლობა, საქმეში დაცული არ იყო ბინის ორდერი, საბინაო წიგნი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ ფართზე მართლზომიერ სარგებლობას წარმოშობდა. სასამართლომ ასეთ დოკუმენტად არ მიიჩნია 90-იანი წლების დასაწყისში მოსარჩელის მეუღლის - ი. გ-ის ...ის ქ., სახლი N10-ში რეგისტრაციის დამდგენი დოკუმენტი, რადგან აღნიშნული არ ადასტურებდა რ. ც-ის მიერ ფართით მართლზომიერ სარგებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ც-ის მიერ.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, საქმის განხილვაში არასწორად ჩართო ნ. ს-ი და ხ. გ-ი. კასატორი მიიჩნევს, რომ იგი არის მოთხოვნილი ფართის კანონიერი მოსარგებლე, რადგან ათეული წლების განმავლობაში ფლობს ოჯახთან ერთად აღნიშნულ ფართს და სხვა პირს ფართთან დაკავშირებით თავის უფლებებზე პრეტენზია არასოდეს განუცხადებია. კასატორის მოსაზრებით კანონიერ სარგებლობას ადასტურებს თავისი მეუღლის პასპორტში მითითებული ინფორმაცია რეგისტრაციის მისამართის შესახებ. ამასთანავე, სადავო ფართის მიმდებარედ კასატორის ოჯახს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.14წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. ამდენად, კანონიერ მოსარგებლედ პირის მიჩნევის და შესაბამისად, ფართზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველია ორი კუმულატიური პირობის არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სარგებლობის უფლების წარმომშობი დოკუმენტი და კანონიერი სარგებლობის ფაქტი. კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობ დოკუმენტებს განეკუთვნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში კანონიერი სარგებლობის წარმომშობ დოკუმენტად კასატორი ასახელებს თავისი მეუღლის სახელზე გაცემულ სსრკ პასპორტს, რომლის თანახმად, ი. გ-ე ...ის ქ., სახლ N10-ში ჩაწერილი იყო 1991 წლის 30 მაისიდან 1995 წლის 01 ივლისამდე. მოსარჩელის მოსაზრებით სწორედ აღნიშნული ადასტურებს მისი მეუღლისათვის სადავო ფართის გადაცემას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსრკ პასპორტი შეიცავს ი. გ-ის ჩაწერის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, ხოლო განსახილველ დავაში მოსარჩელეა რ. ც-ი. ამასთანავე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეიცავს მითითებას ბინის ნომრის შესახებ, ხოლო საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ რ. ც-ს ...ის ქ. N10-ში საკუთრებაში უკვე აქვს აღრიცხული 13,75 კვ.მ. ფართი 2010 წლის 21 იანვრიდან. ამდენად, მოსარჩელის მეუღლის სსრკ პასპორტში ასახული ინფორმაცია არ წარმოშობს კონკრეტული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ რ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ უდავო არ არის რ. ც-ის ოჯახის მიერ კონკრეტული ფართის ფლობის ფაქტი და საფუძვლები, რადგან მართალია ი. გ-ისა და ნ. ქ-ის სახელით შედგენილი ხელწერილის მიხედვით რ. ც-ის ოჯახი ცხოვრობს სადავო ფართში (ს.ფ. 23), თუმცა საქმეში მესამე პირებად ჩართული თანამესაკუთრეები: რ. ს-ი და ხ. გ-ი უთითებენ რ. ც-ის მიერ ფართის თვითნებურად, უკანონოდ დაკავების შესახებ (ს.ფ. 212-219). ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ფლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უსასყიდლოდ მოპოვებისათვის აუცილებელია სარგებლობა იყოს კანონიერი, ეფუძნებოდეს კონკრეტულ უფლებაწარმომშობ დოკუმენტს. ამ უკანასკნელის არსებობა განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინება;
3. მ. ც-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.12.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი