საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1395(გ-19) 27 მაისი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სს „...ის“ საჩივრის განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:სს „...ამ“ 2019 წლის 11 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №2; №4; №5; №6; №8; №9; №11 და №12 დადგენილებების გაუქმება და საწარმოს მიმართ შედგენილი, №000421, №000422, №000420, №000304, №000146, №000147, №000416 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიმდინარე საქმისწარმოების, სადავოდ გამხდარი მითითებების ნაწილში, შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით სს „...ის“ საჩივარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 დადგენილების გაუქმებისა და №000422 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში - გადაგზავნილ იქნა განსჯად სასამართლოებში. მათ შორის, სს „...ის“ საჩივარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №5 და №12 დადგენილებების გაუქმებისა და №000420 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას. შედეგად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილებზე და მიუთითა, რომ №000420 და №000423 ოქმები შეეხება გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფსა და სოფელ სააკაძეში ჩადენილ დარღვევებს და საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ. ასეთად კი, №000420 და №000423 ოქმებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის ნაწილში მიჩნეულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმე ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, რომლის ადგილსამყოფელიც არის თბილისში. ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის - სს „...ის“ ადგილსამყოფელს, ასევე, წარმოადგენს თბილისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყველა სადავო ოქმის განხილვის შემთხვევაში დაცული იქნება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ის“ საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით სს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესის გამოყენებისთვის, სახელდობრ, დარღვევის ჩადენის ადგილას საქმის განსახილველად მნიშვნელოვანია, რომ სადავო იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ოქმებისა თუ დადგენილებების კანონიერება და ეს საქმისწარმოება არ იყოს დაწყებული ამავე კოდექსის 116-ე–125-ე, 1595–1599 მუხლების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „...ის“ მიმართ 2019 წლის 12 ივლისს შედგენილია №000420 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა საფუძველზეც საწარმოს გამოეცხადა გაფრთხილება. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა და ისინი გამოცემულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების კანონიერება, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს. ამასთანავე, ვინაიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი განსჯადობის სპეციალურ წესს არ ადგენს და ამავე კანონით გათვალისწინებული დარღვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი სამართალდარღვევები არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმებში. შესაბამისად, №000420 და №000423 ოქმების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განხილულ უნდა იყოს მათი ჩადენის ადგილას. კერძოდ, №000420 ოქმი შეეხება გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ჩადენილ სავარაუდო დარღვევას; №000423 ოქმი კი - გარდაბნის რაიონში, სოფელ სააკაძეში ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება დასახელებულ ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს დადგენას, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განსაზღვრულია 2 მოსამართლით, რომლებიც უფლებამოსილებას განახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ამდენად, ვინაიდან სადავო ტერიტორიაზე უფლებამოსილებას ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციით განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავებს, ტერიტორიული განსჯადობის წესების გათვალისწინებით, სს „...ის“ საჩივრის სადავო ნაწილში განხილვაზე უფლებამოსილი არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში. (იხ. მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის №ბს-3(გ-20) და 19 თებერვლის №ბს-1(გ-20) განჩინებები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საჩივარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №5 და №12 დადგენილებების გაუქმებისა და №000420 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე