ბს-82(კ-19) 11 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ხ-მა 07.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მატერიალური ზიანის - 50 211 ლარის და მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2018წ. გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რადგან სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ასევე ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღუარების მოთხოვნის შესაძლებლობას პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანის რეპუტაციის შელახვისას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მხოლოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურებას, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც. პალატამ სკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღება რეალურად იყო მოსალოდნელი, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ მოთხოვნილი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ზიანის მიმყენებელი ქმედების გამორიცხვის შემთხვევაში. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ავტომანქანის გამოყენება სარგებლის მიღების მიზნით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავად დ. ხ-ი ადასტურებს მართვის მოწმობის არქონას. სააპელაციო პალატამ სკ-ის 1008-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგან სადავო ქმედებები განხორციელდა 2007 წლის მაისში, მოსარჩელემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა 20.11.2010წ., ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 06.09.2017წ., რაც ადასტურებს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ხ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის დღიდან. მართალია სამართალდარღვევის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დ. ხ-ი ცნეს დაზარალებულად, თუმცა სასამართლოს არ გამოუკვლევია სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი. ხანდაზმულობის ვადის ათვლა არ უნდა დაიწყოს დაზარალებულად ცნობის ან გამოძიების დაწყების თარიღიდან. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება არ დასრულებულა და განზრახ ჭიანურდება. კასატორი თვლის, რომ ავტომანქანის ჩამორთმევით დაირღვა მისი საკუთრების უფლება, დაკარგა კონკრეტული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. სკ-ის 408-ე, 411-ე მუხლების თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ხ-ი სარჩელით ითხოვს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ავტომანქანის არამართლზომიერად ჩამორთმევის საფუძვლით. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს მხოლოდ პირის ნეგატიური მორალური განცდები, ფსიქოლოგიური ტანჯვა. არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში (სკ-ის 413-ე მუხ.), მაგ.: ჯანმრთელობის დაზიანებისას, საქმიანი რეპუტაციის შელახვისას და სხვ.. დ.ხ-მა ვერ დაადასტურა კონკრეტული არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებების შედეგად მისი ისეთი სამართლებრივი სიკეთისათვის ზიანის მიყენება, რომელიც მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
დ. ხ-ი ითხოვს აგრეთვე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას - 50211 ლარს, რომელიც მოსარჩელის მითითებით მოიცავს თავად ჩამორთმეული ავტომანქანის ღირებულებას და ავტომანქანის ჩამორთმევის შედეგად მოსარჩელის მიერ მიუღებელ შემოსავალს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სკ-ის 408.1 მუხ.), ამასთანავე, ზიანის ფულადი ანაზღაურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები (სკ-ის 409-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დ. ხ-ს არ წარმოუდგენია იმისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნატურით დაბრუნება შეუძლებელია. მართალია დ. ხ-ი უთითებს კონკრეტულ პირებზე, რომლებმაც არამართლზომიერად ჩამოართვეს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება და ხელს უშლიდნენ მის დაბრუნებაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამჟამად დ. ხ-ისათვის ავტომანქანის დაბრუნების შეუძლებლობას დაადასტურებს, მაგ.: უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი უარი სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე. ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, როდესაც სათანადო წესით არ არის დადასტურებული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შეუძლებლობა, არ არის დასაბუთებული.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), სწორედ მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს იგი თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.). სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ დ. ხ-ი ახდენდა ავტომანქანის გამოყენებას სამეურნეო და კომერციული მიზნით, ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად, რის შედეგად იღებდა ყოველთვიურ შემოსავალს სულ მცირე 500 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებებს დაადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში თავად მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების მიხედვით, ავტომანქანა ჩამორთმევამდე თვეების განმავლობაში იყო გაუმართავი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14.07.2016წ. წერილის თანახმად, შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, დ. ხ-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა გაცემული არ არის, ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა დ. ხ-ის სახელზე აღრიცხული. მართვის მოწმობის არქონას, სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე აღურიცხაობას და განუბაჟებლობას დ. ხ-იც ადასტურებს გაცემულ ახნა-განმარტებებში. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას რეგულარულად იყენებდა კომერციული და სამეურნეო მიზნით, ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად, რის შედეგად იღებდა შემოსავალს, არ არის დასაბუთებული. მართალია ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც (სკ-ის 411 მუხ.), თუმცა მიუღებლად ითვლება მხოლოდ ისეთი შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა არამართლზომიერი ქმედების არარსებობის შემთხვევაში. კასატორს არ წარმოუდგენია კომერციული საქმიანობის დამდგენი მტკიცებულებები, კონკრეტული მოგების ოდენობის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია, დ. ხ-ი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ის ავტომანქანის საშუალებით ეწეოდა ლეგალურ სამეწარმეო საქმიანობას, რაშიც მას მანქანის ჩამორთმევამ შეუშალა ხელი, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებები არ ქმნიდა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, მოსარჩელის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა - ..., 1993წ., არ არის სატვირთო ტიპის, რის გამო მის ჩვეულებრივ გამოყენებად არ მოიაზრება ტვირთის (როგორც მოსარჩელე უთითებს:საზამთროს, ხორბლის, ყურძნის და სხვ.) გადაზიდვა კომერციული მიზნით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დ. ხ-ის მფლობელობიდან მანქანა გამოვიდა 2007 წლის მაისში, ხოლო დ. ხ-მა დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციის უფროსს მიმართა სამ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ - 20.11.2010წ., 20.12.2010წ. დაიწყო წინანსწარი გამოძიება. სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღიძრა 07.09.2017წ., ამასთან, მოსარჩელის ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ სატრანსპრორტო საშუალების ავტოსადგომზე გადაყვანის შესახებ შეიტყო მანქანის ჩამორთმევის მომდევნო დღეს, ხოლო აღნიშნულის განმახორციელებელ კონკრეტულ სუბიექტებზე ინფორმაცია ჰქონდა იმთავითვე. აღნიშნულის მიუხედავად წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დ. ხ-ი უთითებს, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, თუმცა ვერ ასაბუთებს სარჩელის არახანდაზმულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას. კასატორის მითითება საკითხის მომწესრიგებელი ნორმების (სკ-ის 992-ე, 997-ე, 408-ე, 411-ე) დისპოზიციებზე არ ქმნის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, არ ასაბუთებს აღნიშნული მოთხოვნების საფუძვლიანობას. რაც შეეხება დ. ხ-ის მითითებას ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის დადგენის საჭიროებაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ხ-ი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში თავადვე ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული, ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების გაჭიანურების საკითხზე და აქედან წარმოშობილ შესაძლო ზიანზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს დავა, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე