ბს-927 (3კ-18) 11 ივნისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და შპს „…ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. დ-ემ 08.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.12.2015 წ. №796 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „…ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. დ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.12.2015 წ. №796 ბრძანებები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არქიტექტურის სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ ლ. დ-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტებისადმი შპს „…ის“ კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ შპს „…ისთვის“ მშენებლობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენისას ცნობილი იყო, რომ მის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის დემონტაჟი ეწინააღმდეგებოდა გასაჩივრებული აქტების გამოტანის პერიოდში, აგრეთვე ამჟამად მოქმედ კანონმდებლობას. პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა შპს „…ის“ კანონიერი ნდობის არსებობას, რის გამოც მართებული არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „…ის“ კანონიერ ნდობაზე მითითებით უკანონო აღმჭურველი აქტის ძალაში დატოვების თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აქტის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით. გასაჩივრებული სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი მშენებლობის წარმოებასთან ერთად ითვალისწინებდა არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს, რაც კანონმდებლობით იყო დაუშვებელი. აღნიშნული გარემოება ადასტურებდა გასაჩივრებული აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „…ის“ კანონიერი ნდობა გასაჩივრებული აქტებისადმი, რაც უკანონო ადმინისტრაციული აქტის შენარჩუნების საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გარემოებები ქმნიდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ გასაჩივრებული აქტების კანონიერებას არ ადასტურებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ ძეგლი უკვე დემონტირებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, მათი კანონიერების შემოწმებისას დავის გადაწყვეტაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა დავის განხილვისას ძეგლის დემონტაჟის და სტატუსის მოხსნის საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „…იმ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. შპს „…ი“ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან შპს „…ის“ გააჩნდა კანონიერი ნდობა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების მიმართ, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შპს „…იმ“ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად გასწია ხარჯი, განახორციელა მთელი რიგი სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც მისი მხრიდან დაიხარჯა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების ბათილად ცნობით შპს „…ის“ მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შპს „…ის“ კანონიერ ნდობის არარსებობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტების გამოცემას საფუძვლად არ დასდებია შპს „…ის“ უკანონო ქმედება, სამშენებლო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია გააჩნდა არქიტექტურის სამსახურს, აღნიშნულის თაობაზე მითითებულია შპს „…ის“ მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაშიც. ამდენად, სამშენებლო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი იყო ორივე მხარისთვის. ამდენად, ორმხრივად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა შენობის სტატუსი, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი, აგრეთვე სამართლებრივი ნორმები, არ შეიძლება გახდეს კანონიერი ნდობის გაქარწყლების საფუძველი. კანონიერი ნდობა არ არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარემ უკანონო მოქმედების განხორციელების გზით (მაგ.: ყალბი დოკუმენტის წარდგენა, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.) შეცდომაში შეიყვანა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას დაეყრდნო და მხარემ ამგვარად მოიპოვა რაიმე უფლება. ამასთანავე, მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით განცხადების წარდგენა უკანონო მოქმედება არ არის. აღნიშნულის თაობაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა (სუსგ 28.03.2012წ. ბს-1153-1142 (კ-11), 03.02.2015წ. ბს-428-423 (კ-14), 10.12.2015წ. ბს-229-225 (კ-15), 29.06.2017წ. ბს-226-224 (კ-17)). გარდა ამისა, გასაჩივრებული აქტებით მესამე პირთა ინტერესები არ ილახება, ლ. დ-ემ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ დაასაბუთა საკუთარი ინტერესის არსებობა, ხოლო სადავო აქტების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვაზე ვალდებულების მქონე ორგანოს - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. საქმეში დაცულია ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ...ას …-ში მდებარე №3 შენობას სავარაუდოდ შეცდომით აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ვინაიდან შენობა არ იყო ღირებული კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, მას გააჩნდა დაბალი მხატვრული ღირებულება. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დავის გადაწყვეტისას ძეგლის დემოტაჟის და მისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხის არარელევანტურობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა ძეგლის დაცვის მიზნით დაუსაბუთებელია, რადგან ძეგლი აღარ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ იხელძღვანელა სამშენებლო კანონმდებლობით, რასაც შედეგად უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სსიპ არქიტექტურის სამსახური საკასაციო საჩივრებში მიუთითებენ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების კანონიერების გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარის კანონიერ ნდრობას და აქტის ბათილად ცნობით მხარისათვის მიყენებულ ზიანს. არ არსებობს შპს „…ის“ კანონიერი ნდობის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, სამშენებლო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის თაობაზე ცნობილი იყო სსიპ არქიტექტურის სამსახურისთვის, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას შეიცავდა აგრეთვე შპს „…ის“ მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ამდენად, ადგილი არ ჰქონია მხარის უკანონო მოქმედებას, შესაბამისად არ არსებობს კანონიერი ნდობის გაქარწყლების საფუძველი. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანება არ ითვალისწინებს შენობის დემონტაჟს, გარდა ამისა, დღეისათვის ძეგლს მოხსნილი აქვს სტატუსი, ვინაიდან ის დემონტირებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რაში გამოიხატება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო პირთა ინტერესისთვის ზიანის მიყენება. აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობისთვის სავალდებულო პირობაა არსებითი ზიანის არსებობა, რამაც შესაძლოა გადასწონოს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა. ამგვარი ინტერესის არარსებობის გათვალისწინებით დაუსაბუთებელია მხარის კანონიერი ნდობის უგულებელყოფა და აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დავის საგანია ქ. თბილისში, ...ას ქ. N…-ში მრავალფუნქციური მე-4 კლასის … სართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების, აგრეთვე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.12.2015წ. №796 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე მხარეებს შორის წარსულში მიმდინარე დავა ეხებოდა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ქ. თბილისის მერის განკარგულების კანონიერებას. ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე. მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ გამოკვლევას საჭიროებდა მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის: მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების მიღებისას სამშენებლო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობის და ბრძანებით აღნიშნული ძეგლის დემონტაჟის საკითხები, აგრეთვე მითითებული იქნა საკითხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესაბამისად გადაწყვეტის აუცილებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.12.2015წ. №796 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების მიღებისას ქ. თბილისში, ...ას ქ. №…-ში არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა №3, რომლის დემონტაჟი გათვალისწინებული იყო ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანებით. მერიის ბრძანებით დადასტურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟის კანონშეუსაბამობა, თუმცა შპს „…ის“ კანონიერ ნდობაზე მითითებით მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები. აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობდა შპს „…ის“ კანონიერი ნდობა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების მიმართ, ვინაიდან მისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების წარდგენისას უკვე ცნობილი იყო, რომ მის მიერ მშენებლობის წარმოება გამოიწვევდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დემონტაჟს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დასაშვებად მიიჩნია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ დადასტურებულია სამშენებლო ტერიტორაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა, აგრეთვე დადასტურებულია გასაჩივრებული აქტით მისი დემონტაჟის გათვალისწინება, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძეგლის შენარჩუნების და დაცვის ვალდებულებას. კანონით გათვალისწინებულია ძეგლზე მხოლოდ იმგვარი სამუშაოების წარმოება, რაც მიზნად ისახავს ძეგლის შენარჩუნებას, ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესებას. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა (26.1 მუხ.). საქმის მასალებით არ დასტურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების კანონმდებლობით დადგენილი მიზნით შესრულება. შპს „…იმ“ უგულებელყო ამავე კანონით დადგენილი ვალდებულება - არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება (28.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირი მიიჩნევა ბრალეულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში უკეთუ იურიდიულ პირს ჰქონდა დადგენილი წესების და ნორმების დაცვის შესაძლებლობა, მაგრამ პირის მიერ არ იქნა მიღებული ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მათ დასაცავად, დარღვევის თავიდან ასაცილებლად (სუსგ 14.07.2015წ. ბს-504-491(2კ-14)). გარდა ძეგლის მესაკუთრის მხრიდან ძეგლის დაცვის ვალდებულების უგულებელყოფისა აღნიშნული ვალდებულება უგულებელყოფილი იქნა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, სადავო 26.12.2012წ. №450087 ბრძანების გამოცემით. ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე დაშვებული იქნა იმგვარი სამუშაოს შესრულება (დემონტაჟი), რასაც შედეგად ძეგლის განადგურება მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ძეგლის განადგურება არ მოჰყოლია სხვა სამუშაოს შესრულებას, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (ძეგლის განადგურების) გარდაუვალობა ცნობილი იყო შპს „…ისთვის“. აღნიშნული მოქმედება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც ადასტურებს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.12.2012წ. №450087 ბრძანების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება – დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, ასეთ შემთხვევაში აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი ექვივალენტური - ნდობის დაცვის პრინციპის თვალსაზრისით. საკითხი წყდება ორი პრინციპის შეპირისპირებით, აქტის ფორმის და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით (სუსგ 28.03.2012წ. ბს-1153-1142 (კ-11)). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა ადასტურებს დარღვევის სიმძიმეს, რის გამოც იგი გადაწონის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმჭურველ ხასიათს. გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას არ ადასტურებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების თაობაზე ორივე მხარის ინფორმირებულობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ვალდებულება აქვს ძეგლის მესაკუთრეს, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამდენად, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფა მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველად.
საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობას არ ადასტურებს იმ გარემოებაზე მითითება, რომ დავის განხილვის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ არსებობდა და №3 შენობას შეცდომით ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მასზედ, რომ აქტის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ვალდებულება კანონით გათვალისწინებული იყო გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძეგლს სტატუსი მოეხსნა მას შემდეგ, რაც იგი დემონტირებული იქნა. ძეგლს სტატუსი მოეხსნა საქართველოს მთავრობის 20.04.2015წ. №807 განკარგულებით, შპს „…ის“ განცხადების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ძეგლი აღარ არსებობდა (ტ.2.ს.ფ.44-45). შესაბამისად, დასტურდება, რომ ძეგლს სტატუსი და სტატუსის შესაბამისი დაცვის გარანტიები განსაზღვრული ჰქონდა მისი არსებობის მანძილზე. უკეთუ ძეგლს არ გააჩნდა კანონის დადგენილი კულტურული ან ისტორიული ღირებულება, ძეგლის მესაკუთრეს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება მოეთხოვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხ.). საქმის მასალებით არ დასტურდება ძეგლის დემონტაჟამდე ამგვარი მიმართვა და ძეგლის სტატუსის მოხსნა ძეგლის შესაბამისი ღირებულების არ ქონის საფუძვლით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მთავრობის დადგენილებით მინიჭებულ სტატუსს ვერ დაუკარგავს ხელოვნებათმცოდნის მოსაზრება, რაზეც კასატორები მიუთითებენ. მითითებული მოსაზრებები ვერ გააქარწყლებს ძეგლის მესაკუთრის და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ვალდებულებებს და კანონმდებლობით ძეგლის დაცვის მიზნით დაწესებულ გარანტიებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას არ ადასტურებს შპს „...ის“ მითითება მასზედ, რომ მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად გასწია ხარჯი, განახორციელა მთელი რიგი სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც მისი მხრიდან დაიხარჯა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. საქმის მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობით შპს „…ისთვის“ იმგვარი ზიანის მიყენება, რაც უკანონო აღმჭურველი აქტის შენარჩუნებას განაპირობებდა. ასეთად ვერ ჩაითვლება სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისთვის ხარჯის გაღება. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება შპს „…ის“ მიერ მშენებლობის წარმოება.
დივერგენტულობას არ ადასტურებს კასატორების მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. არ დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიღება. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. სასამართლოს მიერ დავა წყდება კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი შეფასების გზით. არ დასტურდება კასატორების მიერ მითითებული განჩინებებით იდენტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. საერთო კონტექსის გათვალისწინების გარეშე, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ფრაგმენტულად მითითება არ ადასტურებს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…ის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…ის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. გადაწყვეტილება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2018წ. №01602 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. შპს „…ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2018წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე