საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-150(კ-20) 3 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორები - ზ. მ-ი, გ. ჯ-ი, რ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2018 წლის 15 მაისს ზ. მ-მა, გ. ჯ-მა და რ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის N..., №... და №... გადაწყვეტილებების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა, ასევე, იშუამდგომლეს დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე მათთვის დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ. ვინაიდან, პირადობის მოწმობის გარეშე შეუძლებელია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის მიმართ დავის დასრულებამდე გასცეს დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის დროებითი განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. მ-მა, გ. ჯ-მა და რ. ჭ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ზ. მ-ის, გ. ჯ-ის და რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. მ-მა, გ. ჯ-მა და რ. ჭ-ემ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორებს – ზ. მ-ს, გ. ჯ-სა და რ. ჭ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ კასატორებს - ზ. მ-ს, გ. ჯ-სა და რ. ჭ-ეს 2020 წლის 27 თებერვალს და ჩაჰბარდათ: გ. ჯ-ს (პ/ნ ...) - 2020 წლის 28 თებერვალს, ზ. მ-ს - (პ/ნ ...) 2020 წლის 4 მარტს, რ. ჭ-ეს განმეორებით გაგზავნის (2020 წლის 7 აპრილი) შემდეგ (პ/ნ ...) - 2020 წლის 13 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი გ. ჯ-ს (პ/ნ ...) ჩაჰბარდა 2020 წლის 28 თებერვალს, ზ. მ-ს (პ/ნ ...) - 2020 წლის 4 მარტს, რ. ჭ-ეს (პ/ნ ...) - 2020 წლის 13 აპრილს, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა გ. ჯ-ს დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან, ზ. მ-ს - 2020 წლის 5 მარტიდან, ხოლო რ. ჭ-ეს - 2020 წლის 14 აპრილიდან. კასატორებმა კი, მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც აღნიშნული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსთვის. რაც საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ის, გ. ჯ-ის და რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის, გ. ჯ-ისა და რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე