გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 474-აპ 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მარტის განაჩენში.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მარტის განაჩენით გ. ბ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, სსკ-ის 61-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, განსაზღვრული სასჯელის ნაწილი – 3 წელი დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით გ. გ. და ზ. ჩ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლის ვადით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 4 თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. რაიონული სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. სამივე მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2004წ. 25 სექტემბრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აგვისტოს განჩინებით ამავე სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა სასჯელის ათვლის ნაწილში და გ. ბ-ს, გ. გ-სა და ზ. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2004წ. 26 სექტემბრიდან.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
განაჩენით გ. ბარბაქაძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 19 სექტემბერს გ. გ-მ, გ. ბ-მ და ზ. ჩ-მა მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ხაშურის რკინიგზის სატვირთო ეზოში მდგარი ამორტიზირებული ვაგონის ძარა დაეჭრათ, დაუფლებოდნენ ფარულად, ჩაებარებინათ ჯართის სახით და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ურთიერთშორის გაენაწილებინათ.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მეორე დღეს, 20 სექტემბერს, დილით, სამივე მივიდა ხაშურის რკინიგზის სატვირთო ეზოში. თან მიიტანეს ლითონის საჭრელი მოწყობილობა და მისი გამოყენებით გ. ბარბაქაძემ სატვირთოს ეზოში მდგარ შპს „საქართველოს რკინიგზის” ხაშურის სავაგონო დეპოს ბალანსზე რიცხულ, ამორტიზირებულ, ¹..... ვაგონის ძარას ჩამოაჭრა ერთი მხარე და დაანაწევრა. ლითონის ნაჭრები გ. გ-მ და ზ. ჩ-მა შეაგროვეს ერთ ადგილზე. შემდეგ ხაშურის რკინიგზის სადგურიდან სამივე ტაქსით ჩავიდა ავტოსადგურზე, სადაც დაიქირავეს მ. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ¹.., „უაზის” მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დატვირთეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ვაგონის ძარას ნაჭრები, გადაიტანეს და ჩააბარეს ხაშურში, ... მდებარე, ყოფილი მანქანა-ტრაქტორების სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში. მწონავმა ე. კ-მ ჯართის აწონვისა და მიღების შემდეგ გ. ბ-ს, ზ. ჩ-სა და გ. გ-ს 2480კგ ჯართში გადაუხადა 372 ლარი. მიღებული ფულიდან მანქანის მძღოლ მ. მ-ს გადაუხადეს 30 ლარი. გ. გ-მ და ზ. ჩ-მა გაისტუმრეს ვალები და სხვა ხარჯები, დარჩენილი 159 ლარი კი სამივემ გაინაწილა.
თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით მსჯავრდებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზის” ხაშურის სავაგონო დეპოს მიაყენეს 325 ლარის მატერიალური ზიანი.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ბ..ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ნ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით მთლიანადაა დადასტურებული გ. ბ-ს ბრალი მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს.
განაჩენის დადგენისა და სასჯელის განსაზღვრის დროს სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა გ. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, ხასიათდება დადებითად, სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი და შეუფარდა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო გ. ბ-ს აღიარება და საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისთვის შეფარდებული სასჯელი შეამცირა ერთი მესამედით – ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთამდე, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 4 თვის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ. ბ-სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია, სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათს და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი, მით უფრო, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.