საქმე №ბს-1443(კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ამ 2018 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩერლემ „გ. ბ-ას წარმომადგენლის გ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის №36 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 დეკემბრის №36 ბრძანება „გ. ბ-ას წარმომადგენლის გ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანეს გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ბ-ას მიმართ 2016 წლის 8 ნოემბერს შედგა მითითება №002049, რომლითაც დგინდება, რომ თბილისში, ...ოს №...-ის (საკადასტრო კოდი: N...- ის) მოპირდაპირედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გ. ბ-ას მიერ განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ - კლდის მოჭრის სამუშაოები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ბ-ას მიმართ 2016 წლის 18 ნოემბერს შედგა მითითება №002104, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ოს №...-ის (საკადასტრო კოდი: N...-ის) მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე გ. ბ-ას მიერ მოწყობილია შლაგბაუმი, ხოლო საფეხმავლო ტროტუარზე მოწყობილია ლითონის ბარიერები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ზემოაღნიშნულ შლაგბაუმის და ლითონის ბარიერების დემონტაჟი უსაფრთხობის წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 (სამი) კალენდარული დღე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №002104 გ. ბ-ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ბ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 26 ნოემბერს ასევე შედგა შემოწმების აქტი №002049 გ. ბ-ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ბ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მიღებული იქნა დადგენილება №002104 „სამშენებლო სამართალდაღვევის საქმეზე“, რომლითაც გ. ბ-ა დაჯარიმდა 10.000 (ათიათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ოს ქუჩა №...-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი №...-ის მიმდებარედ), სახელმწიფო ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე შლაგბაუმის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე ლითონის ბარიერების უნებართვოდ განთავსებისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით, გ. ბ-ას დაევალა ქ. თბილისში, …ოს ქუჩა №...-ის მიმდებარედ (საკ. კოდი №...-ის მიმდებარედ) სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული (მოწყობილი) ობიექტების (გზის სავალ ნაწილზე განთავსებული შლაგბაუმის, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე განთავსებული ლითონის ბარიერების) დემონტაჟი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №002104 დადგენილება, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N002049 დადგენილება გ. ბ-ას გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 6 თებერვალს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ...ი N5 და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი, უკან დაუბრუნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 24 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1 მარტის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №002104 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის №002049 დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება გ. ბ-აზე ვერ მოხერხდა, რადგან გ. ბ-ა არ იმყოფებოდა ობიექტზე, რის გამოც დადგენილებები განთავსდა ოფისის ფასადზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი, რომელიც არეგულირებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შექმნილი მთელი რიგი წერილობითი დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემის საკითხებს და ადგენს, რომ წერილობითი დოკუმენტი (მათ შორის დადგენილება) ადრესატს უნდა გაეცნოს ამ დადგენილების მისთვის პირადად ჩაბარების გზით, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა უტოლდება ამ წერილობითი დოკუმენტის ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ნორმით დაკისრებული ვალდებულებები/მოქმედებები უნდა შეასრულოს სწორედ იმ თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც არის ეს წესები ასახული ნორმაში, კერძოდ-წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის როგორც საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა, გააცნოს დადგენილება ადრესატს ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით, აღმოჩნდება უშედეგო. საკითხი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადრესატისათვის დადგენილების გაცნობა ამ დოკუმენტის მისთვის პირადად ჩაბარების გზით, მოწესრიგებულია როგორც საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ასევე თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვეყნების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც. ამგვარად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №002104 დადგენილების და „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 იანვრის N002049 დადგენილების გ. ბ-აზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე ოფიციალური გაცნობის წესით არ მომხდარა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის დანაწესი, არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ბ-ას (წარმომადგენელი გ. თ-ე) მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადო შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის - ბ. ბ-ის ახსნა-განმარტებას და ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 26 ივლისის №MOC1 17 00574077 წერილს.
ასევე, არ არსებობს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასაციის მიზეზების გაზიარების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (იხ. სუს. განჩინება №ბს-236-234(კ-16) 18.12.17წ.).
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე